დავით კეზერაშვილი ოპერის თეატრისთვის იზრუნებს

დავით კეზერაშვილი ოპერის თეატრისთვის იზრუნებს


საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაესტრო ხათუნა გოგორიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში საოცრებები გრძელდება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დირიჟორის ამპლუის მორგების შემდეგ ხათუნა გოგორიშვილი იმდენად მოიხიბლა ხელოვნებით, რომ არც დაუმალავს, დირიჟორის პროფესიის დაუფლებას პროექტ „მაესტროს“ დასრულების შემდეგაც ვაპირებო. გოგორიშვილის შემდეგ სხვა „ნაციონალებსაც“ მოეძალათ ხელოვნების სიყვარული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი „ოპერის მეგობართა ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. 

დავით კეზერაშვილისა და ოპერის სახელების გადაკვეთამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგიერთებმა ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების სახელისუფლო კანდიდატურით ჩანაცვლებად აღიქვეს, რადგან, როგორც ცნობილია, ოპერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია. ზოგიერთებისთვის კი დავით კეზერაშვილის „ოპერის მეგობართა ფონდში“ გამოჩენა ლამის მითოსად ქცეული ლაზიკის თემის გაგრძელებაა. კითხვები მრავალგვარია, რატომ და როგორ გადაწყვიტა დავით კეზერაშვილმა ოპერის ქომაგობა? თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შეთავაზება ოპერის გენერალური დირექტორის დავით საყვარელიძისგან მიიღო და იგი, როგორც ამჟამად მოქმედი ბიზნესმენი, ამ წინადადებას დასთანხმდა. 

„თავდაცვის უწყება წარსულს ჩაბარდა, დღესდღეობით მე ვარ ბიზნესში, უკვე სამი წელია. ეს იდეა გაჩნდა, დავეხმაროთ ოპერას. როგორც ერთ-ერთი რიგითი ბიზნესმენი, ვაპირებ ამაში მივიღოთ მონაწილეობა,“ - აცხადებს დავით კეზერაშვილი.  

მოკლედ, „თბილისი-მერიოტში“„ოპერის მეგობართა ფონდის“ პრეზენტაციისას საოცრებები ხდებოდა. ოპერის დასის წევრები დაბნეულები ჩანდნენ, რადგან იმავდროულად, „მერიოტში“ სხვა პრესკონფერენციაც იმართებოდა და ვერ გაერკვიათ, საითკენ უხმობდა მათ „ოპერის მეგობართა ფონდის“ საპრეზენტაციო დარბაზიდან გამომავალი მუსიკის ჰანგები. 

საინტერესო ის არის, რომ, მართალია, ოპერის სარემონტო სამუშაოებს ”ქართუ” ჯგუფი აფინანსებს, მაგრამ ფონდის პრეზენტაციაზე ”ქართუს” წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ამას თავისებური ახსნა მისცა ქალაქის მერმა: „ოპერის მეგობართა გუნდში პოლიტიკოსი ვერ მოხვდება”... თავად გიგი უგულავა კი, მართალია, პოლიტიკოსია, მაგრამ იგი მერის ამპლუაში ესწრებოდა პრეზენტაციას, ყოველ შემთხვევაში, გიგი უგულავამ ასეთნაირად განმარტა საზეიმო ღონისძიებაში საკუთარი მონაწილეობა. აქვე ქალაქის მერმა, ყველასდა გასაოცრად, ოპერის რეაბილიტაციისთვის „ქართუ“ ჯგუფს მადლობა გადაუხადა.  
   
”ერთ უხერხულობას მოგიხსნით, ვიცი, აქ შეკითხვები იყო. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ნებისმიერი ფონდი არემონტებდეს ოპერას. ამას ვაცხადებ, როგორც მერი. ამ შემთხვევაში ”ქართუს” ვგულისხმობ და რატომ არ არის აქ (პრეზენტაციაზე), პასუხიც მარტივია - მე აქ ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რადგან პოლიტიკოსები არ აკეთებენ კონტრიბუციას (ფულადი გადასახადი), ამ შემთხვევაში, კონტრიბუციას აკეთებენ ბიზნესმენები. მე, როგორც პოლიტიკოსი, აქ ვარ იმიტომ, რომ ვარ მერი... ვინც გადაწყვეტს, რომ პოლიტიკაში იყოს, შესაბამისად, ამ საქმეს, როგორც ბიზნესმენი ვეღარ გააგრძელებს. სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მადლობა გადავუხადოთ ნებისმიერ ადამიანს, ვინც აფინანსებს სხვადასხვა ძეგლებს, ამ შემთხვევაში, ოპერას ვგულისხმობ. აი, ეს უხერხულობა მოგიხსენით. მაგრამ, როცა პოლიტიკოსი ხარ, ხელები შეკრული გაქვს”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი ქართული ოპერისთვის სოლიდური თანხების დახარჯვას აპირებს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: დავით საყვარელიძის თქმით, რამდენიმე თვის წინ მათ დასახმარებლად მიმართეს დავით კეზერაშვილს, რომელიც მხარში ამოდგომას დაჰპირდა. 

„მას მერე დავიწყეთ ამ საქმის ლეგალიზება, აღვადგინეთ 1996 თუ 1997 წელს შექმნილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ფონდი, რომელიც ჯანსუღ კახიძის მიერ იყო ჩამოყალიბებული, ახალი რეგისტრაცია გაიარა ამ ფონდმა. იმ პერიოდში, როდესაც ძალიან გაუჭირდა ოპერის თეატრს, 90-იან წლებში, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა სხვანაირი იყო. ამიტომ ჯანსუღ კახიძემ ჩამოაყალიბა ფონდი, რომლის საშუალებითაც გეგმავდა ოპერის თეატრის აღორძინებას. მერე, წლების მანძილზე, ვერ მოხერხდა ამ იდეის განვრცობა, ბატონი ჯანსუღი აღარ არის ჩვენთან ერთად, მაგრამ რაღაცნაირად სიმბოლურად მინდოდა, ის ჩანაფიქრი, რომელიც მან დაიწყო, აღმედგინა. მაისის შემდეგ უკვე აღვადგინეთ ეს ფონდი და დღეს საბჭოს პრეზენტაცია გვაქვს, იმ ადამიანების გაერთიანებისა, რომლებიც ზრუნავენ ოპერის თეატრზე“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

მისი თქმით, „ოპერის მეგობართა ფონდის“ დაარსებით მათ ველოსიპედის გამოგონება სულაც არ უფიქრიათ.

„იცით, რომ მთელ მსოფლიოში - ევროპასა თუ ამერიკაში, მთელ ცივილიზებულ სამყაროში ყოველი ქალაქის ოპერის თეატრს ჰყავს ასეთი მეგობართა წრე, რომელიც ზრუნავს ოპერაზე, რადგან ოპერა ძალიან ძვირადღირებული ხელოვნებაა“.

საყვარელიძის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან გაღებულ თანხებს ემატება ბიზნესმენთა ჯგუფის დახმარება, რაც ოპერის თეატრებისთვის მნიშვნელოვანია. 

„ოპერა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია ქალაქისთვის, ეს ყველამ კარგად იცით. ჩვენი თეატრი ახლა რემონტის ფაზაშია, ალბათ 2013 წელს გაიხსნება, ამ პერიოდში ძალიან გვიჭირს, რადგან სხვადასხვა ადგილას გვიხდება გამოსვლა, არ ვაჩერებთ პრემიერებს, საკონცერტო შესრულებით გამოსვლებს... ამ იდეის განსახორციელებლად მივმართეთ ბატონ დავითს, რომელმაც დახმარება აღგვითქვა და ერთ-ერთი თანაავტორი ამ იდეის გახლავთ დავით კეზერაშვილი. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საბჭო, რასაკვირველია, დამფუძნებელი და ერთ-ერთი თანაავტორი და მხარადჭერი არის ბატონი დავით კეზერაშვილი“, - აღნიშნავს ოპერის გენერალური დირექტორი.

უკვე ცნობილია, რომ ოპერის მეგობართა ფონდის საბჭოს თავმჯდომარე გიგი უგულავა იქნება და მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, იგი საქართველოში ოპერის ფონდს უხელმძღვანელებს. ამას ოპერის გენერალური დირექტორი უცხოური გამოცდილების მოშველიებით ხსნის, რადგან მთელ მსოფლიოში არ არსებობს ოპერის თეატრი (ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი და სხვა), რომელსაც ასეთი ბორდი არ ჰყავდეს. ბორდის ხელმძღვანელად კი კონკრეტული ქალაქის მერი ყოფილა წარდგენილი. საყვარელიძის თქმით, თურმე მან პირადად სთხოვა გიგი უგულავას, ყოფილიყო ამ საბჭოს თავმჯდომარე და ქალაქის მერიც დასთანხმდა მის წინადადებას. მომდევნო წლებში კი, ვინც გახდება თბილისის მერი, ის იქნება ამ საბჭოს თავმჯდომარეც.

ერთადერთი, რაზეც დავით საყვარელიძე წუხდა, ის იყო, რომ „ოპერის მეგობართა ფონდის“ პრეზენტაციაზე ელოდებოდნენ ნიკა რურუას, როგორც ამ საბჭოს ერთ-ერთ წევრს, თუმცა ის საზეიმო ღონისძიებაზე არ გამოჩენილა. რურუასგან განსხვავებით, პრეზენტაციაზე მისვლით დავით საყვარელიძისთვის გული არ დაუწყვეტია ამავე საბჭოს სხვა წევრს, ზეზვასა და მზიას აღმომჩენ დავით ლორთქიფანიძეს. 

ყველაზე მთავარი, თუ რას მოხმარდება დავით კეზერაშვილისა და სხვა სავარაუდო ბიზნესმენებისგან აკუმულირებული თანხები. როგორც ოპერის მესვეურები განმარტავენ, პირველ რიგში, თანხები საგანმანათლებლო საქმიანობას მოხმარდება. საყვარელიძის თქმით, უამრავი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ და მათი სახით იქიდან ვარსკვლავებად ბრუნდებიან, ასევე, ამ თანხებით სოციალურ პრობლემებს მოაგვარებენ. ამასთან, მნიშვნელოვანია საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პროფესორებთან მუშაობა. 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2009 წელს „ქართუ ჯგუფმა“ ოპერისა და ბალეტის თეატრს თანამშრომელთა სოციალური დახმარებისთვის 625 ათას 400 ლარი გადაურიცხა, მომდევნო წელს- 623 ათას 400 ლარი, 2010 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა ოპერის შენობის სარეაბილიტაციოდ 2 მილიონ 337 ათას 600 ლარი გაიღო. როგორც ჩანს, ოპერის მესვეურებს თამაშიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება არ სურთ და მის ქველმოქმედებას კვლავაც სიამოვნებით დათანხმდებიან. ეტყობა, ხელისუფლების მაღალი ეშელონებისგან განსხვავებით, ოპერის თეატრის ხელმძღვანელებისთვის ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ქველმოქმედად რჩება და არა - პოლიტიკოსად, რომლის თანხებსაც თურმე რუსული დაღი ატყვია.  
   
Presage.tv თეატრის მმართველ დავით საყვარელიძეს ესაუბრა. 

ოპერის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. დავით კეზერაშვილის ამ საქმეში ჩართვა „ქართუ ჯგუფის“ იგნორირებას ხომ არ ნიშნავს?  
- საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახდენს რესტავრაციას, რისთვისაც მას მადლობა უნდა ვუთხრათ. რესტავრაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვიცით, რომ ამის შესაძლებლობა მათ აქვთ. თუმცა ეს ერთმანეთის პარალელური არ იქნება, არამედ „ოპერის მეგობართა ფონდის“ თანხები აბსოლუტურად საგანმანათლებლო სფეროს მოხმარდება.

თქვენ ყველა კომპანია ჩამოთვალეთ, რომელიც გეხმარებოდათ, მაგრამ არ გიხსენებიათ ბანკი „ქართუ.“
- „ქართუსთან“ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ყოველდღიური თანამშრომლობა. რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ქველმოქმედება, და არავითარ შემთხვევაში, - სპონსორობა და სამაგიეროს გადახდა ჩვენი მხრიდან, ან რეკლამის ან, თუნდაც, პრესასთან გაშუქების თემა. ამიტომ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობას ისინი არ იღებენ. ისინი სარესტავრაციო სამუშაოებში უბრალოდ ქველმოქმედების სახით გვეხმარებიან.

ამ დრომდე „ქართუ ჯგუფის“ მიერ ოპერის თეატრისთვის რა თანხაა დახარჯული?
- რესტავრაცია თანხას არასდროს „გვაძლევს“ და არც ვიცით, რადგან „ქართუს“ კომპანიები თავისით მოდიან და აკეთებენ რესტავრაციას. საერთოდ, თანხა არც ვიცით, მაგრამ, არ არის ეს ცოტა.

თქვენ განაცხადეთ, რომ მოზიდული თანხები ოპერის თანამშრომელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება. კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხარჯება?
- აქ იქნებიან ახალგაზრდა სოლისტები, თანხები მოხმარდება მათ სტაჟირებაზე გაშვებას, საერთაშორისო კონკურსებზე გამგზავრებას, ასევე, უცხოელი პროფესორების ჩამოყვანას, ეს უფრო მოხმარდება საგანმანათლებლო საქმიანობას, ფესტივალებში მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის სანოტო არქივებისა და ბიბლიოთეკის ჩამოტანა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. საერთაშორისო დონეზე რომ დავუკრათ და ვიმღეროთ, საერთაშორისო დონის ნოტები და შესაბამისი ლიტერატურა გვჭირდება. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ჩვენ გვაქვს ძველი, საბჭოთა მასალები, რის გამოცვლასაც ვსაჭიროებთ. ამაშიც დაგვეხმარება ეს ფონდი. საბჭო მუშაობას ალბათ მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს. 

ოპერის თეატრის რესტავრაციის საქმეში „ქართუ ფონდი“ გააგრძელებს მოღვაწეობას?
- რასაკვირველია, გააგრძელებს. უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ „ქართუ ბანკი“ არ გვაფინანსებს, არამედ გვაფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. რეალურად, „ქართუ ფონდი“ თავის კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც შესაბამისად, სარემონტო სამუშაოებს ატარებენ ოპერაში. ანუ, ჩვენ თანხასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.

სახელმწიფო ჩაერევა სარემონტო სამუშაოებში, თუ ეს მარტო „ქართუს“ პრეროგატივაა?
- სახელმწიფო და „ქართუ“ ერთობლივად აკეთებენ, მერიას ძალიან ბევრი თანხა აქვს დახარჯული ამისთვის.

„ოპერის მეგობართა ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებლად დავით კეზერაშვილი რის მიხედვით გამოარჩიეთ?
- იგი დააფინანსებს ოპერის თეატრს. ესაა ადამიანი, რომელმაც სურვილი გამოთქვა, გარკვეული ფინანსები გაიღოს.

და რა თანხას გაიღებს დავით კეზერაშვილი?
- სადღაც მე ვთვლი, რომ რამდენიმე ათეული ათასი ლარი იქნება.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი Presage.tv-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოპერის თეატრი დახმარებას ნამდვილად საჭიროებდა.
- ბოლოს და ბოლოს, ლა სკალა ფინანსდება, მასაც დოტაცია სჭირდება და ჩვენთან ახლა რემონტი მიმდინარეობს... საოპერო თეატრი მუდამ იყო და არის ქართული კულტურის ერთ-ერთი დიდი მედროშე. ახლაც შესანიშნავი სპექტაკლებია დადგმული, შესანიშნავი ხმებია. თუ ექნებათ მატერიალური დახმარება, რაზეა ლაპარაკი“.

ოპერის თეატრს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს თუ ბიზნესი?
- სახელმწიფოც და ბიზნესიც, ყველგან ასეა. ნაწილობრივ - სახელმწიფო, ნაწილობრივ - ბიზნესმენები. მართალია, ოპერის მეგობართა ჯგუფი ჩვენში აქამდე არ შექმნილა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.