მოიძებნა გამოსავალი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი აღმოჩნდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას .
"ამ ერთ თვეში ჩვენ უნდა გავიაროთ გზა, რომელზეც შევჯერდით და შევთანხმდით – მთელი იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ამ პროცესში შევიძინეთ ყველამ", - მიმართა კოლეგებს დავით უსუფაშვილმა.
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის პროექტს ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.
პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით და პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1 დეკემბერია.
ამავე ვადით უხანგრძლივდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება.
კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დღესვე უნდა მოაწეროს და "საკანონმდებლო მაცნეში" გამოაქვეყნოს, რადგან ხვალიდან ძალაში შედის ნორმა, რომლის მიხედვით, სამართალდამცველებს ფარული მოსმენა მიყურადღების და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა კანონიერი უფლება აღარ ექნებათ.