„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე იყვნენ ისინიც, ვინც სახელობით არ დაგვიპატიჟებია

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე იყვნენ ისინიც, ვინც სახელობით არ დაგვიპატიჟებია

ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე მან, როგორც გამგეობის წევრმა, შესვლა ვერ მოახერხა, რადგან დასწრების მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, საკუთარი მოსაწვევი  რიგით მოქალაქეს გადასცა. Presage.tv ესაუბრება ირაკლი სესიაშვილს.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციის შემდეგ ზოგიერთებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს იქ მოწვეულნი იყვნენ ძველი სახეები. რამდენად მომგებიანი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლების თვალში პრორუსულ ძალებად მიჩნეული (ვალერი კვარაცხელიას) და სხვათა გამოჩენა?

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ მოძრაობის კარი ყველასთვის ღიაა. ნებისმიერ ადამიანს, ვინც აქ მოვა, მისი პოლიტიკური თუ საგარეო ორიენტირისა და შეხედულების მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ამ მოძრაობის მხარდამჭერი გახდეს. რაიმე კანონიერი შეზღუდვა არ არსებობს, არც წესდებით, არც შესაბამისი კანონმდებლობით. ამიტომ, ჩვენს მიმართ გარკვეული, დავარქვათ პრეტენზიები, თავისთავად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. ეს კარი ყველასთვის ღიაა.

რაც შეეხება პრეზენტაციაზე მობრძანებულ ადამიანებს, ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ქვეყანა ყველასია, ყველა ჩვენი მოქალაქის, და ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საჯარო ღონისძიებებში, რომელიც იმართება. დიახ, ამ პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები და, ასევე, მოწვეულნი იყვნენ რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ამ რიგითი მოქალაქეების წარსულის ანალიზით არ ვიყავით დაკავებული.

მინდა გითხრათ, რომ იმ სახელებიდან, რაც დასახელდა, ბევრი მათგანი ჩვენს სტუმართა სიაში არც ყოფილა. თუმცა ის მოსაწვევები, რომლებიც მოქალაქეებზე გავეცით, მათ შორის, - რეგიონებზეც, შეეძლოთ გამოეყენებინათ. თუკი რომელიმე მათგანმა ეს მოსაწვევები მოიპოვა, ვინმეს გამოართვა ან მის ნაცვლად პრეზენტაციაზე წამოვიდა, ეს ჩვენი განსახილველი არ არის. რიგ შემთხვევაში, აქ ხელისუფლება ეწევა პროპაგანდას და ცდილობს, ესა თუ ის, მათი აზრით, უარყოფითი, საზოგადოებაში ნეგატიური იმიჯის მქონე ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდთან გააიგივოს, რაც აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ, რომ არსებული გუნდი თქვენთვის ასე თუ ისე ცნობილია, თუმცა პოლიტიკური პარტია ბატონ ბიძინას ჯერ არ შეუქმნია, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და სწორედ უკვე პოლიტიკური პარტიის შექმნის შემდგომ მოხდება იმ პოლიტიკური გუნდის წარმოჩენა, რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, ეს ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები, მათ სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ამ ღონისძიებაში. ზოგიერთმა მოიპოვა ჩვენი მოსაწვევი, ზოგიერთი კი ჩვენ თვითონვე უშუალოდ სახელობით დავპატიჟეთ. დაახლოებით 600 ადამიანი სახელობით დავპატიჟეთ, სულ 2400 ადამიანი იყო მოწვეული, თუმცა გაცილებით მეტი მოვიდა.

დანარჩენი იყო სახელობის გარეშე, რადგან სტუმრები - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ეროვნული უმცირესობები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები, ჩვენ სახელობით დავპატიჟეთ; მაგრამ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც უბრალოდ მოსაწვევები დავარიგეთ რეგიონებში, ქუჩაში. მაგალითად, მე ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი ვარ, მაგრამ არ შევსულვარ პრეზენტაციაზე, იმიტომ, რომ დასწრების მოთხოვნილება დიდი იყო და ჩემი მოსაწვევი რიგით მოქალაქეს, რომელმაც მთხოვა ამ პრეზენტაციაზე დასწრება, იქვე გადავეცი.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ „სახალხო კრების“ წევრები, მაგრამ არ ყოფილა ნინო ბურაჯანაძე. ამით რისი თქმა გინდოდათ?

- ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას ამისიანებად და იმისიანებად. მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან. „ქართული ოცნება“ არის მოძრაობა, მას ზეპარტიული მიზნები და ამოცანები აქვს. ჩვენი სურვილია, ამ მოძრაობის ფარგლებში გავაერთიანოთ ყველა ის მოქალაქე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სურვილი ექნება. ბევრი ადამიანი, ვინც იქ მოვიდა, მოვიდა თავისი ნება-სურვილით. შეიძლება, ზოგს უბრალოდ მოსმენა უნდოდა, თუ რა იყო
„ქართული ოცნება“. ზოგს შეიძლება სიმპათიები გააჩნდა ამ ორგანიზაციის მიმართ და სურდა, მხარდამჭერი გამხდარიყო. ასე რომ, კონკრეტულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ასეთი მიდგომა, ის არის იმის კაცი, ეს არის ამის კაცი. რაც შეეხება გუნდს, იქ უკვე, რა თქმა უნდა, მოხდება ბატონი ბიძინას ან ზოგადად გუნდის დამოკიდებულების გამომჟღავნება.

ვინ უნდა გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში, სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება თუ არა კოალიცია და, აწყობს კი ამ კოალიციას, უფრო ფართოდ იყოს წარმოჩენილი?

- იცით, რომ ბატონი ბიძინა საქართველოს მოქალაქე არაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, მოქალაქეობა აღუდგება და შეძლებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიიღებს თუ არა მოქალაქეობას, პოლიტიკური პარტია მაინც შეიქმნება. განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არ იყოს ამ პარტიის წევრი, რადგან ამას კანონმდებლობა კრძალავს, მაგრამ ასოცირებული წევრი ნამდვილად იქნება. ამის შემდგომ უკვე პოლიტიკური პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში შევა და ამ პოლიტიკურ პროცესში როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ისე სხვა პარტნიორები გამოჩნდებიან. ცხადია, საზოგადოებას ექნება საშუალება, კონკრეტულად შეაფასოს სიტუაცია.

ზოგადი მიდგომაა, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ყველა არსებული, ღირსეული პოლიტიკური ძალების ერთ მუშტად შეკვრა. ფორმები შეიძლება განსხვავებული იყოს: ზოგიერთი შეიძლება შემოვიდეს პარტიის სახით, როგორც ვთქვათ, „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ზოგიერთი შეიძლება პიროვნულად გახდეს ამ პოლიტიკური კოალიციის წევრი, ზოგი კი სხვა ფორმით შემოვიდეს, ამას ვერ გეტყვით.  

გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი კადრები შემოგაპაროთ, რომლებიც თუნდაც „შეფიცულთა რაზმში“ შეაპარეს?

- ჩვენ იდეისა და მიზნის გარშემო ვერთიანდებით. ხელისუფლებას ბევრი არაკანონიერი ზრახვები ამოძრავებს და ამას, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვხედავთ - პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ როგორ ხდება სახელისუფლო რესურსის უკანონოდ გამოყენება. ასე რომ, ეს სიახლე არ არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ასეთი რისკები, რა თქმა უნდა, იარსებებს, მაგრამ ჩვენც ვეცდებით, ეს რისკები შევამციროთ და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც მიუხედავად ასეთი „ჩარევისა“, შესაბამისი პრობლემების დაძლევას შეძლებს.

 უმრავლესობას, ვინც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მივიდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებითი განწყობა ჰქონდა, მაგრამ ალბათ იყვნენ ისეთებიც,  ვინც გაცილებით მეტს მოელოდა მისგან.

- არჩევანის უფლება არის ძალიან ღირებული დემოკრატიული საზოგადოებებისთვის. ამიტომ, ვინც იმ პოლიტიკურ ხედვას გაითვალისწინებს, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს, ან რაც აერთიანებს თუნდაც ქართულ მოძრაობას, ის გახდება ამ პარტიის ან მოძრაობის, ან კოალიციის წევრი. ვინც არ გახდება, ნამდვილად ვერავის ვაიძულებთ, ჩაჯდეს იმ მატარებელში, თანაც იმ მიმართულებით, რომელიც მას არ აწყობს.

ბიძინა ივანიშვილში არ ზის რადიკალიზმი, მაგრამ  ქართული სინამდვილისთვის სწორედ რადიკალიზმია დამახასიათებელი. როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილისთვის რადიკალურ რელსებზე მოვლენების გადაყვანა მაშინაც მიუღებელი იქნება, თუკი არჩევნები გაყალბდება?

- იცით, რა, სიტყვა „რადიკალიზმი“ ქართულ პოლიტიკაში გააჩინა სახელისუფლო პროპაგანდამ და რეალურად ყველაზე რადიკალი არის თავად ხელისუფალი. იმიტომ, რომ სხვათა აზრს, სხვა პოლიტიკურ ინტერესებს რადიკალურად არ ითვალისწინებს. ეს არის სახელისუფლებო რადიკალიზმი, რაც გაცილებით საშიშია, ვიდრე ის პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ ქუჩის აქციებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. როდესაც რადიკალიზმი ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ექცევა, როდესაც რადიკალური დამოკიდებულება თვითონ ხელისუფლებაში ვითარდება, სწორედ ეს არის საშიში. ამით კვდება დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. ამიტომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა იმ პატარა ჯგუფებს, რომლებსაც პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით განსხვავებული აზრი აქვთ (ეს მათი არჩევანია), არამედ, პირველ რიგში, უნდა ვებრძოლოთ სახელისუფლო რადიკალიზმს, რომელიც, როგორც კეთროვანს, ისე იღებს განსხვავებულ აზრს და ამით ამსხვრევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შანსს.