მედიაგაერთიანება, მიმართვის შემთხვევაში, ნაციონალურ მედიასაშუალებასაც გამოექომაგება

მედიაგაერთიანება, მიმართვის შემთხვევაში, ნაციონალურ მედიასაშუალებასაც გამოექომაგება

მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატორებმა დღეს სტუდია „ობიექტივში“ წესდების პროექტი წარადგინეს. წესდების თანახმად, მედიაგაერთიანება არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, რომლის მთავარი დანიშნულებაც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში გამოიხატება. თუკი რომელიმე მედიასაშუალებას დახურვის, ზეწოლის საფრთხე დაემუქრება, ან რომელიმე ჟურნალისტს უკანონოდ დაიჭერენ, მედიაგაერთიანება ხელისუფლებას ორგანიზებულ წინააღმდეგობას გაუწევს_ მოეწყობა საპროტესტო აქციები, დაიწერება შესაბამისი წერილები, სტატიები, გაზეთების წამყვან გვერდებზე კი კონკრეტული მედიასაშუალების სოლიდარობის ნიშნად განცხადება განთავსდება, ერთი წერილი კი აუცილებლად საზღვარგარეთ გაიგზავნება.

პირველ ეტაპზე მედიაგაერთიანება ორი-სამი ადამიანით დაკომპლექტდება, რომელთა შორის აუცილებლად იქნება ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მედიაგაერთიანების წევრებს იურიდიულ საკითხებში გაარკვევს. მათ ოფისიც ექნებათ და ხელფასებიც. მედიაგაერთიანების წარმომადგენლები თავად მედიამფლობელებისგან დაფინანსდებიან და საგრანტო დაფინანსებას არ მიიღებენ, რათა ამით გრანტის გამცემისგან ზედმეტი ვალდებულებები გამოირიცხოს.

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ბიზნესს ხელყოფისგან,“_ აღნიშნა მედიაგაერთიანების შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და განმარტა, რომ მედიასფეროში მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ასეთი პრობლემები, რაც უკანასკნელი თვეების მანძილზე შეიქმნა, არასდროს ყოფილა.  

ამ ეტაპზე მედიაგაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს „მაესტროს“ (ტელეკომპანია და რადიო „მაესტრო“), „რეზონანსის“, ინტერნეტგამოცემა Presage.tv-ის, “ასავალ-დასავალის”, “კვირის პალიტრის” ჰოლდინგის, სტუდია “ობიექტივის”, გაზეთ “ვერსიის” მედიასაშუალებებმა. მოგვიანებით მათ რეგიონალური მედიიდანაც შეუერთდებიან. მედიაგაერთიანების ინიციატორები ამ ეტაპზე გარდაუვალ საჭიროებას ვერ ხედავენ, რომ მათ მაინცდამაინც ყველა მედიასაშუალება შეუერთდეს, არამედ_ ვისაც სურვილი გაუჩნდება, მედიაგაერთიანებაში სწორედ ისინი გაწევრიანდებიან. საწყის ეტაპზე კი მედიაგაერთიანების ინიციატორნი 20-30 ორგანიზაციის შემომატებას ვარაუდობენ.

მამუკა ღლონტის თქმით, მედიას ხმა უნდა აემაღლებინა მაშინაც, როცა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა „საშინელი დასკვნა“ რეკლამის შესახებ.

„რა გავაკეთეთ მაშინ? გავაპროტესტეთ? ეს იმიტომ, რომ არ ვართ ორგანიზებულნი“, _აცხადებს ღლონტი. მისივე თქმით, „ენჯეოშნიკებს“ სულ სხვა ინტერესები აქვთ, ამდენად, მედიამ თავად უნდა მიხედოს საკუთარ თავს. „ერთ რომელიმე გაზეთს აშშ-ის ელჩთან შეხვედრა რომ დასჭირდება, ის არ შეგხვდებათ, მედიაგაერთიანებას კი სხვა წონა ექნება“, _მიიჩნევს მამუკა ღლონტი. 

ამასთან, „მაესტროს" დამფუძნებელს მიაჩნია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ თავად მედიის წარმომადგენლები გულგრილად უყურებდნენ სხვა მედიასაშუალებების პრობლემებს, რაც ყველას უკუღმა შეუბრუნდა _ და დღეს ჩვენ ყველანი რიგში ვართ... ამდენად, „,მაესტროს“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ახალი ხელისუფლების პირობებშიც მალე სიმპათია ანთიპათიად გადაიქცეს. ამიტომ მედიის წარმომადგენლები ყველაფერს მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.

„თუ რომელიმე ჩვენი კოლეგა დაიჭირეს, მარტო ორი კვირის მანძილზე კი არ უნდა გავაპროტესტოთ და მერე გავჩერდეთ, არამედ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, თუნდაც წერილებით, პუბლიკაციებით,“_ აღნიშნა ღლონტმა.

მედიაგაერთიანების შექმნაზე საუბარი მას შემდეგ გაცხოველდა, რაც ბოლო დროს მედიამ ხელისუფლებისგან არაერთ შეტევა განიცადა. უკვე ცნობილია, რომ მედიაგაერთიანების წევრები დაეხმარებიან ნებისმიერ მედიასაშუალებას, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ესა თუ ის გამოცემა. ოღონდ, კონკრეტულ მედიასაშუალებებს დახმარებას გაუწევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიასაშუალების წარმომადგენელი თავად შეიტანს განცხადებას მედიაგაერთიანებაში და კოლეგებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, „რეალ-თივიში“ საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები შევლენ, მაგრამ ისინი თვითონვე გადაწყვეტენ პრობლემის მოგვარებას, ჩვენ მათ საქმეში არ ჩავერევით“,_აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

გარდა ამისა, გადაწყდა, რომ მედიის უფლებების დამცველ ამ ორგანიზაციაში მაინცდამაინც მედიამფლობელები უნდა გაერთიანდნენ და არა_ ჟურნალისტები, რადგან, თუ ჟურნალისტი კონკრეტულ მედიაორგანიზაციას შეიცვლის და სხვაგან გადავა, ამით წინააღმდეგობა შეიქმნება.  

მედიაგაერთიანების წევრები სულ მალე მემორანდუმს მოამზადებენ (მემორანდუმის შედგენის სურვილი ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა გამოთქვა), წესდებასაც დაამტკიცებენ და საკუთარ ხელმოწერებსაც დააფიქსირებენ.

Presage.tv-ის რედაქტორის, როზი ჯღამაიას ინიციატივით, მედიაგაერთიანებას მალე საკუთარი ვებგვერდიც ექნება. რაც შეეხება მედიაგაერთიანების დასახელებას, მასში სიტყვა „მედია“ და „სოლიდარობა“ აუცილებლად დაფიქსირდება.

მედიაგაერთიანების წარმომადგენელთა მომდევნო სამუშაო შეხვედრა უკვე 2012 წლის 4 იანვარს, 14.00 სთ-ზე გაიმართება და მასზე ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდება. 

ცნობისთვის, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა მედიაგაერთიანებისთვის წესდების შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომლის შემადგენლობაში გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი ჯაბა ხუბუა, "presage.tv"-ს რედაქტორი როზი ჯღამაია, რადიო "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხატია ქვათაძე და გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში არიან.