როსტომ მეფის სასახლე - პოლიტიკური დევნის ნაწილი

როსტომ მეფის სასახლე - პოლიტიკური დევნის ნაწილი

როსტომ მეფის სასახლის ირგვლივ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება გაახმიანა. მანამდე ყველაფერი თავისი დინებით მიდიოდა. ხელისუფლებამ როსტომ მეფის სასახლეს პრობლემები შეუქმნა, რათა ამ ისტორიულ სასახლეში „ქართული ოცნების“ ოფისის დაფუძნება არ დაეშვა და სასახლეში ღამით უცხო პირების შეჭრა უზრუნველყო, სასახლის მშენებლობა კი შეაჩერა.

თბილისში, ერეკლე მეორის მოედაზე №3-ში მდებარე როსტომ მეფის სასახლე ეკუთვნის შპს. „ახალ კაპიტალს“, რომელიც „ქართუ ჯგუფში“ შემავლი კომპანიაა და შესაბამისად, მისი სახელი ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. ამის გამო მის წინააღმდეგ პრობლემების მთელი წყება წამოვიდა. კერძოდ, როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული სადაო საკითხები ოთხ ჯგუფად იყოფა: 1. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერება და შენობის ექსპლუატაციაში მიუღებლობა. 2. თბილისის მერიის მიერ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნაგობის უფლების გაუქმება; 3. სასახლეში უცხო პირთა შეჭრა; 4. როსტომ მეფის სასახლის წინ უკანონოდ ხის კონსტრუქციის აღმართვა.  

ამ პრობლემების გამო დღეს ადვოკატები ეკა ბესელია და არჩილ კბილაშვილი მერიისა და მისი ქვეუწყების - ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრებენ. ამასთან, ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ საჩივარი თბილისის მერიაშიც შევა, რითაც ადვოკატები სასახლის ექსპლუტაციში მიუღებლობას გაასაჩივრებენ. მიმდინარე კვირას კი უკვე მორიგი სარჩელი შევა სასამართლოში როსტომ მეფის სასახლეში უკანონოდ შეჭრილ პირთა გამოსახლების მოთხოვნით. ასევე, ადვოკატები უკანონოდ შეჭრილ პირთა მიმართ ხელშეწყობის მიზნით, პოლიციის უმოქმედობის გამოც ამზადებენ სარჩელს.

როგორც Presage. tv-სთან საუბარში ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, როსტომ მეფის სასახლეს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

 „მერიის ზედახედველობის სამსახურს აღნიშნული შენობა ექსპლუატაციაში უნდა მიეღო, რისთვისაც მას 2011 წლის 1 სექტემბერს მივმართეთ. შენობის ვარგისად ან უვარგისად ცნობის 30 დღიანი ვადა არსებობს, მაგრამ, თუკი შესაბამისმა სამსახურმა ამ ვადის ფარგლებში არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღო, შენობა ვარგისიანად ითვლება. მართლაც, 30 დღიანი სამუშაო ვადა 13 ოქტომბერს ამოიწურა. 7 ოქტომბერს კი პოლიტიკური განცხადება გააკეთდა ბიძინა ივანიშვილმა. ამას მოჰყვა, რომ 26 ოქტომბერს მერიის შესაბამისი სამსახური ადგილზე გამოცხადდა და გვითხრა, ხარვეზები აღმოვაჩინეთ და შევაჩერეთ მშენებლობაო. თანაც, ამის შესახებ დაგვიანებით გვაცნობეს, და არა -13 ოქტომბრამდე,“ -  აცხადებს ადვოკატი.

კბილაშვილის თქმით, მშენებლობის შეჩერება ნიშნავს ხარვეზის გამოსწორებას, მეორე გზა კი არის პროექტის შეცვლა და მერიის სამსახურთან მისი შეთანხმება.

„მართლაც შევცვალეთ პროექტი, მაგრამ ახალი პროექტი აღარ მიიღეს. ახლა კიდევ მეორედ ვცდით პროექტის დაკორექტირებას“, - აღნიშნა კბილაშვილმა.

ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან როსტომ მეფის სასახლის ექსპლუატაციაში მიუღებლობის მოტივი ის იყო, რომ თურმე, პროექტსა და არსებულ რეალობას შორის შეუსაბამობა არსებობდა. ამას ადვოკატი არჩილ კბილაშვილი არც უარყოფს, მაგრამ აცხადებს, რომ მშენებლობაში ჩახედულმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ შეუძლებელია არსებული სამშენებლო რეალობა 100 %-იანი სიზუსტით ემთხვეოდეს პროექტს. ამ შემთხვევაში, მთავარი ყოფილა, თუ რამდენად არსებითია ეს შეუსაბამობა, რადგან ფილებისა და ღიობის უზუსტობა ბევრს არაფერს აკლებს აღნიშნულ პროექტს და გამოსწორებადია.

რაც შეეხება როსტომ მეფის სასახლეში უკანონოდ შეჭრილ პირებს (შენობაში შეჭრილები არიან „ლაით ჯგუფის“ წარმომადგენლები და მათ ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული ისეთ კომპანიასთან, რომელიც არაუფლებამოსილი პირი იყო) არჩილ კბილაშვილის თქმით, შეჭრა ღამით განხორციელდა. მართალია, ადვოკატებს შეეძლოთ, ეს არ დაეშვათ, თუმცა გართულებაზე არ წავიდნენ. ამჯერად კი ისინი კანონიერი გზით მოითხოვენ, შენობა დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს და  ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის მიზნით საკუთრების ხელყოფა შეწყვიტოს.

შენობაში შეჭრილ უცხო პირთა გამოსახლების ორი გზა არსებობს: პოლიციისა და სასამართლოს მეშვეობით. პირველი გზა გაცილებით ეფექტურია, რადგან პოლიციას თავისი ქმედების განსახორციელებლად 30 დღიანი ვადა აქვს. ამის მიუხედავად, ადვოკატი აცხადებს, რომ 30 დღეც გავიდა და მეტიც, მაგრამ როსტომ მეფის სასახლიდან უცხო პირები არ გაუყვანიათ. მომხდარის გამო არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა, რადგან სხვის შენობაში შეჭრა დანაშაულია და ამ მხრივ გამოძიება სამ დღეში უნდა დაწყებულიყო. ამიტომაც ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ, პარალელურად სასამართლოშიც შეიტანენ სარჩელს, თუმცა სასამართლოს გზა პროცედურულად ხანგრძლივვადიანია.

Presage. tv ესაუბრა არჩილ კბილაშვილს:

როსტომ მეფის სასახლის ირგვლივ პრობლემების შექმნა იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისი იქ აპირებდა დაფუძნებას? მას შემდეგ, რაც სამართლებრივი სტატუსი აღდგება, „ქართული ოცნება“ ჟურნალისტთა სახლიდან როსტომ მეფის სასახლეში გადავა?

- ის, რომ როსტომ მეფის სასახლეში ოფისის განთავსება ალბათ მიუღებელი იყო სახელმწიფოსთვის, არცთუ უსაფუძვლოა. მოვლენათა ანალიზი ამის თქმის საფუძველს გვაძლევს. ხოლო მომავალში, როდესაც ის ოფისი დაიწყებს ფუნქციონირებას, არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისმა იქ გადაინაცვლოს.

რა მოტივით შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა როსტომ მეფის სასახლე?

- როსტომ მეფის სასახლე „ქართუ ჯგუფში“ შემავალმა ერთ-ერთმა კომპანია შპს „ახალმა კაპიტალმა“ 2010 წლიდან მშენებარე მდგომარეობაში შეიძინა და დაასრულა მისი მშენებლობა. ალბათ ადგილმდებარეობის, ფართის, ისტორიული თვალსაზრისის, პრესტიჟულობის კრიტერიუმებით გადაწყდა როსტომ მეფის სასახლეში „ქართული ოცნების“ ოფისის განთავსება. ეს სასახლე თავისი ვიზუალური მდგომარეობითა და ადგილმდებარეობით ალბათ, პასუხობს მოწინავე მოძრაობის თუ პოლიტიკური გუნდის ინტერესებს.

როსტომ მეფის სასახლის რეკონსტრუქციისთვის რა თანხა დაიხარჯა?

- ეს მონაცემები არ მაქვს, მაგრამ არა მგონია, საიდუმლო იყოს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ჯგუფის მიერ ამ სასახლის ქვემოთ, მოედანზე, მიწისქვეშა ავტოფარეხებია გაკეთებული, რომელშიც მილიონ 800 ათასი ლარია დახარჯული, მარტო ამ ავტოფარეხების მშენებლობისთვის. უკვე ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ დასრულებულ სტადიამდე, როცა უკვე ექსპლუატაში უნდა მიეღოთ, არ მიუღიათ, რადგან მერიამ გააუქმა აღნაგობის უფლება. აღნაგობა ნიშნავს ისეთ უფლებას, როდესაც მესაკუთრე არის ერთი პირი, ხოლო ამ ქონებაზე სხვა პირი 49 წლით (და ახლა უკვე 99 წელიც არის კანონით განსაზღვრული) სარგებლობს უფლებით, ააშენოს ის, რაც პროექტითაა გათვალისწინებული. 49 წლიანი აღნაგობის ხელშეკრულება არსებობდა მერიასა და ჩვენს კომპანიას, „ახალ კაპიტალს“ შორის. ამ ხელშეკრულების ფარგლებში პრაქტიკულად დასრულდა სამუშაოები, დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხა, 21 ოქტომბერს კი მერიამ ცალმხრივად გააუქმა აღნაგობის ხელშეკრულება, ისე, რომ მიზეზიც არ დაუსახელებია.

თბილისის მერმა ირიბად მადლობაც კი გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, როცა აღნიშნა, რომ ოპერის სარემონტო სამუშაოებისთვის მადლობა თუ არის გადასახდელი, უნდა მას ვუთხრათ ეს მადლობა. ეს ორი მოქმედება რამდენად თავსებადია ერთმანეთთან?

- ვერ გეტყვით, ეს სცილდება ჩემს პროფესიულ სივრცეს, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ავტოფარეხების ჩამორთმევა ყოველგვარი ნორმის დარღვევით მოხდა და მერე საჯარო რეესტრმა დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გაატარა ეს გაუქმება, რაც დაუშვებელია.