ლაშა ზარგინავა, "გურია ნიუსი"
პრეზიდენტის სამი თვის წინანდელი გამოსვლიდან დღემდე, ფოთში, 600-მდე ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა. ფოთის პორტის თანამშრომელთა უმრავლესობა, რომელთაც სამსახურის დატოვება მოუხდათ, გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ, რაც პორტის მხრიდან, გარკვეული პერიოდით, მათი ფინანსური უზრუნველყოფითაა განპირობებული.
ამბობენ, რომ პრეტენზიებით და ქუჩაში წივილ-კივილით, მაინც ვერაფერს მივაღწევთ და იმ ერთ წლიან ანაზღაურებასაც დავკარგავთ, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დაგვენიშნაო.
მიმდინარე წლის აპრილში, არაბული "რაკ ინვესტმენტისგან", კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციების 80%, კომპანია IPM ტერმინალს-სმა, დანიური კომპანია "მაერსკის" შვილობილმა კომპანიამ შეისყიდა. შესაბამისად, შეიცვალა მენეჯმენტი. ამ დროიდან მოყოლებული, შესაძლო მასიურ შემცირებაზე მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა, ერთიანად მსგავსი რამ აქამდე არ დაფიქსირებულა.
კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" 387 თანამშრომელი გასულ კვირას შეამცირა. ინფორმაცია ამის შესახებ, ნავსადგურში ოფიციალურად არ დაადასტურეს და ჟურნალისტებისთვის პრეს-რელიზის შესაძლო დაგზავნის დაპირებით დაკმაყოფილდნენ. მოგვიანებით, მედიისთვის განმარტება, ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ გააკეთა. ლემონჯავას განცხადებით, მასიური შემცირება, დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, თუმცა, ახალი მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ამ ვადამ წლის ბოლომდე გადმოიწია.
"კომპანიის, რომელიც კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" აქციების 80%-ის მესაკუთრე გახდა, მენეჯმენტი ფიქრობდა მიმდინარე წლის მაისში 700-მდე თანამშრომლის შემცირებას. კონსულტაციები იყო ჩვენთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და წლის ბოლომდე თავი შეიკავეს ამ პროცედურისგან. დიალოგის რეჟიმში, ნელნელა შეიმუშავეს სოციალური დაცულობის პროექტი იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც შემცირდებოდნენ.
საბოლოოდ, მათ გაათავისუფლეს 387 თანამშრომელი, რომელთაგან 246 პენსიონერია, ან უკვე საპენსიო ასაკისაა. გათავისუფლებულ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, სტაჟის მიხედვით, მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა სხვა სამსახურებში, ერთი წლის განმავლობაში, 50-დან 90%-მდე მიეცემათ შრომის ანაზღაურება. ხოლო, ერთ წლამდე სტაჟის მქონე ადამიანებს, ერთდროულად მიეცემათ ოთხი თვის ანაზღაურება," _ აცხადებს ლემონჯავა.
ფოთის მერის განმარტებით, გარდა შრომის ანაზღაურებისა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს დაენიშნებათ სამედიცინო დაზღვევა და მოხდება არასაპენსიო ასაკის ადამიანების პროფესიული გადამზადება, რაც მათ შანსს მისცემს სამსახურებში აღიდგინონ თავი.
"არის საუბარი მათ დაზღვევაზე ერთი წლის ვადით და პროფესიულ გადამზადებაზე ერთი წლის განმავლობაში, რომლის თანხასაც გადაიხდის საზღვაო ნავსადგური.
საზღვაო ნავსადგურს, ამ ეტაპზე, აქვს ტექნიკური პერსონალის 43 ვაკანსია. ის ეძებს ამ თანამშრომლებს და ფიქრობს, რომ 3-4 თვეში, ინვესტიციების ფონზე ექნება კიდევ 150 ვაკანსია. ანუ, არასაპენსიო ასაკის შემცირებულ ადამიანებს ეძლევათ შანსი, რომ ისინი პროფესიულად მოემზადონ და დაბრუნდნენ სამსახურებში," _ განაცხადა ვახტანგ ლემონჯავამ.
იურისტის, გიორგი მოისწრაფიშვილის განმარტებით, გათავისუფლებული თანამშრომლები, პორტის ხელმძღვანელობასთან სამართლებრივ დავაში ვერ შევლენ, რადგან, ადმინისტრაციამ მათთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას შრომის კოდექსი მოითხოვს.
სხვადასხვა დროს გათავისუფლებული თანამშრომლების რიცხვი, ამ დროისთვის არაოფიციალური დათვლით, 600-მდეა და საბოლოოდ, ალბათ, ეს ციფრი 700-ს მიაღწევს, რაც არამარტო ფოთის სოციალურ ფონზე, არამედ მეზობელი გურიის რეგიონზე და სამეგრელოს სხვა რაიონებზეც უარყოფითად აისახება _ გათავისუფლებულთა შორის, არაფოთელებიც მრავლად არიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია "არგომედიას" ხელმძღვანელის, ირაკლი აბსანძის განმარტებით, IPM ტერმინალს-მა ფოთის პორტში შემოსვლისთანავე განაცხადა შტატების შემცირების თაობაზე და მოულოდნელიც არაფერი ყოფილა: "ჩვენთან საუბრებში გათავისუფლებული თანამშრომლებიც კი ადასტურებენ, რომ შტატი გაბერილი იყო. სამწუხაროა, რომ ადამიანები ზამთრის პირას უსამსახუროდ დარჩნენ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, კომპანია განსაზღვრული დროის განმავლობაში სოციალურ პასუხისმგებლობასაც იღებს ყოფილ თანამშრომლებზე, რაც საქართველოს შრომის ბაზარზე ძალიან იშვიათად ხდება. სახიფათოა ტენდენცია, როცა არსებული რეალობის არაადექვატურად წარმოჩენა ხდება _ ფოთში დასაქმების მხრივ ვითარება რთულდება, ქვეყნის ხელისუფლება კი აქაურობას ლამის დასაქმების ოაზისად მოიხსენიებს. ეს რომ ასე არაა, ძალიან კარგად ჩანს დევნილების ახალი რაიონის მაგალითზე, სადაც, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია," _ აცხადებს აბსანძე.
ამ ეტაპზე, დაუსაქმებელ ფოთელთა რიცხვს, ათასობით დევნილია მიმატებული, რაც ქალაქში სოციალურ ფონს უფრო ამძიმებს. არადა, ხელისუფლების მხრიდან, წლებია გვესმის, რომ ფოთი, მეზობელი რეგიონების 100%-ინი დასაქმების გარანტიც კი იქნება. შედეგი, როგორც თავშივე ვნახეთ, აბსოლუტურად განსხვავებულია.
1102
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85