დიდი გამოცნობა არ უნდოდა იმას, რომ ახალი სალარო აპარატების დარეგისტრირების ვალდებულება გადაიწევდა. რაც მოსალოდნელი იყო, მოხდა კიდეც. შემოსავლების სამსახურმა სისტემის სალარო აპარატების დარეგისტრირება 1-ელ თებერვლამდე გააგრძელა.
როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა, ახალ სალარო აპარატებს სერვის-ცენტრები დასვენების დღეებშიც გასცემდნენ, რის შემდეგაც 80 ათასი ახალი აპარატი უკვე დარეგისტრირდა.
პროექტის მიხედვით ძველი აპარატების ახლით ჩანაცვლების პროცესი 1-ელ იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადებაში ჩატევა ვერ მოხერხდა.
“ამ ეტაპზე კიდევ დასარეგისტრირებელია, დაახლოებით, 10 ათასი სალარო აპარატი. ამიტომ მეწარმეების ინტერესების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სალარო აპარატების რეგისტრაცია გადავადდეს 1 თვით. შესაბამისად, ძველი სალარო აპარატების ახლით ჩანაცვლების პროცესმა გადაიწია 2012 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, 1-ელ თებერვლამდე”, - აღნიშნა გედევანიშვილმა.
წესით და რიგით ახალი სალარო აპარატების დარიგება 2 აგვისტოს დაიწყო, მაგრამ რეალურად მისი შეძენა მეწარმეებმა მხოლოდ 2-3 კვირის წინ დაიწყეს. ამიტომაც ასეთ ფორსირებულ რეჟიმში ყველა მეწარმისთვის აპარატის მიწოდება ვერ მოხერხდა.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გადამხდელთა ერთი ნაწილი საერთოდ გათავისუფლებულია სალარო აპარატების ქონის ვალდებულებისგან. საქმე ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს.
მეწარმეთა დიდ ნაწილს კი, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ახალი აპარატები უსასყიდლოდ ურიგდებათ. “ჯიპიარეს” აპარატები უფასოა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებისთვის. შეღავათებით სარგებლობენ სხვა გადამხდელებიც. ახალი საკონტროლო სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია.
ამ კუთხით პრობლემები თვალსაჩინოა. მცირე მეწარმეები შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ სიტყვიერად გაათავისუფლა სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან, მაგრამ შესაბამისი ნორმატიული აქტი ჯერ ძალაში არ არის. ამიტომ იყო და არის საშიშროება, რომ წვრილ ბიზნესმენებს ახალი აპარატის შეძენას დაავალდებულებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცემენ შესაბამის ბრძანებას მათი ფიქსირებულ გადასახადზე გადაყვანის შესახებ. ესე იგი ებანოიძის მიერ “გათავისუფლებულ” ბიზნესს ტექნიკურად ფულს სძალავენ.
“ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, რა ტიპის ბიზნესი დაიბეგრება ფიქსირებული გადასახადით. პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომ ფიქსირებული გადასახადის შემოღება შესაძლებელია. ჯერ არ არსებობს მთავრობის დადგენილება ეს გადასახადი რომელ მეწარმეებზე გავრცელდება”, - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია.
შემოსავლების სამსახურმა მცირე ბიზნესს ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი შესთავაზა, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. პირველი მათგანით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც არა იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს უწევენ მომსახურებას. გადასახადის მეორე მოდელიც იმ მეწარმეებზეა მორგებული, რომლებიც ვაჭრობენ და მათი მომხმარებლებიც ფიზიკური პირები არიან. არც მათ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და არ საჭიროებენ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი და სხვა საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი ამოქმედდება ბრუნვის 3%-ის მოცულობით.
820
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85