ვაცლავ ჰაველის უკანასკნელი გზა

ვაცლავ ჰაველის უკანასკნელი გზა

გუშინ მსოფლიო ლიდერები ჩეხ ხალხთან ერთად გამოეთხოვენ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ზოგისთვის - დრამატურგს და ზოგისთვის – ფილოსოფოს-პოლიტიკოსს.

ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე სტურების რაოდენობა შეძღუდული იყო. 42 ქვეყნიდან მხოლოდ ლიდერები, ერთი თანმხლები პირით იყვნენ მიწვეული. გამონაკლისი მხოლოდ ამერიკაზე დაუშვეს. შეერთებული შტატებიდან სამ ცნობილი ადამიანი ჩავიდა: სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი, ექპრეზიდენტ მეუღლესთან ერთად და ექს-სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი, რომელიც წარმოშობით ჩეხია (ალბრაიტოვა).

ზოგიერთი ინფორმაციით, ჩეხეთში ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც ელოდებოდნენ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ექსპრეზიდენტი შევარდნაძე  მოწვეულთა შორის არ იყო. მან შორიდან მიუსამძიმრა ჩეხ ხალხს, რის შესახებაც ინტერვიუ მისცა ჩეხურ გამოცემას “აკტუალნე.ჩზ”.

მისი თქმით, ვაცლავ ჰაველი იყო ერთ-ერთი დისიდენტი, რომელმაც, როგორც პრეზიდენტმა, გაამართლა მსოფლიოს საზოგადოების და, რა თქმა უნდა, ჩეხი ხალხის იმედები. იგი ამბობს, რომ 1994 წელს გაიცნო ჰაველი, როცა შეერთებულ შტატებში მიფრინავდნენ და მასზე ფილოსოფოსი პოლიტიკოსის შთაბეჭდილება დატოვა. შევარდნაძე ასევე აღნიშნავს, რომ ჰაველი იყო საქართველოზე შეყვარებული კაცი.

“ჩეხეთის პრეზიდენტი პატარა კავკასიურ ქვეყანას ყოველთვის უჭერდა მხარს, ეს ეხებოდა სეპარატისტული რეგიონის მიერთებას, კონფლიქტს, თუ დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან, რუსეთთან დავას” - განაცხადა ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

ჩვენში იტყვიან, გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო. მაგრამ ჩეხეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტს, გიორგი ალანიას მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩნია. მიაჩნია, რომ ვაცლავ ჰაველი თავისი პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე უფრო პრინციპული და სამართლიანი იყო, ვიდრე მოღვაწეობის ბოლო წლებში. მან პირადადაც არაერთხელ გააკრიტიკა იგი, საქართველოში ადამიანის ულებების დარღვევის ფაქტებისადმი ორმაგი სტანდარტებით შეფასების და სააკაშვილისადმი მხარდაჭერის გამო.

მიუხედავად ამისა, გიორგი ალანიას ისიც კარგად ახსოვს, როგორ დაუჭირა მხარი ვაცლავ ჰაველმა საქართველოს აგვისტოს ომის დროს, როცა ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი რუსეთისადმი ლოიალობას ამჟღავნებდა. მთავრობა და პრემიერი კი საქართველოს გულშემატკივრობდნენ.

“ვაცლავ ჰაველმა შექმნა ასეთი ფონდი  – ”ფორუმ 2000”, სადაც მთელი მსოფლიოდან დისიდენტები, ადამიანის უფლებების დამცველები ჩამოდიოდნენ და საუბრობდნენ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ორჯერ მივმართე ჰაველს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებიც დაეფიქსირებინა, რაც არ გაკეთდა. ამის თაობაზე ვაკრიტიკებდი. თუმცა, ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობისას ჩეხეთში ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყო დაცული და არც კი იყო გასაკრიტიკებელი. ეს პრობლემები ახლა არსებობს”- განაცხადა “presage.tv”-სთან საუბრისას ემიგრანტმა, რომელმაც პრეზიდენტ კლაუსის მოსვლის შემდეგ სწორედ ამ პრობლემების გასახმაურებლად და ხელისუფლებისადმი პროტესტის გამოსახატავად, რეზიდენციის ახლოს, ხეზე მიიჭედა ხელი.

“ჰაველი მანამდეც და 2008 წელსაც საქართველოს მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილი იყო. საპროტესტო აქციების დრო, დიდი სიყვარულის ნიშნად, ქართულ სათვისტომოს თავისი ავტოგრაფი ელექტრონული ფოსტითაც გამოუგზავნა. ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ უდაოდ დიდი ადამიანი იყო, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

ამდენად, დღეს მსოფლიოს საზოგადოება, ლიდერები და განსაკუთრებით, ჩეხეთის მოსახლეობა, დიდი სინანულით ეთხოვება მას” - აღნიშნა გიორგი ალანიამ, რომელმაც საკუთარ ბლოგზე (“ქართული სტილი”) ჩეხეთის ისტორიაში ვაცლავ ჰაველის ღვაწლის, გარდაცვალებისა და ჩეხეთის მიერ მისი ხსოვნის პატივისცემის ამსახველი არაერთი ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა.

ექსპრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩეხეთში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობამ შესაძლებელს გადააჭარბა. ამიტომ ინგლისის პრინც უილიამსაც კი უარი უთხრეს და დიდი ბრიტანეთი მხოლოდ პრემიერ კამერონით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰაველის დაკრძალვაზე ევროპასა და ევროატლანტიკური ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, გიორგი ბარამიძესთან ერთად იმყოფებოდა.  

სამ–სამი ადამიანით ჩამოსვლის უფლება მიეცათ პოლონეთსა და სლოვენიას. პოლონეთის პრეზიდეტი ჩინეთიდან ჩაფრინდა პრაღაში.

სტუმრების ასეთი სიუხვის გამო, პრაღის ქუჩებში ავტომანქანებით მოძრაობა აიკრძალა. ამდენად, მთავრობას, ხელისუფლებას და სტუმრებს, ავტობუსებით მოუწიათ პრეზიდენტის რეზიდენციამდე მისვლა, რათა ვლადისლავის დარბაზიდან უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ და პატივი მიეგოთ მსოფლიოში აღიარებული მოღვაწისთვის, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა არა მარტო ჩეხეთის ისტორიაში.