საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 29-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული , ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო, მეორე სამუშაო ჯგუფში - ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებების 29-ე რაუნდში მონაწილეობა მიიღეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა.

"შეხვედრა საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა. მონაწილეებმა განიხილეს ორი სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა საქართველოდან ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში უსაფრთხოების კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება. თანათავმჯდომარეების ყურადღება მიპყრობილ იქნა უკანონო სამხედრო წვრთნებზე, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ადამიანის გატაცების მომატებული შემთხვევებზე, ყაჩაღობებსა და ე.წ. "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით ადამიანების დაკავების შემთხვევებზე. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, ტოივო კლაარმა ადეკვატურად შეაფასა ადგილზე არსებული ვითარება და დაწვრილებით ისაუბრა იმ ინციდენტებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. არსებული უსაფრთხოების კონტექსტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სრული შემადგენლობით, დროული აღდგენის საჭიროებას, რაც მექანიზმის შესახებ 2009 წლის 18 თებერვლის წინადადებებს უნდა დაეფუძნოს.

მონაწილეებმა საქართველოდან უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელ განცხადებაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ეს განზრახვა სისრულეში იქნება მოყვანილი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობას, დაძაბავს ჰუმანიტარულ სიტუაციას, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო პირობებზე და ხელს შეუშლის ხალხთა შორის კონტაქტებს. მონაწილეებმა საქართველოდან მოუწოდეს თანა-თავმჯდომარეებს მიმართონ ყველა შესაძლო ზომას, რათა მსგავსი ნაბიჯი თავიდან იქნას აცილებული.

პირველი სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ძალის გამოუყენებლობა წარმოადგენს. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების მიზნით გადაიდგა. ქართულმა მხარემ გამოხატა გაწბილება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის საპასუხო ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გამო. ვიდრე რუსეთი არ იღებს სამართლებრივად ხელშემკვრელ ვალდებულებას საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ჟენევის მოლაპარაკებათა მთავარი მიზანი და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა შეუსრულებელი რჩება. პროცესისთვის ბიძგის მიცემის მიზნით, საქართველოს დელეგაციამ კვლავ გამოხატა მზაობა კონსტრუქციულად ჩაერთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების განცხადების პროექტზე მუშაობის პროცესში და მოუწოდა თანა-თავმჯდომარეებს განაახლონ პროცესი მოლაპარაკებათა მომდევნო, 30-ე რაუნდზე.

ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები და ქართული მხარე ერთხმად მიიჩნევენ, რომ ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ეფექტური და მყარი გარანტიის შექმნა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რუსეთი უარს აცხადებს იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. უსაფრთხოების მხრივ ადგილზე არსებული შემაშფოთებელი ვითარების და საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დისკუსიების წახალისება მყარი და ქმედითი უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა საქართველოდან განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რუსეთის უკანონო საქმიანობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა. მონაწილეებმა გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციული ხასიათის ზომებთან დაკავშირებით ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დარღვევების თაობაზე. ყურადღება გამახვილდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. ქართველმა მონაწილეებმა მოუწოდეს მოლაპარაკებათა მონაწილეებს, რომ პატივი სცენ ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. მათი ჰუმანიტარული საჭიროებების და ფუნდამენტური უფლებები არ უნდა შეეწიროს პოლიტიკურ მოტივებს. ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუსეთის, როგორც ოკუპანტი ძალის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ოკუპირებული რეგიონების ყველა მაცხოვრებლის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საერთაშორისო სამართლის თანახმად. საქართველომ მოუწოდა თანა-თავმჯდომარეებსა და თანა-მოდერატორებს გამოძებნონ პრაქტიკული გამოსავალი შექმნილი პრობლემებიდან და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველსაყოფად და ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მექანიზმები შესაქმნელად.

მეორე სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას უკავშირდება, წარმომადგენლები საქართველოდან მიესალმნენ თანა-მოდერატორების მოწოდებას დისკუსიებში წინსვლის და ამ მიზნით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე. დამატებით, მონაწილეებმა განიხილეს დაკარგულ პირთა საკითხი და აღნიშნეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა.

ქართული მხარე მადლიერებას გამოხატავს თანათავმჯდომარეების მიმართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მთავარი მიზნების ერთგულებისათვის და მოლაპარაკებების ფორმატისა და დღის წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებით მათ მიერ მტკიცე ძალისხმევის გამო. საქართველო მზადაა გააგრძელოს ტრადიციულად კონსტრუქციული თანამშრომლობა თანათავმჯდომარეებთან და მათ გუნდებთან, რათა ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნას დაუბრკოლებელი, არსებითი განხილვები და გადაიდგას ნაბიჯები მთავარი ამოცანის შესრულებისაკენ, კერძოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრული იმპლემენტაცის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 30-ე რაუნდი 2014 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება.

ორი დღის წინ რუსულმა მხარემ გავრცელა ინფორმაცია, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსულ ვარიანტზე იმსჯელეს. ამის მიზეზად კი ნატო-ს საწვრთნელი ბაზები დასახელდა, რომლის მშენებლობაც საქართველოში იგეგმება.

ეს ინფორმაცია არ დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჟენევის დისკუსიებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა.

"ჟენევის მოლაპარაკებების დროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ არანაირი რუსული პროექტი არ განხილულა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

"შეხვედრებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წამოწია ეს საკითხი, თუმცა მყისიერად მას ჩვენი მხრიდან განემარტა, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს არის ჟენევა და ჟენევა ამ საკითხის განხილვას არ ითვალისწინებს. არანაირი რუსული პოექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციის, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს. ეს რომ ასეა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ განცხადებაში, რომელიც უშუალოდ სამიტის თანათავმჯდომარემ გააკეთა. რაუნდი შენარჩუნდა, ფორმატი შენარჩუნდა და ყველა საკითხი, რომელიც უმთავრესია ჟენევისთვის, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემეტნაცია, ძალის არგამოყენება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყო სრულად განხილული", - განაცხადა ზალკალიანმა.