თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან

თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან

თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელთან, ჯემილ ჩიჩექთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

უსუფაშვილმა თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი იყო და რჩება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ ქვეყნად.

"საქართველოს პარლამენტს პატივი აქვს უმასპინძლოს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული ანსამბლეის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩეკს, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამობრძანდა და ეს არის ბოლო ოცი წლის მანძილზე თურქეთის პარლამენტის ხელმძღვანელობის პირველი ვიზიტი. ჩვენ გვქონდა მეგობრული, საქმიანი და სასარგებლო შეხვედრა, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კურსისადმი ერთგულება. აღვნიშნეთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების დონეზე ჩამოყალიბებული ძალიან მჭიდრო სათანამშრომლო გარემო და შევთანხმდით იმაზეც, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება. ჩვენ დავეთანხმეთ თავმჯდომარის ფორმულას, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შეიძლება აღიწეროს, როგორც მეტი, ვიდრე მეზობლობა და ავღნიშნეთ, რომ თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან არა მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენ მადლობა მოვახსენეთ ჩვენს სტუმრებს იმ პოლიტიკისთვის, რასაც თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი აღიარების მიმართულებით ატარებს. კმაყოფილება გამოვხატეთ, რომ თურქეთის ხელისუფლება იჩენს მზადყოფნას, შეასრულოს მეტი პოზიტიური როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად - კერძოდ, საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი კომფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა საკითხში, რასაც საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები ეხება, იგულისხმება აზერბაიჯანი და მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები უფრო და უფრო სასარგებლო და ხელსაყრელი ხდება.