თამუნა ლეფსვერიძე, "გურიანიუსი"
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი ბოლო 5 წლის განმავლობაში "ელვის სისწრაფით" იზრდება! საქართველოს უზენაესი სასამართლო წელიწადში, მინიმუმ, სამჯერ მაინც ატარებს კვლევებს სასამართლოს ნდობის საკითხთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, სასამართლოს თავმჯდომარის ეს ხმამაღალი განცხადებაც ამ კვლევის შედეგებს უკავშირდება.
ბოლო ასეთი კვლევა 2011 წლის ოქტომბერში ჩატარდა, რომლის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 72% სასამართლოს აბსოლუტურ ნდობას უცხადებს. სანამ მთავარ თემაზე გადავიდოდეთ, მოგახსენებთ, რომელმა კითხვებმა განსაზღვრა სასამართლოსადმი 72%-ინი ნდობა: 1. რა სტატუსით მობრძანდით სასამართლოში? 2. საქმის კატეგორია? 3. რამდენ ხანს მოგიწიათ ლოდინი, ვიდრე ყურადღებას მოგაქცევდნენ? 4. მიიღეთ თუ არა თქვენთვის საჭირო ინფორმაცია? მე-5, ყველაზე უმნიშვნელო კითხვად შემოიტოვეს _ ენდობით თუ არა სასამართლოს?
დასმული კითხვებისა და მიღებული შედეგის მიხედვით გამოდის, რომ სასამართლოს მოსამსახურე პერსონალის კვალიფიკაცია ზეაღმატებით ხარისხშია გადასული. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კი ასეთი ზეკვალიფიცირებული კადრებით უზომოდ ამაყია.
ამასობაში, ჩვენს მთავარ თემასაც მივადექით და კოტე კუბლაშვილის ამ "კვალიფიცირებული" პერსონალის ქმედებებს ერთი კონკრეტული საქმის – ტელეკომპანია "გურიას" მაგალითზე განვიხილავთ.
"გურია ნიუსი" ამ საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა და ამ თემაზე მუშაობას კვლავ განვაგრძობთ.
უახლოეს მომავალში, ამ დავამ, შესაძლოა, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაინაცვლოს. ამჯერად, დავა გაცილებით რეზონანსულ სახეს მიიღებს. სიორიძის ადვოკატები სასამართლოს კრიმინალურ ქმედებებში ადანაშაულებენ და პროკურატურას რეაგირებას სთხოვენ.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ უზენაეს სასამართლოს "კვირაში რამდენიმე პარასკევი აქვს", ერთ კითხვაზე კი – რამდენიმე არაერთგვაროვანი პასუხი.
უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად, კოტე კუბლაშვილის მოადგილეცაა, შეუძლია, საქმეზე გადაწყვეტილება საქმის გარეშე გამოიტანოს; შეუძლია 5 დეკემბერს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, მხარეს 28 ნოემბრის რიცხვით ჩააბაროს. მოგვიანებით კი, ამას შეცდომა უწოდოს...
კანონის მიხედვით კი, ეს სხვა არაფერია, თუ არა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რადგან საქმეზე, რომელზედაც განჩინება 5 დეკემბერს დადგა, 28 რიცხვში არსებობდა უკვე პროექტად! ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შემადგენლობამ ერთი კვირით ადრე, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე იცოდა, რა ვერდიქტი უნდა გამოეტანა ტელეკომპანია "გურიასთვის".
შევეცდებით, ქრონოლოგიურად, რიცხვების მიხედვით მივყვეთ უზენაესი სასამართლოს იმ ლაბირინთებს, რომლებშიც გარკვევას სიორიძის ადვოკატები პროკურატურას სთხოვენ...
რაც შეეხება პროკურატურას, რამდენად სამართლიანად იმსჯელებს ის თავისივე კადრის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ეს უკვე სხვა თემაა და ჩვენი მოსაზრებებით თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ საქმის განმხილველი შემადგენლობის მომხსენებელი მოსამართლე და თავმჯდომარე გახლდათ კოტე კუბლაშვილის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ვასილ როინიშვილი.
ავტობიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როინიშვილის მოღვაწეობის დიდი ნაწილი პროკურატურას უკავშირდება 2004-დან 2009 წლის ჩათვლით: 11.2008 _ 10.2009, მთავარი პროკურორის მოადგილე; 12.2006 _ 12.2008, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 06.2004 _ 12.2006, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 02.2004 _ 06.2004, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.
უზენაესი სასამართლოს ლაბირინთების კვალდაკვალ
2010 წლის 23 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შევიდა მარინა ვასილევა-ხარაბაძის წარმომადგენლის, ქალბატონ ნანა აფხაიძის საჩივრები, შპს "კრონას" დირექტორის, მარინა ვასილევა-ხარაბაძის სარჩელის გამო მერაბ და ხათუნა სიორიძეების მიმართ, თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
2010 წლის 3 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ქალბატონმა მაია სულხანიშვილმა საკასაციო საჩივარი ცნო ხარვეზიანად და მხარეს დაავალა სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და 8000 (რვაათასი) ლარის ოდენობებით გადახდა და თუ ზემოაღნიშნული ხარვეზი შევსებული არ იქნებოდა, როგორც კერძო, ასევე საკასაციო საჩივრები განუხილველი დარჩებოდა.
2010 წლის 7 მაისს, ვასილევა-ხარაბაძის მხრიდან ნაწილობრივ შეივსო ხარვეზი, კერძო საჩივრის წარმოებაში მისაღებად გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დადგენილ ხარვეზს, ვასილევამ უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ და 8 000 ლარის გადახდისგან გამათავისუფლეთო. უზენაესმა სასამართლომაც გაათავისუფლა.
2010 წლის 17 მაისს, ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმე, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო და კანონის თანახმად, ექვსთვიან ვადაში უნდა განეხილათ.
2011 წლის 2 დეკემბერს, სიორიძის მხარეს ეცნობა, რომ მარინა ვასილევა-ხარაბაძის სარჩელზე სამოქალაქო პალატამ გამოიტანა განჩინება – 2011 წლის 28 ნოემბერს.
2010 წლის 17 მაისიდან – 2011 წლის 28 ნოემბრამდე გასულია 18 (თვრამეტ) თვეზე მეტი, მაშინ, როდესაც 6 (ექვსი) თვე საერთო ვადაა და იმპერატიული ნორმაა.
2011 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე, ბატონ ვასილ როინიშვილის რეფერენტი, ქალბატონი რუსუდან გელაშვილი დაუკავშირდა მერაბ სიორიძის წარმომადგენელს მობილურით და გააცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმის შესახებ, რომ ვასილევას საკასაციო საჩივარი მიიღეს წარმოებაში და "საქმის განხილვა დანიშნულია ზეპირი მოსმენის გარეშე".
2011 წლის 1 დეკემბერს, განცხადებით უკვე მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელმა მიმართა სამოქალაქო პალატას და ითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება დავის მორიგებით დასრულების შესახებ. ზეპირი განხილვის გარეშე კი, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, შეთანხმება ვერ მოხდებოდა. სიორიძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სთხოვა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით, რათა უზენაეს სასამართლოს მიეღო ყველა ზომა დავის მორიგებით დასასრულებლად.
2011 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ვასილ როინიშვილის რეფერენტი რუსუდან გელაშვილი კვლავ უკავშირდება მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს და აცნობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილს ვასილევას საკასაციო საჩივრის განხილვისა და მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ.
2011 წლის 2 დეკემბერს, დახლოებით 14 საათზე, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატას და ითხოვა საქმის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში, ასლების გადაღება.
იმავე დღეს, განცხადების ჩაბარების შემდეგ, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს რუსუდან გელაშვილმა უთხრა ასულიყვნენ მე-3 სართულზე საქმის გასაცნობად გამოყოფილ სპეციალურ (ადვოკატთა) ოთახში, სადაც საქმეს ჩაუტანდნენ და გააცნობდნენ.
იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენელს ვასილ როინიშვილის რეფერენტმა აცნობა, რომ საქმე უკვე შეკერილი და გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა, როგორც საქმის გაცნობა, ასევე დოკუმენტების ასლების გადაღება.
თედო კობახიძე, ადვოკატი, სიორიძეების წარმომადგენელი: – ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე რეალურად არ იყო გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და უზენაესი სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენს მოტყუებას, 2 დეკემბერს, 17 საათზე, განცხადებით მივმართე სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს ბატონ ვასილ როინიშვილს და განმეორებით ვითხოვე გაეცნოთ აღნიშნული საქმე. საჭიროების შემთხვევაში, გადაეღოთ საქმის წერილობითი მასალების ასლები და მოეცათ საკასაციო წარმოებაში არსებული ელექტრონული მასალები.
ზემოაღნიშნული განცხადების ჩაბარების შემდეგ, დავუკავშირდი ვასილ როინიშვილის რეფერენტს – რუსუდან გელაშვილს, რომელმაც მაუწყა, რომ მას არ ჰქონდა საქმე და შესაბამისად, ვერ გამაცნობდა.
ასევე, განცხადებებით მივმართე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის სამდივნოს უფროსს, ბატონ გიორგი გეგელიას და ვითხოვე, ეცნობებინათ ზემოაღნიშნული საქმის სამოქალაქო პალატის სამდივნოს კანცელარიიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილებისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის გაგზავნის მიზნით ჩაბარების თარიღი და ნომერი..
თედო კობახიძემ იგივე განცხადებით მიმართა საერთო განყოფილების უფროსს, გოჩა დიდავას და სთხოვა დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეცნობებინათ საქმის ჩაბარების თარიღი და ნომერი. ასევე საერთო განყოფილებიდან აღნიშნული საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის თარიღი, ნომერი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
თედო კობახიძე: _ ზემოაღნიშნულის შემდეგ, სააგენტო "პირველიდან" გახორციელდა ზარი სამოქალაქო პალატაში, სადაც ჟურნალისტს _ ქალბატონ დიანა მუსელიანს განუცხადეს, რომ "შპს კრონას" დირექტორის, მარინა ვასილევა-ხარაბაძის საქმე ჯერ კიდევ არ ყოფილა გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში...
2011 წლის 7 დეკემბერს კი, სიორიძის მხარეს ოფიციალურად ჩაბარდა გიორგი გეგელიას #ა-4333-11 წერილი, რომ სამოქალაქო საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ ყოფილა გადაგზავნილი.
ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ გახორციელდა ვასილ როინიშვილის თანაშემწის – ხათუნა ჯინორიას სატელეფონო ზარი სიორიძეების წარმომადგენელთან, რომ საქმე, თურმე, უზენაეს სასამართლოში იყო და არ ყოფილა გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მაგრამ, მხარეს საქმე მაინც არ გააცნეს იმ მოტივით, რომ უკვე სამუშაო საათები იწურებოდა!
თედო კობახიძე: _ მქონდა საფუძვლიანი ეჭვი მევარაუდა, რომ ყალბდებოდა საქმის მასალები, რისთვისაც ვასილ როინიშვილს დაჭირდა დრო, რათა გაეჭიანურებინა ჩვენთვის საქმის გაცნობის შესაძლებლობა. პარასკევის საღამო, შაბათი და კვირა დღეები იმისთვის "აიღო", რომ შეხედულებისამებრ, გარკვეული "კორექტირება" გაკეთებულიყო საქმის ცალკეულ მასალებში. როგორც ხელმძღვანელი პირი, მისი უფლებამოსილების გამოყენებით, "იარაღად" იყენებდა მინიმუმ მის თანაშემწესა და რეფერენტს (რომ არაფერი ვთქვათ, შემადგენლობაში მყოფ მოსამართლეებზე, სამოქალაქო პალატის სამდივნოს უფროსსა თუ სხვა აპარატის თანამშრომლებზე).
2011 წლის 5 დეკემბერს, ვასილ როინიშვილის თანაშემწემ, ხათუნა ჯინორიამ, დაახლოებით, 10 საათზე ჩაუტანა საქმე სიორიძის წარმომადგენლებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. საქმის გაცნობა ადვოკატებმა სამუშაო საათების დასრულებისას, დაახლოებით, 18 საათზე დაასრულეს. ეს ის 5 დეკემბერია, როდესაც სასამართლომ ტელეკომპანია "გურიას" ვერდიქტი გამოუტანა. საინტერესოა, როგორ მოახერხეს ეს, როდესაც საქმე მთელი დღის განმავლობაში ადვოკატებს ჰქონდათ?!! როგორ მოახერხეს საქმეზე მსჯელობა საქმის გარეშე?!
2011 წლის 8 დეკემბერს სიორიძეების წარმომადგენელს ჩაბარდა 5 დეკემბრის რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული მარინა ვასილევას მოთხოვნა.
იმავე დღეს თედო კობახიძეს ჩაბარდა გიორგი გეგელიას 2011 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული წერილი, სადაც სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი ადასტურებდა, რომ 2011 წლის 2 დეკემბერს მართლაც ეცნობა სიორიძის მხარეს 28 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. თუმცა, იქვე მიუთითებდა, რომ მოხდა შეცდომა და აღნიშნული განჩინება იყო ხელმოუწერელი (პროექტი).
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტები არ არის სრული ნუსხა იმ დარღვევებისა, რაც ტელეკომპანია "გურიას" საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ხდებოდა.
1042
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85