ავლაბრის რეზიდენციასთან ჟურნალისტებმა მედიის განთავისუფლება მოითხოვეს

ავლაბრის რეზიდენციასთან ჟურნალისტებმა მედიის განთავისუფლება მოითხოვეს

„მაესტროს დეოკუპაცია“ და პრესის მოხსნა პრესაზე, - ამ მოთხოვნით დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა თეთრი და წითელი ფერის ამკრძალავი ლენტი შემოიხვიეს, რადგან ასეთი შეფერილობის ლენტს ახვევენ ყველას და ყველაფერს, რაც არ მუშაობს და საშიშია. როგორც „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა აღნიშნა, დღეს არ მუშაობს „მესტრო“ და მის კუთვნილ შენობაში შესვლა საშიშია, ასევე, პრობლემატურია პრესის საშუალებების გავრცელება. „SOS -მედია საფრთხეშია“ , - ასეთი შინაარსის პლაკატები ეჭირათ ჟურნალისტებს, რომლებიც იმთავითვე ემზადებიან სამომავლო საპროტესტო აქციისთვის. შემდეგი აქციის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.  

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მოუწოდებს პრეზიდენტს, ნუ მოკლავს პრესას, რადგან თბილისში პრესის გავრცელების ყველა ჯიხური აიღეს, რაც გაუგონარი საქციელია. 

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უმსგავსობას, რაც დღეს მედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებითა და მეთოდებით მიმდინარეობს. გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ არაა მისაღები ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძედება. ასე მარტივად არ არის, რომ ერთხელ გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ და დავიშალოთ. პრესის გავრცელების მიზნით უნდა შევქმნათ სხვა ალტერნატიული საშუალებები, ე.წ. ფოსტალიონების ინსტიტუტი და სხვა. ამ საქმეში პიროვნულადაც და ორგანიზაციულადაც ყველანი მივიღებთ მონაწილეობას. ვისაც სურვილი ექნება, ყველასთვის ღიაა ეს შესაძლებლობა. ვისაც როგორ შეეძლება, ერთობლივად უნდა გადავარჩინოთ პრესა“, - აცხადებს ლაშა ტუღუში.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ, თუ კოლეგებს დასჭირდებათ, გამოვიდეს და პირადად გაყიდოს  გაზეთები ქუჩაში.

„მე ამაში ვხედავ პრესის დახმარებას და არა - ბლანკზე ხელმოწერაში. ყველა გაერთიანებას რაღაც თავისი ამოცანა და გეგმები აქვს, დროც არ მაქვს, რომ ამის სიღრმეებს ჩავწვდე და გავარკვიო. ფორმალური მხარეები არ მიყვარს და „ექშენი“ მირჩევნია. თუ ნებისმიერ მედიასაშუალებას დაცვა დასჭირდება, ისედაც დავიცავ, როგორც ერთი ადამიანი, როგორც ტელევიზიის წამომადგენელი და უბრალოდ, ჟურნალისტი“.

რაც შეეხება აქციების მიზანშეწონილობას, ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ არავის აქვს ილუზია, რომ ავლაბრის რეზიდენციიდან უცბად გამოვა მიშა და მედია თავისუფალი გახდება.

„ასე არ ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენი პოზიცია და პროტესტი არ გამოვხატოთ. ასეთი შეზღუდვის პირობებში პრესის გავრცელების ალტერნატიული გზა უნდა მოვიფიქროთ“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გია ცაგარეიშვილის აზრით, მოახლოებული არჩევნების წინ ჟურნალისტებზე წნეხი ისევე გაგრძელდება, როგორც პოლიტიკური პარტიების თუ ლიდერების მიმართულებით.

„ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, რომელსაც გულდასმით აკვირდებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეები. მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაცია, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი. ამ მიმართულებით „თავისუფალი დემოკრატები“ მათთან ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე დიდი საშუალება გვაქვს, დავამყაროთ საერთაშოროსო კონტაქტები და გავაგებინოთ ადამიანებს, რა სჭირს პრესას საქართველოში. ამ ადამიანს, რომელიც ქაჯეთის ციხეშია ჩაკეტილი, ხშირად ჩვენი არ ესმის და ესმის თავისი პატრონების, რომლებმაც მოიყვანეს აქ, ვარდების გადატრიალების დროს, და ჩვენს ხარჯზე დასვეს რეზიდენციაში. ამიტომ ხშირად ასეთი ზეწოლა ამართლებს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

ამასთან, ცაგარეიშვილი სთავაზობს ჟურნალისტებს, მოიხმონ პოლიტიკოსები და ქუჩაში დაარიგონ გაზეთები. თავად ცაგარეიშვილი მზადაა, მეტროში ჩავიდეს ან ქუჩაში გავიდეს ბეჭდური მედიის საშუალებების მკითხველებამდე მისატანად.

„როცა ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტთა ამქრის უპრეცენდენტო ერთობამ შედეგი გამოიღო, მაშინ ვინატრე, ნეტავ, ასე გვესმოდეს პოლიტიკოსებს ერთმანეთის. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ გაერთიანება ბევრჯერ ვერ შევძელით. ახლა უნდათ ჩვენი დეგრადირება, მარგინალიზაცია, რათა დონაძის დონეზე დავიდეთ. არ გისურვებთ, დონაძის დონეზე დახვიდეთ, თქვენ უნდა იყოთ თქვენს დონეზე“.

ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას თქმით, ზაფხულის პრაქტიკიდან გამომდინარე, ჟურნალისტებმა მოახერხეს და საპროტესტო აქციების საშუალებით ხელისუფლების ტყვეობიდან გამოიხსნეს ფოტორეპორტიორები. ამდენად, ირაკლი კორძაია თვით ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ასეთ აქციებში ხედავს გამოსავალს.

„მედიის კონსოლიდაცია არის ის ძალა, რომლის წინაშეც ხელისუფლება აშკარად იხევს. რამდენადაც ვიცი, ახლა მუშავდება პრესის გავრცელების პროექტი, რომელიც  საკმაოდ ეფექტური იქნება. ჯერ დეტალები გამხელილი არ არის, მაგრამ ეს იქნება ერთგვარი გამოსავალი“, - აცხადებს ირაკლი კორძაია.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის აზრით,   აქციები მიზნის მიღწევამდე უნდა გაგრძელდეს. პირადად მისთვის კი ეს მიზანი   ოკუპირებული შენობიდან კიწმარიშვილის გამოყვანაა, რისთვისაც ისინი ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ. ამასთან, ილია კიკაბიძემ ჩვენთან საუბარში ის დროც გაიხსენა, როცა „მაესტროელები“ გაზეთ „მაესტროს“ გამოსცემდნენ.  

„იცით, ადრე „მაესტრო“ გაზეთსა და ჟურნალს უშვებდა. გაზეთ „მაესტროსთან“ ერთად ჟურნალი „მაესტროც“არსებობდა და პირადად მე გაზეთის დისტრიბუციით გახლდით დაკავებული. გაზეთი ისეთი პროდუქტია, რომ ადვილად საყიდელი უნდა იყოს. თქვენ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც სახლიდან ჩამოვა, ჩაიცმევს, მანქანაში ჩაჯდება და წავა, სადღაც გაზეთს იყიდის?! ასეთი რამ არ ხდება. გაზეთი გზაშივე უნდა შეგხვდეს და იაფი უნდა ღირდეს. დღემდე თბილისში ისედაც ცოტა ჯიხური ფუნქციონირებდა, ძლივს აწყობილი ქსელი იყო, ხალხი წლობით აშენებდა ამ ქსელს და ეს ქსელი დაუნგირიეს. ამას რეაგირება ახლავე თუ არ მოჰყვება, წლები დასჭირდება ამ ქსელის აწყობას“, - აცხადებს ილია კიკაბიძე. 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ რეჟიმი დიქტატორულია, ამდენად, არავის უნდა უკვირდეს, რომ ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუცია იდევნება.

„სააკაშვილი მეორე ლუკაშენკოდ უნდა იყოს აღიარებული. სხვანაირად არაფერი გამოვა. აბა, ასე მოვალთ, აქციას გავმართავთ და დავიშლებით. უკვე სამართლებრივი ბრძოლაა საჭირო. თუ მე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შევძელი და ევროპარლამენტში დავასმევინე საქართველოში ადვოკატების დევნის საკითხი, ათჯერ მეტად გდევნიან ჟურნალისტებს, ეს უნდა გაკეთდეს და მე მზად ვარ, სამართლებრივად დაგეხმაროთ“.

მამუკა ღლონტი „მაესტროს“ თანამშრომლების დევნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მისი მედიასაშუალება შევიწროებულია და სამ ოთახშია გამოკეტილი.

„ჩვენ ვხედავთ რამხელა შენობაშია მოკალათებული საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ, როცა ჩვენი მედიასაშუალება სამ ოთახშია  გამოკეტილი. ხელისუფლება არაფერს აკეთებს ეროსი კიწმარიშვილის შენობიდან გამოსაყვანად. ჩემი ინფორმაციით, სიგნალი, რომლითაც კიწმარიშვილი ამჟამად მაუწყებლობს, ორ დღეში გამოირთვება. მერე რას გააკეთებს კიწმარიშვილი, მაგასაც ვნახავთ! მას შემდეგ, რაც შენობაში დავბრუნდებით, თუ იქ რამე დაზიანებული ან წაღებული დაგვხვდება, კიწმარიშვილს როგორც მორალურად, ისე ფინანსურად ვაზღვევინებთ,“ - აცხადებს ღლონტი.