ტურისტული გეგმა ჩავარდა, მაგრამ საგაისოდ მაინც უფრო დიდი გეგმა შემუშავდა. მთავრობა უფრო მეტი ვიზიტორის მოსაზიდად 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობაზე აკეთებს აქცენტს. ამ დროს კერძო ინვესტორებს სასტუმროების მშენებლობა სულაც არ ეჭაშნიკებათ. ამას ანაკლიისა და ქობულეთის მაგალითებიც ადასტურებს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში საქართველოში 2 მლნ 800 ათასამდე ტურისტი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი თითქმის 40 პროცენტით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, მაგრამ ჩამორჩება ჩამორჩება 3-მილიონიან გეგმას.
საქართველოში იმატა მოგზაურების შემოსვლამ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ირანი, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი, თუმცა ყველაზე მეტი ტურისტი წლის განმავლობაში მაინც თურქეთიდან შემოვიდა. უცხოელი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტად მონახულებადი ადგილებიდან პირველობა საქართველოს დედაქალაქს უკავია, შემდეგ კი მას ბათუმი, მცხეთა, ქუთაისი, ლაგოდეხი, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ქობულეთი და მესტია მოჰყვებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილისეულ გეგმაში ჩავარდნაა, მთავრობა მაინც ამყობს. ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის თქმით, წლის განმავლობაში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის გაიხსნა ახალი კურორტები, შეიქმნა საინფორმაციო ცენტრები და ა.შ.
“გარდა ამისა, აქტიური კამპანია მიმდინარეობდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით. ცალკეულ სეზონებთან დაკავშირებით გადავიღეთ სარეკლამო რგოლები და მომზადდა დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ცნობილი ტელეკომპანიების ეთერში ტრიალებდა”, - აღნიშნა სიდამონიძემ.
რაც შეეხება 2012 წლის პრიორიტეტებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, 2012 წელს განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებისა და განათლების ხარისხზე გაკეთდება. “ეს პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე, რაც ჯერ კიდევ პრობლემურია. ვფიქრობთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გავხსნათ ტურიზმის სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება კვალიფიკაციის ამაღლება”, - განმარტა სიდამონიძემ.
ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ 2015 წელს 5-მილიონიანი ტურისტული გეგმა შესრულდეს. გეგმის შესრულებისათვის კი ეკონომიკის სამინისტრომ ახალი მიზანი დაისახა - 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა.
“მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აშენდეს. ტურისტებისგან ორ-სამ ვარსკვლავიან სასტუმროებზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ გვაქვს მზა პაკეტები და ვაპირებთ, რომ ის კერძო სექტორს, ბიზნესმენებს შევთავაზოთ”, - განაცხადა ვერონიკა ქობალიამ.
სააკაშვილის ფავორიტ მინისტრს კვერი დაუკრა პრემიერმა გილაურმაც და იქვე ტურ-ოპერატორებსა და მცირე სასტუმროების მფლობელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
“გაისად ვიზიტორთა დაახლოებით 25-30%-იან ზრდას. ეს კი მცირე რიცხვი არ არის. როგორც ხედავთ, ტურიზმის ბიზნესი მზარდია. მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება და ბევრი ადამიანი საქმდება. დღეს შევხდით ტურ-ოპერატორებსა და მცირე სასტუმროების მფლობელს და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემები არსებობს და რა შეიძლება, გამოსწორდეს. ჩემი აზრით, მათ უფრო მეტი აქტიურობა მართებთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ, მაგალითად მაშინ, როცა ელექტრონულ ჯავშანზეა საუბარი”, - განაცხადა გილაურმა.
მოკლედ, ეს ცოტა შორეული პერსპექტივებია. უახლოესი გეგმები კი ასეთია: მაია სიდამონიძის პროგნოზით, 2012 წელს ქვყანაში, დაახლოებით, 3,5 მილიონი ვიზიტორი შემოვა.
ექსპერტები ხელისუფალთა შემართებას, როგორც ყოველთვის სკეპტიკურად უყურებენ. ეკონომიკის ექსპერტის, ნოდარ ხადურის აზრით, საქართველოს ტურიზმის განვითარების სეგმენტი არასწორადაა შერჩეული.
“საქართველოს ტურიზმის განვითარების სეგმენტი, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, არასწორადაა შერჩეული, რადგან იმდენად მაღალი ფასებია, რომ წელს იქ ტურისტების სიმცირე შეიმჩნეოდა. ახლა ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ ყურადღების გადატანა დაბალფასიან სასტუმროებზე უნდა მოხდეს და იქვე ითქვა, რომ ქობულეთის ტურისტულმა ზონამ ვერ გაამართლა. ეს სწორედ იმიტომ, რომ ფასები საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
შესაბამისად, ტურისტების დიდი ნაკადი, მათ შორის ქართველებიც კი უფრო სამხრეთით წასვლას არჩევენ, სადაც ამინდიც კარგია და მომსახურებაც უფრო მაღალი დონისაა”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამიტომ ექსპერტი მთავრობას საფასო სეგმენტის მოწესრიგებას და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვას ურჩევს. “საფასო სეგმენტის მოწესრიგება და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, ესაა ბერკეტი, რომელიც საქართველოში ბევრ ტურისტს მოიზიდავს”, - აღნიშნა ხადურმა.
835
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85