საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
"ჩემი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი. თავდაცვის მინისტრი ენდობა თავის თანამშრომლებს, დარწმუნებულია მათ უდანაშაულობაში. მე დარწმუნებული ვარ თავდაცვის მინისტრის პოზიციაში და იმაში, ზუსტად იცის, რასაც ამბობს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.