პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გუბაზ სანიკიძემ დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ჟურნალისტებთან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა.
დეპუტატის ეს გადაწყვეტილება დიასპორის მიმართულების დაფინანსების გაზრდაზეა დამოკიდებული.
"საუბარია სახელმწიფო პოლიტიკაზე ჩვენს დიასპორებთან დაკავშირებით, ჩვენი თანამოქალაქეების ერთი მეოთხედი ქვეყნიდან არის გასული. თანხა, რაც დიასპორებთან დაკავშირებულ საკითხებზეა გამოყოფილი, არასაკმარისია. გვესმის დღევანდელი ვითარება, გვესმის ის პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომ ჩვენ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს უპრობლემოდ დავუჭერთ მხარს, მაგრამ მომავალ წელს მთავრობას წარვუდგენ დიასპორებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ძალიან სერიოზულ სტრატეგიას. ვფიქრობ, რომ დაფინანსების საკითხი დაკმაყოფილდება. თუკი არ დაკმაყოფილდა, მაშინ ჩავთვლი, რომ ეს ჩემი მუშაობის ბრალია და აღარ მესმის, რატომ უნდა ვიყო ამ მიმართულებით შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი", - განუცხადა ჟურნალისტებს გუბაზ სანიკიძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს იხილავს. დიასპორის აპარატის მიმართულებით, მიმდინარე წელს განსაზღვრულია 900 ათასი ლარი, მომავალი წლის ბიუჯეტში კი ეს დაფინანსება მხოლოდ 100 ათასი ლარით იზრდება და მილიონი ლარი ხდება. ეს კი, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, დიასპორის მიმართულებით სრულიად არასაკმარისი თანხაა.