საქართველო მტკვრის გარეშე?!

საქართველო მტკვრის გარეშე?!

როგორც ქრისტიან დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე ირწმუნება, მტკვრის სათავეში, თურქეთის ტერიტორიაზე, პროვინცია არდაგანში, ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის („ბეშიქ ჰაიას“) მშენებლობა მტკვარს კალაპოტის შეცვლას, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს გაუდაბნოებას უქადის. სპეციალისტები აცხადებენ, რომ, თუ ეს პროექტი განხორციელდება, საქართველოს ნაცვლად მტკვარი უკვე თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის და კასპიის ზღვის მაგივრად, შავ ზღვაში ჩაედინება.

იმასაც ამბობენ, რომ თურქეთის მთავრობაში ეს პროექტი აქტიურად განიხილება, რაც მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანს კი არ უქადის საფრთხეს, არამედ თავად თურქეთის არდაგანის პროვინციასაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ მინგეჩაურის წყალსაცავის მთავარი მკვებავი საშუალებაა მტკვარი, ცხადი ხდება, რომ ამ წყალსაცავსაც ძირითადი მკვებავი წყარო მოაკლდება. პროექტი, ასევე, საფრთხეს უქადის სამხრეთ საქართველოში მდებარე ქართულ ისტორიულ ძეგლებსაც.

„მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროვინცია არდაგანში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის მშენებლობა რეგიონალური კონფლიქტის ჩანასახის წინაპირობაა.

– ეს რეგიონალური კონფლიქტის ჩანასახია, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მტკვარი როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის ძირითადი არტერიაა. აღმოსავლეთ საქართველოში წყლის ისედაც საშინელი დეფიციტია და, ბუნებრივია, ამ კასკადის მშენებლობით აღმოსავლეთ საქართველოს პრობლემა შეექმნება. ჩვენი წყლის რესურსების უდიდესი ნაწილი ხომ დასავლეთ საქართველოზე მოდის. აქედან გამომდინარე, საშინელი პრობლემები გველის და, განსაკუთრებით, – აგრარულ სექტორში.

ამ პროექტის განხორციელება აზერბაიჯანს პრობლემას არ შეუქმნის?

– აზერბაიჯანს უფრო დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან, როგორც იცით, იქ არის მინგეჩაურის წყალსაცავი, რომელიც უზარმაზარი, ყველაზე დიდი წყალსაცავია და მთელ აზერბაიჯანის ტერიტორიას ამარაგებს, როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლით. მისი ძირითადი მკვებავია მდინარე მტკვარი. აქედან გამომდინარე, პრობლემები გლობალური მასშტაბისაა. ვფიქრობ, ცოტა უნდა დაფიქრდეს ვიღაც, როცა ამგვარ განცხადებებს აკეთებს. როგორც ჩანს, ჯერ განცხადებების დონეზეა ეს ამბავი.

შეგიძლიათ, დაბლოკოთ გარემოსთვის ზიანის მომტანი ეს პროექტი?

– ბუნებრივია, ჩვენ ამას დავაზუსტებთ და ამ საქმეში ჩავრთავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, მაგრამ ეს ხომ მარტო „მწვანეთა პარტიის“ საქმე არ არის?! ხელისუფლება რისთვის ჰყავს ამ ქვეყანას?! სახელმწიფოს თუ ყავს ხელისუფლება, პირველ რიგში, მან საკუთარი მოსხლეობის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. ეს კი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. თუ წყლის რესურსები შემცირდება აღმოსავლეთ საქართველოში, კატასტროფა იქნება. თანაც გაითვალისწინეთ, რომ გლობალური დათბობის პირობებში, წყლის რესურსები საერთოდ მცირდება. ეს პროგნოზირებულია საქართველოშიც. გლობალური დათბობა ასე თუ გაგრძელდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ დედმიწაზე წყლის რესურსების შემცირებას ველოდებით, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ საქართველოში და იქ გაუდაბნოების პროცესი გააქტიურდება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მტკვრის წყლის დონე დაიკლებს თუ კალაპოტი შეეცვლება მტკვარს?

– წარმოიდგინეთ, რომ წყალი სათავეებიდან მტკვარში საერთოდ აღარ წამოვა და დავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ იმ მდინარეების ამარა, რომელიც მერე უერთდება მტკვარს ქვედა ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. არსებობს კონვენცია ტრანსასაზღვრო მდინარეების შესახებ, მე არ ვიცი, თურქეთი შეერთებული არის თუ არა ამ კონვენციას, ეს ყველაფერი შესასწავლია. ბუნებრივია, თავისი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე, თუ ხელისუფლებამ ამ  პროექტის განხორციელება გადაწყვიტა, ეს სახიფათოდ მოგვიბრუნდება. შესაძლოა, ვიღაცამ მოქრთამოს კიდეც ეს ხელისუფლება, მოგეხსენებათ, ფულის გამო ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელები. ვფიქრობ, ესეც ჩვენი საბრძოლველი იქნება, ისევე, როგორც ბევრი რამ ამ ქვეყანაზე. მე არ ვიცი, სად იყო ამ პროექტის შესახებ საუბარი. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მომაწოდეს, მაგრამ მისი განხორციელება რეალურად, კატასტროფა იქნება. „მწვანეთა პარტია“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არ განვითარდეს.           

აგრარული უნივერსტეტის პროფესორის, მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტისა და მეტყევეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტ თეიმურაზ კანდელაკის აზრით, მტკვრის სათავეში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის მშენებლობა წყლის დებიტს (რაოდენობას) შეამცირებს.

„თუ მტკვრის სათავეში არსებულ ტყეებს შეეხებიან, რასაკვირველია, ძალიან ცუდი იქნება. მთავარია, მტკვრის სათავეში არსებულ ტყეები არ გაიკაფოს. თურქეთს მყინვარები არ აქვს, იქ უფრო ტყეები იქნება. მაგალითად, ჩვენთან, ჟინვალი მყინვარებიდანაც იკვებება. ტყეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყლის რეგულირებისა და შენახვის მხრივ. ზუსტად მდინარეებს აკისრია წყალშემნახავი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. ამ მხრივაც ეს პროექტი საშიშია“, – აცხადებს Presage.tv-სთან საუბარში თეიმურაზ კანდელაკი.

მეცნიერის თქმით, არსებული ეკოსისტემების დაზიანება, რასაკვირველია,  წყლის დებიტის შემცირებას გამოიწვევს, რადგან ადგილობრივ ეკოსისტემებზე ხელის ხლება არ შეიძლება.

„ჩვენთვის მტკვარი კიდევ იმდენი მნიშვნელობის არ არის და უფრო სარწყავად ვიყენებთ. მაგრამ, აზერბაიჯანლებისთვის მტკვარი მეტად მნიშვნელოვანია. რუსთავიდან დაწყებული მინგეჩაურამდე, საქართველოში მტკვარი რამხელა გზას გადის, თუმცა ძირითადად მტკვარი ისეთ რაიონებში გადის, სადაც ძალიან ცოტაა ქართული მოსახლეობა. ალაზნისგან განსხვავებით, მტკვარი უფრო არაქართულ სოფლებზე გადის. ამიტომ მტკვრისთვის პრობლემის შექმნას ნაკლებ  ყურადღებას აქცევენ. თბილისს რომ გასცდება, მთელი მოსახლეობა სვამს მტკვრის წყალს, ძირითადად, აზერბაიჯანლები. მართალია, ჰიდროსადგურის მშენებლობა წყალს არ აბინძურებს, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლის დეფიციტი“, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.

მისი თქმით, პრობლემა ჩვენს, ადგილობრივ ჰესებსაც შეექმნება, რადგან ზაჰესიც მტკვარზე არის და ორთაჭალჰესიც. ამდენად, თუ მტკვრის წყალი არ იარსებებს, ეს ჰესებიც არ იმუშავებენ.

„ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი პატარა მდინარეც კი, კალაპოტს რომ იცვლის, ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. კალაპოტის შეცვლით ის ადგილები, სადაც წყალი გადის და ტერიტორიები ირწყვება, წყლის გარეშე აღმოჩნდება. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს გაუდაბნოებას, რადგან, სადაც მტკვარი გადის, იქ ბევრი სხვა მდინარე არ მოედინება“, – ამბობს თეიმურაზ კანდელაკი.