“სვანეთის საგანძურზე ჟურნალისტის საჩივარი კულტურის სამინისტრომ თავიდან მოიშორა და არაუფლებამოსილ ორგანოს დაუბრუნა“

“სვანეთის საგანძურზე ჟურნალისტის საჩივარი კულტურის სამინისტრომ თავიდან მოიშორა და არაუფლებამოსილ ორგანოს დაუბრუნა“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას სახელზე შეტანილი ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი, სვანეთში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებით, ეროვნულ მუზეუმში გადაგზავნეს. ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი ყიფიანის მიერ მოწერილი წერილიდან შევიტყვე. 23 დეკემბრით დათარიღებული წერილი 26 დეკემბერს მოიტანეს.

ადმინისტრაციული საჩივრის სამინისტროდან მუზეუმში გადამისამართების ფაქტს ადვოკატი მამუკა ნოზაძე, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გახლავთ ჩემი წარმომადგენელი, შემდეგნაირად აფასებს:

“საქართველოს კულტურის მინისტრის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული საჩივარი განსახილველად გადაეცა ეროვნულ მუზეუმს, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ეროვნულმა მუზეუმმა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე უარი თქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რაც ადმინისტრაციული წესით დაუყოვნებლივ გასაჩივრდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ქვემდგომი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში საჩივრდება. კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნული მუზეუმის ზემდგომი არის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მოაწერა ხელი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს, რადგან უარის თქმით ეროვნული მუზეუმის პოზიცია დადასტურდა.

გამომდინარე აქედან, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განიხილოს კულტურის სამინისტრომ და არა იმ ორგანომ, რომელმაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლი.

ფაქტია, რომ კულტურის სამინისტროს დასაბუთებულ არგუმენტაციაზე, რაც მითითებულია ადმინისტრაციულ საჩივარში, არ გააჩნია კონტრარგუმენტები და ამიტომ, ადმინისტრაციული საჩივარი თავიდან მოიშორა და დაუბრუნა არაუფლებამოსილ ორგანოს, ანუ, იმას, ვინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მიანიშნა - “გამოასწორე დაშვებული შეცდომა“. თუ დაუყოვნებლივ არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები, ბუნებრივია, სასამართლოში გასაჩივრდება ეროვნული მუზეუმისა და კულტურის სამინისტროს უკანონო ქმედებები, საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო“.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ საგანძური სათანადოდაა დაცული და რომ საფრთხეებზე საუბარი თავიდანვე ტყუილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კონტეინერებიდან საგანძური და სხვა ნივთები (რომლებიც “კონტეინერებში“ მოთავსებამდე, ანუ 28 ივნისამდე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო დაცული) 2 დეკემბერს გადაიტანეს მესტიის მუსიკალური სკოლის დამეწყრილ და ნაპრალებიან შენობაში, რომელიც რამდენიმე დღეში სახელდახელოდ გაარემონტეს.

“პრაიმ-ტაიმის“ სტუდიაში სტუმრად მისულმა კულტურის მინისტრმა საგანძურზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში 24 დეკემბერს გავიდა. უცვლელად გთავაზობთ ნიკა რურუას მიერ გაკეთებულ კომენტარს:

“მოვნახეთ ადგილი, რომელიც სპეციალურად გარემონტდა, მიკროკლიმატის საშუალებით აღიჭურვა, იმიტომ რომ დაეკმაყოფილებინა დროებითი სათავსოს ყველა მოთხოვნა და დღეს კოლექცია არის განლაგებული იქ. ასე რომ ამის იქით არანაირი პრობლემა. ვიდრე ახალი მუზეუმი არ აშენდება ეს იდება აქ და არის დაცული და არის ხელუხლებელი. მას ჰყავს სახელმწიფო დაცვა. იქ არის კლიმატური და ყველა პირობა დაცული. მე პირადად ავედი იქ, პირადად შევამოწმე და სხვათა შორის, მახლდა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საპატრიარქოდან და მათაც ვანახეთ ეს ყველაფერი. ასე რომ აქ სერიოზული პრობლემა, არც არსებობდა თავიდან და ეს იყო პოლიტიზირების მცდელობა, ამ საკითხის, გარკვეული პიროვნებების მიმართ, მაგრამ ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და პრობლემა ამოწურულია“.

14 დეკემბერს კულტურის მინისტრმა ამავე თემაზე კომენტარი ტელეკომპანია “კავკასიას“ მისცა, რომელსაც ასევე სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

“დიახ, ეკლესიაში უნდოდათ გადატანა, იყო ასეთი წინადადება, მაგრამ სპეციალურად წავიყვანეთ დელეგატები, დელეგაცია იყო მთელი ჩვენთან ერთად, ვინც ეს ყველაფერი ნახა, ამაზე სიუჟეტებიც გავიდა და ვარწმუნებ ყველას, რომ არაფერი საფრთხე იქ არ არსებობს, იმიტომ რომ სპეციალურად მომზადდა, ყველა პირობით, მიკროკლიმატით, გაძლიერებული დაცვით, ვიდეოკამერებით ეს ოთახები“.

კულტურის მინისტრის მიერ ნახსენები სიუჟეტები ცენტრალურ ტელეარხებზე 28 ნოემბერს მართლაც გავიდა, მაგრამ საპატრიარქოს დელეგაცია, არცერთ არხზე არ უჩვენებიათ და არც უხსენებიათ, რომ 27-28 ნოემბერს მესტიაში კულტურის მინისტრთან და ეროვნული მუზეუმის გენდირექტორსა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად მესტიაში იმყოფებოდნენ: მეუფე თეოდორე (ჭუაძე), მამა ბესარიონი (მენაბდე), მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური და რესტავრატორი ზურაბ გაჩეჩილაძე.

საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება 13 დეკემბერს, საღამოს გავრცელდა და მასში არ წერია, რომ ყველაფერი კარგადაა და რომ საფრთხე არ არსებობს:

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მესტიის მუზეუმის დანგრევის გამო აქ დაცული ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების წარმომადგენლების, საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმის მიერ გაგზავნილი კომისიის ძალისხმევით  კონტეინერებში ყოვლად მიუღებელ პირობებში მყოფი საგანძური გადატანილ იქნა ლანჩვალის უბანში მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიან სამუსიკო სკოლის შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, სპეციალისტების აზრით, მაინც არის პრობლემატური, განსაკუთრებით სეისმომედეგობის და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს წინადადება სიწმიდეების დროებით შესანახად საეპისკოპო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ.

როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2012 წლის გაზაფხულზე სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსებული  წმიდა ხატები და სხვა ექსპონატები ბინას უკვე ახლად აშენებულ მესტიის მუზეუმში დაიდებენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა,  სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის  ამ განძს.

ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების  რჩევა გათვალისწინებული - სიწმინდეებს  ნესტიან გარემოში  გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი, შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 14 დეკემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა და 23 დეკემბერს, “საპატრიარქოს უწყებანშიც“ დაიბეჭდა.

თუ მართლაც ყველაფერი კარგადაა და არანაირი საფრთხე არ არსებობს, მაშინ გასცენ საჯარო ინფორმაცია და ჩემს თითოეულ კითხვაზე მათი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლიც მოაყოლონ. მეტს არაფერს ვითხოვ.

თუ ადმინისტრაციული საჩივრის მეშვეობით ვერ მივიღებ საჯარო ინფორმაციას, ჩემს წარმომადგენელთან, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად მივმართავ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ამ გზით შევეცდები ჩემს კითხვებზე პასუხის მიღებას.

და ბოლოს, გთავაზობთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ყიფიანის მიერ მოწერილი წერილის შინაარს:

“ქალბატონო ნინო, მოგახსენებთ, რომ 2011 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემოვიდა თქვენი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც შეეხება მუზეუმის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “თუ კანონით, ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირი, ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი“. ვინაიდან 2011 წლის 9 დეკემბრის N08/08-1379 გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის მიერ, აღნიშნული წერილის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩვარი უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომმა თანამდებობის პირმა.

ამასთანავე, გაცნობებთ რომ საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის მე-80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თქვენს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

პატივისცემით, მინისტრის მოადგილე გიორგი ყიფიანი“.