“Official Chart Company”-ის ინფორმაციით, ჯგუფი ““Military Wives” დიდი ბრიტანეთის საშობაო ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა.
მოყვარული მუსიკოსების მიერ ჩაწერილმა კომპოზიციამ “Wherever You Are”, გამოსვლისთანავე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და ერთი კვირის განმავლობაში 556 ათასი ცალი გაიყიდა.
“Military Wives”-ში გაერთიანებულები არიან ავღანეთში მყოფი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეები. ამ ქალბატონებმა აზიის კონტინენტზე მყოფი ქმრებისათვის საშობაო საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტეს და ერთიანი ძალებით მუსიკალური კომპოზიცია ჩაწერეს.
ამ ნამუშევრის ავტორები კომპოზიტორები ჰარეტ მელოუნი და პოლ მილორი არიან. სიმღერის ტექსტი შედგენილია ქალბატონების მიერ ავღანეთში გაგზავნილი წერილებიდან ამოკრეფილი წინადადებებით.
ამ კომპოზიციის გაყიდვიდან შემოსული მთლიანი თანხა დიდი ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის, ჯარისკაცთა, მფრინავთა და მეზღვაურების ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე ჩაირიცხება.
მუსიკალური კომპოზიციების საშობაო ჰიტ-პარადის მეორე საფეხურზე გოგონათა ჯგუფი “Little Mix”-ის კომპოზიცია “Cannonball” გავიდა. საინტერესოა, რომ ეს ჯგუფი მიმდინარე წლის ბრიტანული “X Factor”-ის გამარჯვებულია.
მესამე ადგილზე “Nirvana”-ს კომპოზიცია “Smells Like Teen Spirit” აღმოჩნდა. ამ ჯგუფის ერთგულ თაყვანისმცემლებს ამ კომპოზიციის პირველ ადგილზე გაყვანა სურდათ, მაგრამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვეს.
მუსიკალური ალბომების საშობაო ჩართებში მომღერალი მაიკლ ბუბლეს დისკმა “Christmas” იმარჯვა, მეორე ემი ვაინჰაუსის “Lioness – Hidden Treasures” გავიდა, მესამე პოზიცია კი Olly Murs-ის ალბომმა “In Case You Didn't Know” დაიკავა.