თავდაცვის სამინისტროსთვის საქმესთან დაკავშირებული მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს

თავდაცვის სამინისტროსთვის საქმესთან დაკავშირებული მასალები ხელმისაწვდომი უნდა იყოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები.

ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განუცხადა, სადაც, დიპლომატებთან ერთად, ბიუროს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა.

"ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს, როგორც მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საუბრებს, ასევე თავად საქმის მიმდინარეობას. ნებისმიერ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვა მოხდეს მართლმსაჯულებისა და კანონის პრინციპების სტანდარტების სრული დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცვისთვის ხელმისაწვდომი იყოს საქმესთან დაკავშირებული მასალები და მათ ჰქონდეთ საქმის მასალებთან სრული წვდომა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

საქმის ნაწილობრივი განსაიდუმლოების თხოვნით თავდაცვის სამინისტრო მთავარ პროკურატურას დღეს მიმართავს.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შატატებს სრული ნდობა აქვს მინისტრ ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი.

"ვიცი, რომ მთელი რიგი კითხვები გაჩნდა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამავე დროს ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოსადმი, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატო-ს ფარგლებში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. აშშ-ის აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება წარიმართება და იქნება თანამშრომლობა გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით წარმოიშვება ბრალდება, აუცილებელია, გამოძიების სრულფასოვნად წარმართვა. ჩვენ მივესალმებით ასეთ გამოძიებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოძიება წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.