დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადების თარიღად 20 ოქტომბერი განსაზღვრა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, ყველა მტკიცებულებაა იმისთვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. თავის მხრივ დაცვის მხარეს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი კი პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია. მისი თქმით, დღეს დაცვის მხარის უსუსურობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, „თუმცა ახლა მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე“. სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ვალერიან მეტრეველს, მას ბრალი არა სანდრო გირგვლიანის, არამედ ოქროყანაში მეგობრების - ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის გამო აქვს წაყენებული.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინათ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვსაც, თუმცა ახალაიას საქმე მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე, ცალკე წარმოებად გამოიყო. რაც შეეხება ოლეგ მელნიკოვს, მას აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.