ოზურგეთში მეწყერმა ახალრეაბილიტირებული გზა დააზიანა

ოზურგეთში მეწყერმა ახალრეაბილიტირებული გზა დააზიანა

ოზურგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, წმ. გიორგის ქუჩაზე ახალრეაბილიტირებული გზა დააზიანა, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე სანაპიროზე კი ადიდებულმა მდინარე ბჟუჟმა გარკვეულ მონაკვეთზე ჯებირი ჩამოშალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ განუცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს წმ. გიორგის ქუჩაზე გზის გასუფთავება და გზის ნახევარ მონაკვეთზე მოძრაობა აღადგინეს.

"ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი და გადაგზავნილია ზარალის ამსახველი სრული მასალა. კომისია ითვლის არსებულ ზარალს, რომელიც გადაეგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გამოიყოფა თანხა გზისა და ჯებირის აღსადგენად და დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.