გადაწყვეტილებას სანიკიძე მისი კომიტეტის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ მიიღებს.
დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, დიასპორის მიმართულებით დაფინანსების გაზრდას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით საბოლოო სტრატეგიაა ჩამოსაყალიბებელი.
„უპრობლემოდ დავუჭერთ მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს, მაგრამ მომავალ წელს, როცა 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა იქნება, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ხარჯები. სტრატეგია საბოლოოდაა ჩამოსაყალიბებელი და ეს აუცილებელია გაკეთდეს. თუ მე ამაში ვერ დავარწმუნებ მთავრობას, ე.ი. ვერ ვმუშაობ კარგად, ვერ დავარწმუნე ჩემი თანამებრძოლები და მაშინ ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ მე კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნა გავაგრძელო“, - განაცხადა სანიკიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კი განაცხადა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი.
„დამატებითი თანხების გამოყოფას თითქმის ყველა უწყება ითხოვს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმდინარე წელს 950 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, მომდევნო წლის ბიუჯეტში მილიონია გათვალისწინებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ღონისძიების განსახორციელებლად, რასაც ეს სამინისტრო ახორციელებს თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა“ - განაცხადა კაკაურიძემ.