რუსული სამხედრო ბაზების განლაგება კუბასა და ვენესუელაშიც იგეგმება

რუსული სამხედრო ბაზების განლაგება კუბასა და ვენესუელაშიც იგეგმება

„არგენტინა ოფიციალურად დაეთანხმა რუსეთს, განთავდეს რუსეთის სამხედრო ბაზები არგენტინის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ „რეპორტიორს" მამუკა არეშიძემ განუცხადა.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ბაზების განლაგება კუბასა და ვენესუელაშიც იგეგმება.

„კუბას მხრიდან ეს ნაბიჯი გასაოცარი არ უნდა იყოს, რადგან იქ ტრადიციულად საბჭოთა ბაზები იყო განლაგებული. ვენესუელის დღევანდელ ხელისუფლებას კი სხვა გამოსავალი არ აქვს. რაც შეეხება არგენტინას, მისი მხრიდან თანხმობა - ეს ახალი ხილია. არგენტინას ყოველთვის  პროამერიკული კურსი ეჭირა, მაგრამ ბოლო დროს შეიცვალა მოვლენები - მოქმედი და მისი წინამორბედი პრეზიდენტი საკმაოდ აგრესიულად იყვნენ აშშ-ის პოლიტიკის მიმართ", - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოებს შორის გავლენებზე ბრძოლა მიმდინარეობს და რუსეთი არგენტინაში სამხედრო ბაზების განლაგებით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე აშშ-ის გავლენას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„ნებისმიერი სამხედრო ბაზა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში, ორიენტირებულია კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასე რომ, მსოფლიოში გავლენიანი სახელმწიფოები ცდილობენ, თავიანთ პოტენციურ მოწინააღმდეგესთან ახლოს განალაგონ ბაზები, რომლის მთავარი ამოცანაა არა სამხედო შეტევის განხორციელება, არამედ სადაზვერვო საქმიანობა. არგენტინაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა ნიშნავს  იმას, რომ არგენტინა არის რუსეთის მოკავშირე და აშშ-ის გავლენებს სამხრეთ ამერიკაში სერიოზული დარტყმა მიადგება", - განუცხადა „რეპორტიორს" არეშიძემ.