ალასანია საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს

ალასანია საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მისი უწყების თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხუთშაბათს გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ირაკლი ალასანია შესაბამისი დოკუმენტაციით მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის 6 ნოემბერის დაგეგმილ სხდომაზე მივა.

"დღეს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს აპირებს მოვიდეს დოკუმენტებით და მთავრობას წარმოუდგინოს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვა", - განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პირადად მას თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით კითხვები, დევნილთა მინისტრის განმარტებით, გამოძიების საქმეებში ჩარევას არ აპირებს.

"ნამდვილად არ ვაპირებ გამოძიების საქმეებში ჩარევას, მასალები თავად აჩვენებს ყველაფერს, როდესაც თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს თავის არგუმენტებს", - აღნიშნა სუბარმა.