ოპოზიცია და არასამთავრობოები პატიმრობის კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებენ. მთავარი პრეტენზიები პატიმართა განათლების და ხანგრძლივი პაემნის საკითხებს შეეხება. კოდექსის მუხლები ევროპული სასამართლოს მითითებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.
პენიტენციალურ სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ძალიან ბევრია პატიმარია, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე არ უშვებენ.
„თავისუფალი დემოკრატები“ პატიმრობის კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებენ.
როგორც პარტიის წევრმა, თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმრობის კოდექსი, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს უნდა შევიდეს, არაერთ ხარვეზს შეიცავს და ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„კერძოდ, ამ კოდექსის მუხლები, რომლებიც შეეხება პატიმართა პირველად და შემდგომ სამედიცინო შემოწმებას, მათ სამედიცინო დახმარებას, საცხოვრებელ ფართებსა და საკნებში განცალკევებას, არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს მითითებებსა და პრინციპებს. ძველი კანონის მსგავსად, არც ახალი კოდექსი აქცევს საკმარის ყურადღებას უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს“, - აცხადებს წულუკიანი.
მისივე თქმით, ახალ კოდექსში გათვალისწინებული არ არის პატიმართა უმაღლესი განათლების უფლებაც.
„გარდა ამისა, მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებულთან მიმართებაში ხანმოკლე პაემნისა და გარესამყაროსთან სატელეფონო კავშირის უფლების განხორციელება გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე ძალაში მხოლოდ 2014 წლის პირველი იანვრიდან შედის და ამჟამინდელ ბრალდებულებზე არ ვრცელდება, რაც დაუშვებელია“, - აღნიშნავს წულუკიანი.
„თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას მიმართავენ, პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები აღნიშნულ მუხლებთან დაკავშირებით მაინც შეიტანოს. როგორც თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკუთარ შენიშვნებს საკანონმდებლო ინიციატივის ფორმას მისცემენ და პარლამენტს გადაუგზავნიან.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი დიმიტრი ლოთქიფანიძე უმრავლესობას „პატიმრობის კოდექსის“ 113-ე მუხლის შეცვლის მოთხოვნით მიმართავს.
საუბარია საკანონმდებლო ნორმაზე, რომლითაც მსჯავრდებულთა განათლების საკითხი რეგულირდება და რომელიც ძალაში 1 ოქტომბრიდან შედის.
ლორთქიფანიძის მტკიცებით, აღნიშნული მუხლით მთლიანად იგნორირებულია პატიმრის კონსტიტუციური უფლება, უმაღლესი განათლება მიიღოს.
„ეს სრულიად ანტიკონსტიტუციური საკანონმდებლო ნორმაა, ისევე, როგორც „პატიმრობის შესახებ“ მოქმედი კანონის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, განათლება მიიღოს და ექსტერნად ისწავლოს საშუალო, პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებელში, თუკი ციხის ადმინისტრაციის გადაწვეტილება მისი პიროვნების თაობაზე დადებითი იქნება.
ახალი კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მსჯავრდებული საერთოდ მოკლებულია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს პიროვნების უფლებრივი მდგომარეობის დისკიმინაციასთან და საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნათა უხეშ დარღვევასთან“, - აცხადებს ლორთიფანიძე.
ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, „პენიტენციალურ სისტემაში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ძალიან ბევრია პატიმარია, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე არ უშვებენ“.
ლორქიფანიძე „პატიმრობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების დროულად შეტანას და პარლამენტის თავმჯდომარისგან დავით ბაქრაძისგან საკითხის პირად კონტროლზე აყვანას ითხოვს.
პატიმრებთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებს, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან „პატიმრობის შესახებ კოდექსით“ შემოდის, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კრიტიკულად აფასებენ.
უფლებადამცავები ყველაზე მეტად პატიმრებისათვის ხანგრძლივი პაემნების გაუქმებას და უმაღლესი განათლების უფლების აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი განმარტავენ, რომ ხანგრძლივი პაემნების გაუქმება მსჯავრდებულებს ოჯახისგან და ახლობლებისაგან წყვეტს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა, ხანგრძლივი პაემნების გაუქმება ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს დანაშაულის პრევენციას, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და რეინტეგრაციას, პირიქით პატიმარს ოჯახთან და გარემოსთან კავშირს აკარგინებს.
ჩოფიკაშვილის განმარტებით, ხანგრძლივი პაემნების გაუქმებას ხელისუფლება იმით ხსნის, რომ ციხეებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. არ არსებობს შესაბამისი საცხოვრებლები, სადაც მსჯავრდებული ოჯახთან ერთად ხანგრძლივი პაემანის შემთხვევაში რამდენიმე დღე იქნებიან.
მისი თქმით, ხელისუფლების გათვლებით, ინფრასტრუქტურის შექმნას 120 000 მილიონი ლარი სჭირდება. როგორც „42-ე მუხლის“ წარმომადგენელი აცხადებს, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც 2006 წლამდე ხანგრძლივი პაემნებისთვის გამოიყენებოდა არასაკმარისია.
მისივე განმარტებით, მაშინდელთან შედარებით პატიმართა რიცხვი მკვეთრად გაზრდილია და ყველას ვერ მოემსახურება. ხელისუფლებაც ხანგრძლივი პაემნების გაუქმების არგუმენტად ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს. ხანგრძლივი პაემნები მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის იქნება, რაც, ჩოფიკაშვილის შეფასებით, დადებითი გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება სრულწლოვანებს, მათთვის მხოლოს ხანმოკლე პაემნები იარსებებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მსჯავრდებულებს ახლობლებთან უშუალო კონტაქტის უფლება არ ექნებათ. ისინი ერთმანეთს მინის კედლიდან ტელეფონის საშუალებით ესაუბრებიან.
არასამთავრობოები ასევე კრიტიკულად აფასებენ უმაღლესი განათლების უფლების აკრძალვას. ჩოფიკაშვილის განცხადებით, უნდა არსებობდეს დისტანციური სწავლების მექანიზმი და არ შეიძლება პატიმარს უმაღლესი განათლების უფლება შეუზღუდო.
აქამდე უმაღლესი განათლების უფლება პატიმრებს, პატიმრობის კოდექსით ჰქონდათ, თუმცა პრაქტიკაში არ ხორციელდებოდა. პატიმრობის კოდექსით კიდევ რამდენიმე სიახლე შემოდის, რაც ე.წ. უდოს კომისიის მუშაობას, სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის მუშაობას და პატიმრების შვებულებებს უკავშირდება.
ამასთან პირველი ოქტომბრიდან შვებულებებით სარგებლობა ყველა კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებს შეეძლებათ. აქამდე მხოლოდ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებს შეეძლოთ შვებულებებით სარგებლობა.
შვებულებაში გაშვების წესი პატიმრობის კოდექსით არის გათვალისწინებული. მსჯავრდებული შვებულებაში ორი მექანიზმით, თავდებით ან გირაოთი გადის. შვებულებით სარგებლობა პატიმარს წელიწადში 2-ჯერ 5 დღით შეუძლია, ქალებს და არასრულწლოვნებს კი წელიწადში სამჯერ 5 დღით. გარდა ამისა, პატიმარს რომელიც შვებულებით ისარგებლებს, სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი უნდა ჰქონდეს.