რუსებამდე კიტოვანს შეიარაღება ხაბულიანმა ჩააბარა

რუსებამდე კიტოვანს შეიარაღება ხაბულიანმა ჩააბარა

განვლილ ოცწლეულში ბევრი დაიწერა სისხლიან დეკემბერზე. თითქოსდა, უკვე ყველაფერი ვიცით, ვინ დაიწყო, რატომ და როგორ... მაგრამ, ქრონოლოგიური სიახლოვის მიუხედავად, ჩვენს თვალწინ მომხდარი მოვლენების სრული სურათი ჯერ კიდევ არაა აღდგენილი. დღევანდელ საქართველოში, ნაწილობრივ - ემიგრაციაში, იმდროინდელი ამბების მომსწრე და მონაწილე უამრავი ადამიანია, რომლებმაც ბევრი რამ იციან ისეთი, რაც ჯერ კიდევ უცნობია ისტორიკოსებისა დაინტერესებული საზოგადოებისათვის. თითოეულ ცნობას, მათ მიერ მოწოდებულს, ოქროს ფასი ადევს, როგორც საისტორიო წყაროს. ამდენად, ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისტორია, რომელიც ჩვენთან საუბარში გაიხსენა უზენაესი საბჭოს წევრმა, (იგი დღემდე ჰოლანდიაში ცხოვრობს) იური ბურკაძემ.

-ნო იური, თქვენ ინტერვიუს ჩაწერამდე, პრივატულ საუბარში ბრძანეთ, რომ სკადალური ინფორმაციის გამხელას აპირებთ იმის თაობაზე, როგორ გადასცეს მეამბოხეებს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დიდძალი შეიარაღება უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

– დიახ, ასე გახლავთ. მე გიამბობთ იმას, რისი თვითმხილველი ვიყავი უშუალოდ და მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სკანდალურია ეს ინფორმაცია.

მინდა ჩაგეკითხოთ - რატომ იგრძენით ამის საჭიროება ამდენი ხნის შემდეგ? იქნებ ჯობდა, საზოგადოებას ბევრად უფრო ადრე გაეგო ეს ამბავი?

– ნუ განვავრცობთ ამ თემას. ერთხელ მქონდა მცდელობა, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. თუ რატომ, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

კეთილი. მაშინ პირდაპირ საკითხზე გადავიდეთ. რა პერიოდის  ამბებს ეხება თქვენი ისტორია?

– ეს იყო 24 დეკემბერი, ომის დაწყებიდან მესამე დღე. თარიღს შეგნებულად ვუსვამ ხაზს. ბევრ ვინმეს დღემდე ჰგონია, რომ 29 დეკემბრამდე, ვიდრე ჯაბა იოსელიანს და მხედრიონელებს ციხიდან გამოუშვებდნენ, მოვლენები ხელისუფლების კარნახით მიმდინარეობდა და მის მხარეს იყო როგორც ინიციატივა, ასევე უპირატესობა, მათ შორის - სამხედრო თვალსაზრისით...

თქვენ თვლით, რომ ასე არ იყო?

– სხვა რამეს ვამბობ. ომის პირველ დღეებში სახელისუფლებო გვარდია გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე მეამბოხეთა სამხედრო ძალა, მაგრამ უკვე 24 დეკემბერს მოხდა პირველი დიდი ღალატი, რის შედეგადაც კიტოვანის ხელში აღმოჩნდა მანამდე ხელისუფლების განკარგულებაში მყოფი დიდძალი შეიარაღება, მათ შორის-- მძიმე ტექნიკაც.

საინტერესოა. მოდით, დეტალურად აღვადგინოთ 24 დეკემბრის მოვლენები.

– კი ბატონო. იმ დილით უზენაეს საბჭოში ვიყავი. იმის მიუხედავად, რომ გარეთ ინტენსიურად ისროდნენ, შენობაში როგორღაც შემოაღწია ორმა პიროვნებამ,  დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის პრეფექტურის წარმომადგენლებმა. მე  მათ კარგად ვიცნობდი. მითხრეს-- რუსების სამხედრო ბაზიდან ბეტეერი და 100 ავტომატი გამოვიტაცეთ, ნახევარი სამტრედიელებს გადავეცით, დანარჩენის თბილისში ჩამოტანა გვინდა, მაგრამ ბეტეერის მართვის მცოდნე კაცი და ეკიპაჟი არ გვყავს, იქნებ დაგვეხმაროთო.

ამ საუბარს ვინმე ესწრებოდა?

– არავინ. მე მაშინვე დავუკავშირდი თავდაცვის მინისტრს ჯონი ფირცხალაიშვილს და ვთხოვე, 4 კაცი მოგვეცი, რომ ბეტეერი ვანიდან თბილისამდე ჩამოვიყვანოთ-თქო. მიპასუხა - მე არაფრით არ შემიძლია დახმარება, მაგრამ თუ ეკიპაჟი გჭირდებათ, დილარ ხაბულიანს მიაკითხეთ, დანამდვილებით ვიცი, რომ ჰყავსო.

ხაბულიანი იმ დროს სად იყო?

– საკუთარ კაბინეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. იმ დროისათვის უზენაესი საბჭოს შენობა ჯერ კიდევ არ იყო ყრუდ ბლოკირებული და დეპუტატ გივი თაქთაქიშვილის მძღოლთან ერთად მანქანით წავედი. ორთაჭალამდე დაუბრკოლებლად მივაღწიე. პირველი, რაც თვალში მომხვდა ეზოში შესვლისას, ეს იყო დიდძალი სამხედრო ტექნიკა, დაახლოებით 10-12 ერთეული ბეტეერი, ბეემპე და ჰაუბიცა. უშუალოდ შენობის დერეფნები და კაბინეტები ავტომატიანი ადამიანებით იყო სავსე. არ დამითვლია, მაგრამ ათასამდე იქნებოდნენ.

ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

– მე მათ არ ვიცნობდი.

ნაცნობი არავინ დაგინახავთ?

– როგორ არა. შენობაში უზენაესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატსაც მოვკარი თვალი. იქ იყვნენ ველოდი მირცხულავა, ბიმურზა აფრასიძე, ალიკა მასხარაშვილი (ეს უკანასკნელი მოგვიანებით მეამბოხეებს მიემხრო)... თემურ მჟავიაც დავინახე.

ხაბულიანი სამინისტროში იყო?

– კი, იქ იყო და თვალებზე მარლა ჰქონდა აფარებული (ომის დაწყების წინა დღეს დილარ ხაბულიანს უზენაესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელმა პიროვნებამ თვალებში გაურკვეველი სითხე შეასხა). მის სიახლოვეს 20-30 შეიარაღებული კაცი ტრიალებდა, ოღონდ მებრძოლებს არ ჰგავდნენ. ისინი იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, სუფთად გამოწყობილები... მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც მტრულად ამათვალ-ჩამათვალიერეს...

კაბინეტთან, დერეფანში დემურ მიქაძეს შევეჩეხე, ხაბულიანის მოადგილეს და ავუხსენი, რისთვისაც ვიყავი მისული. ეგ უშუალოდ მინისტრის კომპეტენციააო, მითხრა, მე ახლა მარნეულში მივდივარ ოპერაციაზე, აგერ ჩემი კაბინეტის გასაღები, შედი და დამელოდეო.

მინისტრი არ გინახავთ?

– რა თქმა უნდა, ვნახე. კაბინეტში შევედი და ეს შეიარაღებული ბობოლებიც შემომყვნენ. ვუთხარი - დილარ, ამდენ ხალხში არ მინდა გელაპარაკო, გასაღები მაქვს და მიქაძის კაბინეტში ავიდეთ-თქო. გადაჭრით იუარა, აქ მითხარი, რაც გინდაო. უკვე მაშინვე მივხვდი, რომ ცუდი რამ ხდებოდა, მაგრამ სხვა რა გამოსავალი მქონდა და დაველაპარაკე. ვუთხარი - ვხედავ, იარაღი აქ თავზე საყრელი გაქვთ, უზენაეს საბჭოში კი თითოეულ ვაზნას უფრთხილდებიან. ხალხი ლაპარაკობს, თითქოს შენ პრეზიდენტს ღალატობ და რას აპირებ-მეთქი. მიპასუხა, მე დღეს სასტუმრო ”თბილისის” გაწმენდის ოპერაცია უნდა ჩავატარო და ყველაფერი დამთავრდებაო. ახლა ოპერატიული თათბირი მაქვს დანიშნული და შენ ვერ დაგასწრებ, სამოქალაქო პირი ხარ და უნდა გახვიდეო.

ცუდი წინათგრძნობის მიუხედავად, იმედი მომეცა და ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ეჭვი მაინც მღრღნიდა. კაბინეტიდან რომ გამოვედი, ეჭვი კიდევ უფრო გამიძლიერდა...

რატომ?

– თანმხლებმა მძღოლმა ჩუმად მითხრა, შენი მინისტრთან შესვლის შემდეგ დერეფანში ხეტიალისას ყური მოვკარი, ის შეიაღებული ტიპები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ბურკაძე აქედან უნდა ავაორთქლოთო.

შემდეგ რა მოხდა?

– ოპერატიული თათბირის დაწყებამდე მიქაძის კაბინეტში ავედი და ფირცხალაიშვილთან გადავრეკე, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა. მისმა მოადგილემ რაფავამ მიპასუხა.  სიტუაცია ავუხსენი და ვუთხარი, რომ შსს-ში ვიმყოფებოდი.

ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში სამინისტროში რეგულარულად მოჰქონდათ ინფორმაციები ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან. მაგალითად, მახსოვს, პოლიციელებმა მოიტანეს ამბავი,  ვაკესა და გლდანში შეიარაღებული მხედრიონელები ბენზინის გასამართ სადგურებზე მოქალაქეებს ავტომანქანებს ართმევენო. საკუთარი ინიციატივით დავურეკე ამ რაიონების პრეფექტებს, რაიმე იღონეთ, რომ ადამიანები ყაჩაღებისგან დაიცვათ-თქო. ამ საქმიანობაში რომ ვიყავი, ნახევარ საათში ყველა ტელეფონი გაითიშა. ცუდად მენიშნა ეს ამბავი.

რომ არ დამავიწყდეს, კიდევ რამდენიმე დეტალი მინდა გავიხსენო. მაგალითად, ჩემი თხოვნით უზენაესი საბჭოს წევრმა ველოდი მირცხულავამ მაინც მოახერხა ხაბულიანთან გამართულ ოპერატიულ თათბირზე დასწრება. მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი. იყო ასეთი პიროვნება, ცუგო ხელაშვილი, სამეურნეო ნაწილის უფროსად მუსაობდა უზენაეს საბჭოში. იმ დროს შსს-ში იმყოფებოდა, რა მიზნით – არ ვიცი. ჰოდა, მოვიდა ეს ხელაშვილი ჩემთან და მეუბნება, ხომ ხედავ, რომ ღალატია, ზვიადს შეატყობინე და მხარი დამიჭირე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად დამნიშნოსო.  ვუთხარი, საკადრო საკითხებში არ ვერევი-თქო. არ ვიცი, ვინმემ რაიმე იეჭვა თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ჩემთვის უცნობმა ტიპებმა ამ ცუგოს ტექნიკურად ააცალეს ავტომატი ...

სამხედრო ოპერაციას დავუბრუნდეთ...

– ოპერაციას, რომელიც საღამოს ხუთის ნახევარზე იყო დაგეგმილი, ხელმძღვანელობდა ვინმე ჭელიძე (70-იანი წლების თბილისის ”დინამოს” ცნობილი მცველის ვახტანგ ჭელიძის ძმა). ერთი საათიც არ იყო გასული, დაბრუნდა ეს კაცი სამინისტროში და თქვა-- ოპერაცია ჩავარდა, მთელი შეიარაღება კიტოვანის გვარდიელებმა ჩაიგდეს ხელშიო. მისი მონათხრობის ყველა დეტალის გახსენება გამიჭირდება. მახსოვს, ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ ააფეთქეს გვარდიელებმა სამტრედიელთა ბეტეერი. კინაღამ გავგიჟდი. ვინ დაიჯერებდა, რომ კიტოვანის ხალხმა (იმ დროისათვის მათი რიცხვი ასს არ აღემატებოდა) ამოდენა ტექნიკა წაართვეს ბევრად მრავალრიცხოვან პოლიციას. იქვე დავაფიქსირე, ეს რეალურად იარაღის ჩაბარებაა და უზენაეს საბჭოსთან დამაკავშირეთ, არიან თუ არა საქმის კურსში-თქო. მითხრეს, აქ სატელეფონო კავშირი აღარაა, შეგიძლია გვერდით, პროკურატურაში გადახვიდე და იქიდან დარეკოო...

იქვე, სავარძელში უზენაესი საბჭოს წევრი თემურ ქორიძე ”თვლემდა”. ვუთხარი, თემურ, ხომ ხედავ, რა ხდება-მეთქი. არ გაინტერესებთ, რა მიპასუხა? მე, ჩემო იური, სამხედროების საქმეში არ ვერევიო.

გამოდის, თქვენ სახიფთო მოწმედ იქეცით...

– საქმეც მაგაშია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხაბულიანის თანმხლები ავტომატიანი ტიპები  მტრულ მზერას არ მაცილებდნენ. ვიგრძენი, რომ ხეირს არ დამაყრიდნენ და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ დამეღწია თავი შენობიდან. უშველა ღმერთმა, ერთი ვანელი კოპალეიშვილი მუშაობდა შსს-ში, იმან გადამარჩინა. სადღაც სარდაფში ცამიყვანა და გვირაბის მსგავსი ვიწრო კორიდორით გამიყვანა გარეთ. იქიდან პირდაპირ უზენაეს საბჭოში წავედი, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში ჩამეყენებინა.

თქვენ ხომ ბეტეერისთვის ეკიპაჟის სათხოვნელად იყავით მისული სამინისტროში?

რაღა აზრი ჰქონდა? ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის  ბეტეერიც კიტოვანის ხელში აღმოჩნდებოდა...

გამსახურდიასთან შეხვედრა თუ მოახერხეთ?

– კი, შევხვდი. ვუთხარი, ერთი-ერთზე მინდა გესაუბროთ-თქო. კაბინეტში კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა. პრეზიდენტმა მათთან ერთად საუბარი თვითონაც არ ისურვა, ხელი მომკიდა და სადღაც, სასადილოს პატარა ოთახში შევედით . იქ ვუამბე ყველაფერი, რაც შსს-ში ვნახე და მოვისმინე.

როგორი იყო მისი რეაქცია?

– კინაღამ გაგიჟდა, როცა გაიგო, რა მასშტაბის მძიმე ტექნიკა იდგა ორთაჭალაში და როგორ ჩაუგდეს იგი ხელთ კიტოვანს. ოპერაციის ჩავარდნის შესახებ,  ცხადია, საქმის კურსში იყო, მაგრამ მას ეს ყველაფერი ისე მიაწოდეს, თითქოს მარცხი მოწინააღმდეგის სამხედრო სიძლიერემ განაპირობა. მკითხა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცეთო. მე ვუთხარი, შსს-ში მოღალატეების ბანდაა შეკრებილი და  მათზე ზემოქმედების მოსახდენად  თბილისელი,  სოხუმელი და ზუგდიდელი ბიჭები  გამოვიყენოთ-თქო. მოგვიანებით, ამ თემაზე სალაპარაკოდ პრეზიდენტთან ”ლემი”-ს მეთაური აკაკი გასვიანი შევუშვი.

24 დეკემბერს თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ხმები მოწინააღმდეგის სამხედრო ძლიერების შესახებ გაზვიადებული იყო. სინამდვილეში მოხდა წმინდა წყლის ღალატი. სანამ რუსებისგან მიიღებდა სამხედრო დახმარებას, 29 დეკემბრამდე 5 დღით ადრე ხაბულიანმა  კიტოვანს ჩააბარა დიდძალი მძიმე ტექნიკა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. რამდენადაც ეს ამბავი მე გავახმიანე უზენაეს საბჭოში, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებით იყო ჩემზე დაბოღმილი. 1992 წლის 1 იანვარს მისმა ძმამ და ვინმე კოპალიანმა ფიზიკურად ანგარიშის გასწორებაც კი დამიპირეს, მაგრამ... როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ და 20 წლის წინანდელ ამბებს ვიხსენებ.

კრიტიკულ მომენტში ხაბულიანის უმოქმედობის შესახებ ადრეც ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, სერიოზული ბრალდებაა. ვინ არის კიდევ ამ ამბის შესახებ საქმის კურსში?

– ვისაც მე ვიცნობ და მახსოვს – ველოდი მირცხულავა, თემურ მჟავია და გივი თაქთაქიშვილის მძღოლი. ალბათ, შსს-ს მაშინდელი ფუნქციონერებიდანაც იქნება ბევრი ვინმე ცოცხალი..