ადვოკატი:  თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ

ადვოკატი: თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბარლდებით დააკვეს,  დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ, - ამის შესახებ გლდანის ციხეში დააკავებულების მონახულების შემდეგ ადვოკატმალევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, ხუთივე პირი ამ დრომდე კარანტინის განყოფილებაში იმყოფება. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დღეს მაინც მოხდება მათი საკნებში გადაყვანა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაკავებულებს ხომ არ ჰქონიათ საუბარი ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლაზე, ადვოკატმა უპასუხა, რომ მსგავსი განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ. ადვოკატის თქმით, ხუთივე მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ითხოვს მათი დაკავების საქმეზე გრიფი მოიხსნას.

"ვინაიდან პროკურატურამ გაკეთებული საჯარო განცხადებით, შავი პიარით გაახმაურა საიდუმლო მასალები, ამ საქმეზე გრიფის არსებობას აზრი აღარ აქვს. თუკი არ მოხდება გრიფის მოხსნა, ჩვენ ვერ განვახორციელებთ სრულფასოვან დაცვას. Aფაქტობრივად, ეს ხალხი მტკიცებულებების გარეშე იმყოფებიან. ისევე როგორც ჩემი, მათი მოთხოვნაც არის, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გასაჩივრდა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ "ოდნავ სამართლიანობის პირობებში, მისი საჩივარი დაკმაყოფილდება".

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.