აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა ქართველმა და აფხაზმა მეცნიერებმა შესაძლოა ერთად დაიცვან

აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა ქართველმა და აფხაზმა მეცნიერებმა შესაძლოა ერთად დაიცვან

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაში საქართველო დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. პარალელურად, მუშაობა მიდის ქართველ და აფხაზ მეცნიერებს შორის კონტაქტის აღდგენაზე, ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად.

ამ და სხვა სიახლეების შესახებ შევიტყვეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთი“, რომელიც გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანადგომით, „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“.

კარგია, რომ ვზრუნავთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდია, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ბაგრატის ტაძარს პირვანდელი სახე ჩვენივე ხელით დავუკარგეთ, რაც ერთი წლის დაგვიანებით იუნესკომაც (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში) დაადასტურა - შეუქცევადი ჩარევები განხორციელდაო.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში, კერძოდ, აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მსოფლიო მნიშვნელობისაა, დავის საგანი არ არის, მაგრამ როგორ, რა გზით წარმოუდგენიათ მათი გადარჩენა აფხაზე მეცნიერებს, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ჩვენ მხოლოდ ქართველი მეცნიერების პოზიცია და მოსაზრებები ვიცით.

სამწუხარო ისაა, რომ აფხაზეთში არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შესახებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ისე ქართველი მეცნიერებისთვის მხოლოდ ყურმოკრული ამბებია ცნობილი. სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი ფოტომასალა, რომელზეც ასახულია: VI საუკუნეში აგებული გაგრის ეკლესია, VIII საუკუნეში აგებული დრანდის ტაძარი, X საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ბედიის ტაძარი, X-XI საუკუნეებში აგებული ბიჭვინთის ტაძარი, X საუკუნეში აშენებული მოქვის ტაძარი, XI საუკუნეში აშენებული ლიხნის ტაძარი, ამავე საუკუნეში აგებული ილორის ტაძარი, IX-X აშენებული სვიმონ კანანელის ტაძარი, დაუთარიღებელი იყო. ანუ უცნობია როდისაა გადაღებული მაგალითად, ილორის წმინდა გიორგის სახელობის თეთრად გადაღებილი ტაძარი და ასე შემდეგ.

აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა სოხუმის უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია, რომელსაც სტუმრის სტატუსით ესწრებოდა - „მტკივნეული საკითხია. ძალიან მძიმე ამბები მოდის იქიდან. მგონი ბედიას, თუ ილორს, არ ვიცი რომელს, გუმბათიც კი დაადგეს. ე.ი. არაფრის წინაშე არ იხევენ და ასეთ ვითარებაში ამ საკითხისადმი ჩვენი გამოხმაურება სრულიად კანონზომიერი და ნორმალურია“.

სამეცნიერო კონფერენციას სტუმრის სტატუსით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციის სამსახურის უფროსი, პაატა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა.

„საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ მოხდეს აფხაზეთში არსებული ძეგლების ერთობლივი მონიტორინგი, რათა ჩვენ არ გვქონდეს ყურმოკრული ამბები ბედიაზე და სხვა ძეგლებზე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ვმუშაობთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს, იგივე იკომოსის საქართველოს ბიუროს ერთ-ერთი წარმომადგენლის, მანანა თევზაძის განმარტებით, საერთაშორისო მისიამ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ძეგლების მონიტორინგი ერთადერთხელ, 18 წლის წინ განახორციელა:

„1997 წელს, ომის დამთავრებიდან ოთხ წელწადში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხერხდა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის შემფასებელი მისიის მივლენა. მისიის უსაფრთხოება უზრუნველყო გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ. 17 ძეგლი მისიამ ძალიან მოკლე დროში დაათვალიერა და თითოეულის მდგომარეობის შესახებ მოკლე ანგარიში წარმოადგინა. 18 წლის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ექსპერტებს მიეცათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ძეგლების სიტუაციის მონიტორინგი. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, საქართველოს მხარემ დღემდე ვერ შეძლო საერთაშორისო საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენება, ძეგლებზე შექმნილი კონსერვაციული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიზნით დღემდე არ მომხდარა 1954 წელს მიღებული ჰააგის კონვენციის (კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ) შესაბამისი მუხლებისა და ოქმების გააქტიურება, რაც მანანა თევზაძემ ასე განმარტა:

„კონვენციის შესაბამისი მუხლების ამოქმედება საქართველოს მემკვიდრეობის სასარგებლოდ მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე. კერძოდ კი შემდეგ ფაქტორებზე: კონფლიქტის რეგიონში გაეროს წარმომადგენლობა არ არსებობს და გაეროს მიერ რუსეთი ოფიციალურად არ არის აღიარებული, როგორც ოკუპანტი ძალა.

...საქართველოს მხრიდან ბოლო დროს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმთან მიერთების შემდეგ ჩნდება დამატებითი პოტენციური საშუალებები, მოხდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების ამოქმედება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე. მეორე ოქმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება გარკვეული ძეგლებისათვის განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის მოთხოვნა. ასევე საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა და სხვა“.

აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობისაა, ამაზე აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმაც ისაუბრა. მან ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ძეგლებიდან გამოჰყო ილორის და ბედიის ტაძრები და აღნიშნა, რომ ეს ძეგლები „საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული იდეოლოგიით ნადგურდება“. ჩვენმა უნივერსიტეტმა აფხაზეთში მყოფ მეცნიერებთან კონტაქტები უნდა აღადგინონ. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ჩვენ ერთმანეთში ინფორმაცია უნდა გავცვალოთ“.