პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია.
როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაური აღნიშნა, საქმის მასალებში იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს სწორედ ალექსი ბატიაშვილი.
"ამავე დროს, ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. შესაბამისად, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნებრივია, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი დღეს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.
თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ბატიაშვილისა და ”სილქნეტის” წარმომადგენლის ნათესაურ კავშირზე განცხადება გააკეთა ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა".