გამოცემა "ბლუმბერგის" ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა თარხან ბათირაშვილმა, იგივე ომარ ალ-შიშანმა , მამასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათი შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილმა მამას სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" გაანადგურა ერაყის არმია და ქალაქი მოსული აიღო, ბოლოს კი დასძინა, რომ რუსეთი შემდეგი იქნება.
"ათასობით მიმდევარი მყავს და კიდევ უფრო მეტი მეყოლება. რუსეთისთვის სამაგიერო გვაქვს გადასხდელი. არ იდარდო მამა, ჩამოვალ და რუსებს მოვუვლიო", - ციტირებს "ბლუმბერგი" თარხან ბათირაშვილის მამის, თემურ ბათირიშვილის კომენტარს.
სირიაში მებრძოლი თარხან ბათირაშვილის ოჯახი პანკისში ცხოვრობს. რამდენიმე კვირის წინ თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის "შავ სიაში" მოხვდა. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში იყო აღნიშნული, თარხან თემურის ძე ბათირაშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაცია "სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელთა რიგებში ირიცხება და არაერთი თავდასხმის ორგანიზატორია.