სენაკელ ოპოზიციონერს ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

სენაკელ ოპოზიციონერს ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

ზუგდიდის რაიონულ  სასამართლოში დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, რევაზ ხულორდავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა, სადაც მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე უნდა ემსჯელათ.

ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლაურა მიქავა ტენდენციურობასა და არაობიექტურობაში დაადანაშაულა, რაც ბრალმდებელი მხარის მიმართ უპირატესობაში გამოიხატა. სასამართლო სხდომაზე შალვა შავგულიძემ მოსამართლის აცილების საკითხიც უშედეგოდ დააყენა. თავად მოსამართლე მიქავამ კი ადვოკატის გაძევება სხდომათა დარბაზიდან რამდენჯერმე სცადა. შალვა შავგულიძე ბრალდებულის ძმის, მალხაზ ხულორდავას ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების  ფაქტსაც რევაზ ხულორდავას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი განცხადებით ხულორდავების ოჯახის მიმართ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას მიზანმიმართულად ახორციელებს.

რევაზ ხულორდავა სენაკელმა სამართალდამცავებმა 20 ნოემბერს, მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინციდენტი, რომელიც რევაზ ხულორდავას დაპატიმრების საფუძველი გახდა, 15 სექტემბერს სენაკში, სოხუმიდან დევნილი მერაბ ბერულავას ოჯახში მოხდა. სტუმრებს შორის ერთ-ერთი სენაკელი ლეიბორისტი და ხულორდავას მეგობარი რობერტ შალამბერიძე იყო, რომელმაც სუფრაზე დაწყებული შელაპარაკების დეტალებზე presage.tv-სთან ისაუბრა.

„მე, რევაზ ხულორდავა, დავით მგალობლიშვილი, ზურაბ წულუკიძე და ზურაბ პაპავა ბერულავების ოჯახს საკუთარი პურ-მარილით ვეწვიეთ. შუა მოლხენისას პაპავასა და წულუკიძეს შორის სიტყვიერი შეურაცყოფა მოხდა. მე და რევაზი ჩავერიეთ და მეგობრების დაშოშმინება ვცადეთ. თითქოს ყველაფერი მშვიდად გაგრძელდა, მაგრამ სუფრასთან სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც ოთახში ორი უცხო პირი შემოვიდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი ბერულავას სიძე, თემურ ლუტიძე აღმოჩნდა.

ლუტიძემ როგორც კი ჩვენი შექეიფებული მდგომარეობა ნახა, ხმამაღლა გვითხრა, თქვენი სიმთვრალის ყურება არ შემიძლია და დროზე აქედან ჩქარაო. ერთი სიტყვით ოჯახიდან გაგვყარა. მიუხედავად ამისა, მე და რევაზი ზრდილობიანად დავემშვიდობეთ და წამოვედით. მეორე დღეს გავიგეთ, რომ სუფრის ერთ-ერთი წევრი, დავით მგალობლიშვილი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მე და ხულორდავამ მივაკითხეთ დაჭრილს. აღმოჩნდა, რომ მას მუცლის არეში ჰქონდა დანით მიყენებული ჭრილობა. გამოჯანმრთელება ვუსურვეთ მგალობლიშვილს და წამოვედით. შემდეგ ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დანაშაული რევაზ ხულორდავამ ჩაიდინა“ - განაცხადა შალამბერიძემ.

ამ ისტორიიდან მეორე დღეს სენაკის პოლიციამ რევაზ ხულორდავას საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა იმ დროს ჩაატარა, როცა ოჯახის უფროსი შინ არ იმყოფებოდა. პოლიციის გამომძიებელმა კი, ხულორდავას მეუღლეს, ლია ხორავას ჩხრეკის ორდერზე ხელი მოტყუებით მოაწერინა, თითქოს მეუღლის არყოფნას ადასტურებდა. ჩხრეკის შედეგად ხულორდავას ბინიდან პოლიციამ სამზარეულოს დანები და საგვარეულო ხანჯალი ამოიღო.

იმავე დღეს, სენაკის პოლიციამ  რევაზ ხულორდავა საკუთარ ბინაშივე დააკავა. მისი მეუღლე იხსენებს, რომ გამომძიებელმა სახლიდან გაყვანამდე, დაკავებული ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა, თუმცა, შემდგომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ლია ხორავას განცხადებით, „18 სექტემბერს სენაკის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. შეთითხნილი ოქმის მიხედვით, ჩემი ქმარი თურმე იგინებოდა, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.

შემდეგ გავარკვიე, რომ რევაზთან ვინმეს დაჭრის თაობაზე კითხვა საერთოდ არ დაუსვამთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციას ჩემი ქმრის წინააღმდეგ არავითარი სამხილი არ გააჩნდა. მას არც დაზარალებული მგალობლიშვილი ამხელდა. არც კი ვიცით, რის საფუძველზე წაუყენეს ბრალი. არსებობს ვერსია, რომ მგალობლიშვილი მასპინძლის სიძემ, თემურ ლუტიძემ დაჭრა. ამ საქმესთან დაკავშირებით არც ლუტიძე და არც მასთან ერთად მყოფი პირი დაკითხული არ არის. ამბობენ იმასაც, რომ დამნაშავემ თავი აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა.“

თემურ ლუტიძის მოწმის სახით დაკითხვაზე კატეგორიული უარი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვლადიმერ ქორთუამაც განაცხადა, რომელსაც პოზიცია მოსამართლემაც გაუმყარა. წინასასამართლო სხდომის დეტალებზე presage.tv-სთან ადვოკატი შალვა შავგულიძე საუბრობს.

ბატონო შალვა, რა გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსამართლის აცილება მოგეთხოვათ?

- სამწუხაროდ, მოსამართლემ გამოიჩინა აშკარა ტენდენციურობა და არაობიექტურობა ბრალდების მხარის სასარგებლოდ. ბრალდების მხარემ ჩვენს მიერ წარდგენილი გარკვეული მტკიცებულებები, რომელსაც უშუალო შემხებლობა ჰქონდა საქმესთან და აშკარად ადასტურებდა ბრალდებულის უდანაშაულობას, სადავო გახადა. მე მოვითხოვე, რომ მომცემოდა კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა და დამედასტურებინა, თუ რატომ ჰქონდა ამ მტკიცებულებებს შემხებლობა საქმესთან. მოსამართლემ, სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არასოდეს მინახავს სხვაგან, არ მომცა უფლება დამედასტურებინა, ანუ პასუხი გამეცა ბრალდების მხარის პოზიციაზე, არ მომცა უფლება საქმისათვის მტკიცებულებები დამერთო. ამის შემდეგ დავაყენე შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ, რაც რა თქმა უნდა, მოსამართლე ლაურა მიქავამ არ დააკმაყოფილა.

ასეთ პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ დაცვის განხორციელება?

- ჩვენ საკმაოდ შეგვზღუდეს იმ მტკიცებულებათა წრით, რომელთა განხილვაც მოხდება დაცვის მხარის სასარგებლოდ, მაგრამ უიმედოდ მაინც არ ვართ, ვინაიდან თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აშკარად ურთიერთწინააღმდეგობრივია. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ რევაზ ხულორდავას უდანაშაულობის დამტკიცება მოხდება. მე არ ვიცი, ეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოხდება, შემდგომ ინსტანციებში თუ საჭირო გახდება ევროპული სასამართლოს ჩარევა, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს ადამიანი ინციდენტის დროს იქ არ ყოფილა და ყველა ის მოწმე, რომელიც ადასტურებს, თითქოს მან მიაყენა ჭრილობა დაზარალებულ მგალობლიშვილს, უბრალოდ ცრუობს. ფაქტობრივად, ასეთი მოწმე არის მხოლოდ ერთი, დაზარალებული მგალობლიშვილი. არსებობს სამი ირიბი მოწმე, დედა, მეუღლე და ერთი ამხანაგი, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს მგალობლიშვილმა უთხრა მათ, რომ ჭრილობა ხულორდავამ მიაყენა. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი საფუძველი ხულორდავას მიმართ ამ ბრალდების წარდგენისა, არ არსებობს. აქედან, ლოგიკურია დასკვნა-არსებობს პოლიტიკური საფუძველი.

გამოითქვა ეჭვი, რომ მგალობლიშვილს ჭრილობა მასპინძლის ნათესავმა, თემურ ლუტიძემ მიაყენა. რატომ არ სურს გამოძიებას ამ პირის დაკითხვა ან რატომ გაქრა საქმის მასალებიდან მისი გვარი?

 - საქმის მასალების მიხედვით, გამომძიებელი ერთ-ერთ მოწმეს უსვამს კითხვას, ხომ არ იყო იმ დღეს სუფრაზე თემურ ლუტიძე. მოწმე პასუხობს, რომ არ ყოფილა, მაგრამ მანამდე მისი გვარი არსად არ ფიგურირებს. ჩვენ მოვითხოვეთ გამომძიებლის დაკითხვა სწორედ იმის გასარკვევად, თუ რატომ გაუჩნდა ეს კითხვა, საიდან გაჩნდა მისი ინტერესის სფეროში ეს გვარი. უარი მივიღეთ ამაზე ისე, როგორც ლუტიძის დაკითხვაზე. როცა სასამართლო წინასწარ ამბობს უარს ამ ყველაფერზე, აშკარაა რომ ამ სასამართლოს და კონკრეტულად ამ მოსამართლეს, არ სურს სიმართლის დადგენა. მას აქვს ერთადერთი სურვილი, შეასრულოს პროკურორის მითითება, რომ უკანონო ბრალდება სასამართლოს განაჩენით დაადასტუროს.

სენაკის პოლიციამ ადმინისტრაციული ბრალდებით რამდენიმე დღის წინ მალხაზ ხულორდავა, ბრალდებულის ძმა დააკავა. რისთვის დასჭირდათ სამართალდამცავებს მისი მოშორება?

– როგორც ჩანს, ამ რეგიონში ადმინისტრაციულ დაპატიმრებებს ძალიან ბოროტად იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები თავისი მიზნების მისაღწევად. რევაზ ხულორდავა დაცვის მხარეს აქტიურად ეხმარებოდა იმ პირთა წრის დადგენაში, რომელთაც შეეძლოთ განმარტებების გაკეთება ამ საქმესთან დაკავშირებით და რომელთა მოწმის სახით დაკითხვასაც ადვოკატები სასამართლოში მოვითხოვდით. ეტყობა, ეს გახდა ცნობილი პოლიციისთვის, ხოლო როცა ჩვენ სატელეფონო საუბრებით შევთანხმდით სენაკში შეხვედრაზე, ერთი დღით ადრე იგი დააკავეს. მას ორთვიანი ადმინისტრაციული სახდელი ხულიგნობის ბრალდებით ისევე შეუფარდეს, როგორც ცოტა ხნის წინ რევაზ ხულორდავას და იმ სუფრაზე მყოფ კიდევ ორ ადამიანს.

ეს ადმინისტრაციული დაპატიმრებები იმისათვის დასჭირდათ, რომ მათზე ზემოქმედება მოეხდინათ, პოტენციური ბრალდებულები აეძულებინათ წარდგენილი ბრალი ეღიარებინათ, ხოლო მოწმე პატიმრებისგან სასურველი ჩვენებები მიეღოთ და უკანონო ბრალდება დაედასტურებინათ. ამის მხილება აუცილებლად მოხდება. არ შეიძლება, ასეთ უსამართლო გარემოში მიმდინარეობდეს სამართალწარმოება და საერთოდ, ადამიანები ცხოვრობდნენ და არსებობდნენ.

ხელისუფლების მხრიდან რევაზ ხულორდავას მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე presage.tv-სთან  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის წევრმა, მამუკა ბაბილუამაც ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ, როცა საკრებულოში სამართალდამცავი სტუქტურების ბალანსზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხი განიხილებოდა, რევაზ ხულორდავამ პროტესტი ხმამაღლა გამოთქვა და განაცხადა, იმ პოლიციას, რომელიც უკანონოდ იჭერს ხალხს მე ვერ გავაძლიერებ, ამის უფლება არ მაქვსო. იქვე მუნიციპალიტეტში არსებული ის სოციალური პრობლემები დაასახელა, რომელსაც ხელისუფლება პრიორიტეტულად არ მიიჩნევს. ამორალურიც არის, მშიერი და ავადმყოფი ხალხი გყავდეს, პოლიციას კი „პიკაპებისა“ და საწვავის რაოდენობა გაუზარდო. იმ დღეს საკრებულოს უმრავლესობამ ერთი ხელის აწევითა თუ მოსმით, პოლიციას 110 ათასი ლარი უფეშქაშა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარები გახშირდა. ეუბნებოდნენ, „დროშების ფრიალს თავი გაანებე, თორემ ნარზე ჯდომა დიდხანს მოგიწევსო.“ მთავარი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში რევაზ ხულორდავას ხელისუფლებამ არ აპატია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სენაკში დაწყებული ხელმოწერების შეგროვება გახდა. ამ ღონისძიების ინიციატორი სწორედ ხულორდავა გახლდათ“. - აცხადებს ბაბილუა.

რევაზ ხულორდავას საქმეზე სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 5 იანვარს განახლდება.