თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ მრგვალი მაგიდა იმართება

თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ მრგვალი მაგიდა იმართება

საქართველოს პარლამენტში თემაზე: "საპარლამენტო ზედამხედველობა თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე" მრგვალი მაგიდა მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ორგანიზებით იმართება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონფერენცია დაახლოებით 7-8 თვის წინ დაიგეგმა და მას თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლი არის პარლამენტის მნიშვნელოვანი უძლიერესი ინსტრუმენტი, რათა ერთი მხრივ, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ნდობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მიმართ, მეორე მხრივ კი, პარლამენტს ჰქონდეს ძირითადი სადავეების კონტროლის საშუალება, რათა უსაფრთხოების სექტორი სრულად უზრუნველყოფდეს კანონმდებლობის გატარებას შესაბამისი ისნტიტუტების მმართველობის პირობებში", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

შეხვედრას ესწრებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საერთაშორისო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

"უნდა ვიმსჯელოთ საპარლამენტო როლზე კანონებთან მიმართებაში, მათი აღსრულების მიმართულებით. მეტი პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის – ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდა ეთმობა უსაფრთხოების ინსტიტუტებზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით არსებულ მდგომარეობას, საერთაშორისო პრაქტიკას და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გამოცდილებას.