მედიის პრობლემების ანალიზი

მედიის პრობლემების ანალიზი

ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის პრობლემები გვხვდება მედიის სფეროში. გახშირდა ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. ნიშანდობლივია, რომ მათზე ზეწოლას, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტების გახმაურება ხდება, შესაბამის ორგანოებს დღემდე არც ერთ ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

კვლავ პრობლემად რჩება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მასთან დაკავშირებული სასამართლო დავები. აგრეთვე, ძალზე ვრცელი და მტკივნეული თემაა ელექტრონული ტენდერები და მომსახურების შესყიდვები. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში.

პრობლემები შეექმნა პრესის გავრცელებასაც. მერიის მიერ პროექტ „1000 ჯიხურის“ გამოცხადების შემდეგ დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირდა პრესის ჯიხურების რაოდენობა, რაც ბუნებრივად აისახა ბეჭდური მედიის ტირაჟზეც.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს მედიის სფეროში არსებული პრობლემების მონიტორინგს, ვინაიდან ვთვლით, რომ თავისუფალი მედია გარემოს არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება.

ქვემოთ გთავაზობთ მედიის სფეროში დაფიქსირებული დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს:

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, 2011 წლის 6 ნოემბერს, მან პირად ელექტრონულ ფოსტაზე კახეთის საოლქო პროკურატურის ყოფილი პროკურორისგან - ლევან საჩიშვილისგან მუქარის წერილი მიიღო. ჟურნალისტი აღნიშნულ ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ამავე წლის 11 ნოემბერს გელა მთვლიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. ჟურნალისტი მოითხოვდა, მომხდარიყო არსებული გარემოებების სამართლებრივი შეფასება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე  დაეწყოთ გამოძიება, თუმცა, მთავარ პროკურატურას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.

2011 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა აღნიშნული ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებებით და გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს პროკურატურამ გაატაროს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტზე ობიექტური გამოძიების წარმართვის მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამწუხაროდ, აღნიშნულ მიმართვასაც, დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

14 ნოემბერს, დილის 11 საათზე ჩოხატაურში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას ცენტრალურ ქუჩაზე მოქალაქეების დაკავების გადაღების უფლება არ მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილს არც სპეციალური ლენტი ჰქონდა შემოვლებული და სხვა სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ, ჟურნალისტს ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მისცეს უფლება, გადაეღო დაკავებისა და ავტომანქანის ჩხრეკის ფაქტი. გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ცირეკიძემ ჟურნალისტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყვანის ბრძანება თავად გასცა და ჟურნალისტს დაკავებით დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი გასაჯაროვდა, ხოლო ჟურნალისტის მიერ ვიდეოფირზე გადაღებული შესაბამისი  მასალა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა, ფაქტს დღემდე არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

20 ნოემბერს გაზეთმა „ბათუმელებმა“ მიაკვლია იმ პირს, ვინც გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შანტაჟის გზით აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. ორი წლის მანძილზე საქმე არ გახსნილა და პროკურატურა აცხადებდა, რომ ვერ ხერხდებოდა ეჭვმიტანილი პირების პოვნა.

1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.  მისი ამოცნობა გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შეძლო, რომელმაც დევნოზაშვილს სახლში შპს „ბათუმელების“ თანამშრომლებთან ერთად მიაკითხა. დევნოზაშვილმა ამაღლობელთან საუბრისას დაადასტურა, რომ მართლაც მუშაობდა ბათუმში. მზია ამაღლობელი დევნოზაშვილთან საუბრის შემდეგ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და აცნობა, რომ დავით დევნოზაშვილი არის სწორედ ის პირი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით აშანტაჟებდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს. რამდენიმე წუთის შემდეგ დოლიძის 26-ე კორპუსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და გამომძიებლები მივიდნენ. თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა სათანადო აქტი და მიატოვა გამოძახების ადგილი.

2010 წლის 10 იანვარს ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახურულ შეხვედრაზე მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ქვეტექსტი დაახლოებით ასეთი იყო: „ბათუმელები“ ისეთს არაფერს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მისი დაშინებით. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „მათ სურათები აჩვენეს, მაგრამ ვერავინ ამოიცნეს”.

მაშინ, როცა გამოძიება „ვინმე დავითის“ „ამაოდ ადგენდა“, საქართველოს პრეზიდენტმა  2011 წლის 11 ივლისის N11/07/02 განკარგულებით, „ვინმე დავითს“ - დავით დევნოზაშვილს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის N36-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 67,17 კვადრატული მეტრი ბინა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა უკვე დავით დევნოზაშვილის საკუთრებაა.

2011 წლის ნოემბრიდან თბილისის მერიამ პროექტ „1000 ჯიხურის“ ფარგლებში თბილისში განთავსებულ პრესის ჯიხურების ადგილზე აუქციონი გამოაცხადა. დღემდე, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ცხადდება აუქციონები იმ ლოტებზე, სადაც ამჟამად პრესის ჯიხურები ფუნქციონირებს. დღეისათვის დედაქალაქის მასშტაბით აღებულია 46 საგაზეთო ჯიხური. აქედან გავრცელების სამსახურის, „მაცნეს“ 29 ჯიხური (აქედან 3 ჯიხური აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას შეეწირა), „პლანეტა ფორტეს“ 13 ჯიხური და „ელვა სერვისის“ 4 ჯიხური. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გავრცელების სამსახურებს თბილისის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები წინასწარ უკავშირდებოდნენ და ზეპირი მითითებით, არსებული ჯიხურების აღებას სთხოვდნენ ისე, რომ ჯერ აუქციონები დასრულებული არ იყო. პრესის გავრცელების სამსახურის ინფორმაციით, მათ აუქციონების დასრულებამდე კიდევ მოუწევთ ჯიხურების აღება.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 28 ნოემბერს თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყეს, რაზეც საპასუხოდ მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ახალ ჯიხურებში პრესის გავრცელებაც იქნება შესაძლებელი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონებს, ძირითადად, „კოდა“, „ნუგეში“ და მსგავსი პროფილის კომპანიები იგებენ, ამ ჯიხურებში პრესის გავრცელება, სავარაუდოდ, არ მოხდება.

ამავე ფაქტთან დაკავშირებით 29 ნოემბერს კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა თბილისის მერს და სახალხო დამცველს. ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიციის წევრებსა და ომბუდსმენს შორის შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ კოალიციის წევრები სახალხო დამცველს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, რის შემდეგაც სახალხო დამცველი მოახდენს შესაბამის რეაგირებას. რაც შეეხება თბილისის მერს, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წარმომადგენელებმა მოითხოვეს გიგი უგულავასთან შეხვედრა, მისგან პასუხი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

1 დეკემბრის შედეგ ტელეკომპანია „მაესტროს“ საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე (რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) და ჟურნალისტები დღემდე ვერ ახერხებენ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესვლას. სამწუხაროდ, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს და, მიუხედავად მესაკუთრეების მიმართვისა, არ უზრუნველყოფენ მათ დაბრუნებას კუთვნილ ოფისში, რაც ხელს უშლის „მაესტროს“ სრულფასოვან ფუნქციონირებას და ჟურნალისტების საქმიანობას.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია შემდეგ ფაქტებს:

პატრულის თანამშრომელი tspress.ge-ს ჟურნალისტს იზა სალაყაიას ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი, 26 აგვისტოს  ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოს ეზოში მოხდა. ჟურნალისტი იზა სალაყაია იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჯარიმების დროს  შეუძლოდ გამხდარი მოქალაქის, გენადი ბერიშვილის დაკავების პროცესს აშუქებდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა, რომლებმაც ვინაობა არ დაასახელეს,  საავადმყოფოს მისაღებში თავდაპირველად, tspress.ge-ს ჟურნალისტს შესვლა აუკრძალეს, თუმცა, აკრძალვის საფუძველი არ განუმარტავთ.

დაკავებული მოქალაქის საავადმყოფოდან საპატრულო პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გადაადგილების უფლება შეუზღუდა, რათა მას პატრულის მანქანაში მოქალაქის ფიზიკური ზეწოლით ჩასმის ფაქტი კამერით არ გადაეღო.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს მანანა ქველიაშვილს სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფით დაემუქრა დუშეთის რაიონის საკრებულოს წევრი ზურაბ ოტიაშვილი. დაპატიმრებისა და ოჯახის წევრების მიმართ დევნის მუქარით ცენტრის რამდენიმე ადგილობრივმა თანამშრომელმა დატოვა სამუშაო ადგილი.

ამავე ცენტრის თანამშრომლებმა ორი თვის განმავლობაში 20-ჯერ მიმართეს ადგილობრივ საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. დღემდე არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღიათ, ხოლო გამგეობისა და საკრებულოს შენობის დაცვის უფროსმა ჟურნალისტები შენობაში არ შეუშვა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს - შორენა ღლონტსა და გიორგი გირკელიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდა სამი პოლიციელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. მათ ჟურნალისტებს ფოტოაპარატიდან წაუშალეს ფოტოები, რომელიც სამხარეო სამმართველოს შენობის წინ გადაიღეს.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომაც, თუმცა, შესაბამის ორგანოებს არც ამ განცხადებაზე მოუხდენიათ რეაგირება.

12 დეკემბერსდაახლოებით 20:00 საათზე სამხედრო და საპატრულო პოლიციამ ჯერ თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე დამოუკიდებელი ჟურნალისტს, თამარ ჩხეიძეს ფოტოგადაღება აუკრძალა. კადრების გადაღებისას მასთან მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა და გადაღებული მასალის ჩვენება. მამაკაცის თქმით, ის პოლიციელი იყო. ჟურნალისტმა მას განუცხადა, რომ ფოტოკამერა იყო კერძო საკუთრება და მას არ ჰქონდა უფლება, კამერა ჟურნალისტისთვის გამოერთმია. აღმაშენებლის გამზირზე მას წამოეწია ორი მამაკაცი, ასევე სამოქალაქო ტანსაცმლით. ერთ–ერთი აღმოჩნდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი არჩილ სამადაშვილი. თამარ ჩხეიძეს მხოლოდ მან აჩვენა ამის დამადასტურებელი საბუთი. სამადაშვილმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ხიდზე გადაღების უფლება მას არ ჰქონდა, რადგან იქ არის თავდაცვის სამინისტრო. ჟურნალისტმა კამერის გადაცემაზე კვლავ უარი განუცხადა, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ადგილზე პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა. ერთ–ერთმა პოლიციელმა, რომელიც თამარ ჩხეიძეს მხოლოდ სახელი – ზაზა – უთხრა, მოსთხოვა, მისთვის მიეცა ფოტოკამერა. თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ მან პოლიციელს მოსთხოვა მისთვის გაეცნო ის კანონი, რის საფუძველზეც არ შეიძლებოდა თამარ მეფის ხიდზე ფოტოგადაღება. საპასუხოდ, პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტს უთხრა, რომ გადაიყვანდნენმ განყოფილებაში და იქ გაარკვევდნენ ყველაფერს. ამასთან, მას წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილზე ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტების მისვლისა და პოლიციელების რამდენიმე წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, პოლიცელებმა თქვეს, რომ “ყველაფერი გარკვეულია” და ტერიტორია დატოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 დეკემბერს დანიშნულ პროცესზე, რომელზეც ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ნინო შარაძეს უნდა განეხილა მედია-კავშირ “ობიექტივის“ კორეპონდენტის, ნინო მიქიაშვილის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა. მათ არც შესაგებელი ჰქონდათ წარდგენილი. გამომდინარე აქედან, გამწესრიგებელი სხდომა მთავარ სხდომაში ვერ გადაიზარდა და გადაწყდა, რომ მთავარი სხდომა 2012 წლის იანვრის პირველ ნახევარში გაიმართება.

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოსგან ითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დამრბევი სპეციალური დანიშნულების რაზმების შესახებ (მათი სახელწოდების, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფის იდენტიფიკაციით). მიქიაშვილის ადვოკატის, მამუკა ნოზაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა, რასაც თავად შსს-ც ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივლისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა, პასუხის არაადექვატურობის გამო ჟურნალისტმა სასამართლოს მიმართა.

ნინო მიქიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2011 წლის 19 აგვისტოს მიმართა, თუმცა, სასამართლომ მისი სარჩელის განხილვა 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლო.

ზუგდიდში მყოფი პრეზიდენტის გადაღების საშუალება tspress.ge-ს და „მაესტროს“ გადამღებ ჯგუფს არ მიეცა. რესტორან „დიარონიდან“, სადაც პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ გურამ მისაბიშვილთან და ზუგდიდის გამგებელ ალექსანდრე ქობალიასთან ერთად ისადილა, პრეზიდენტის გამოსვლის კადრების გადაღების უფლება ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ის და სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებმა შეუზღუდეს. ზუგდიდის პოლიციის უფროსმა, დავით დარცმელიძემ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ხელმძღვანელმა, რუსლან შომახიამ ჟურნალისტებს გადაღება აუკრძალეს, მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. ამის შემდეგ ისინი ჟურნალისტებს წინ გადაუდგნენ და მუშაობის საშუალება არ მისცეს.

ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრებზე მუდმივი ზემოქმედების გამო, იძულებული გახდა, სამეგრელო დაეტოვებინა და თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად.

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ბოლო ერთ თვეში ზედიზედ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ტელეკომპანიას პრეტენზიები კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიმართაც აქვს. ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი კი მუქარის შემცველ სატელეფონო მესიჯებზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა 26 მაისს სპეცრაზმელების მიერ აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტების ნაწილს აუნაზღაუროს მატერიალური და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამის შესახებ 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა ნინო წოწონავამ განაცხადა.

2011 წლის 26 მაისს, სპეცრაზმელების მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებმა დაკარგეს აპარატურა და მიიღეს ფიზიკური დაზიანება. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შვიდმა განმცხადებელმა შეიტანა სარჩელი. ესენი არიან: „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თაზო კუპრეიშვილი, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“,  ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესსნიუსი“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსი“.

ნინო წოწონავას თქმით, შსს სადავოს არ ხდის იმ ფაქტს, რომ „ნეტგაზეთის“  ჟურნალისტებმა აქციის დაშლის დროს მიიღეს ფიზიკური დაზიანება და დაკარგეს რედაქციის კუთვნილი ორი ციფრული ვიდეოკამერა, ასევე შსს დაზარალებულად მიიჩნევს „ინტერპრესსნიუსის“ ჟურნალისტს დარეჯან პაატაშვილს, რომლის განცხადებით, მას ფლიპ კამერა სპეცრაზმელებმა წაართვეს. მაგრამ, არსებული მოწმეების და მტკიცებულებების მიუხედავად, შსს-ს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სარჩელის ის ნაწილი, სადაც საუბარია გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიას, შპს „ჩოხატაურის მაცნეს“ და შპს „რადიოცენტრი პლიუსისთვის“ მიყენებულ მატერიალურ ზარალზე.

სასამართლო გადაწყვეტილებას 26 დეკემბერს გამოაცხადებს.

ძალზე ვრცელი თემაა ელექტრონული ტენდერების და მომსახურების შესყიდვები. ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, თუ რომელი გამოცემები იგებენ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებს მუნიციპალიტეტებში. არის შემთხვევები, როცა ამ მედიასაშუალებებს საერთოდ არავითარი ტერიტორიული შეხება არ აქვთ ამ მუნიციპალიტეტებთან. მაგალითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების გამოქვეყნებას და ბორჯომის მოსახლეობისთვის გაცნობას „საქართველოს რესპუბლიკა“ ახორციელებს. ასევე, ამ ტენდერების საფუძველზე დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი, თუ რა სახის, მოცულობის, პერიოდულობის მომსახურებაზეა საუბარი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ზოგჯერ ამგვარ ფორმალურ ტენდერზეც კი უარს ამბობს და მომსახურების გასაწევად პირდაპირი სუბსიდირების წესს მიმართავს. სამართლებრივ საფუძვლად კი ა(ა)იპ-ების დაფუძნებას მიმართავს (არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი). მაგალითად, სწორედ ასე დაფინანსდა 27 000 ლარით სუბსიდირების წესით მიმდინარე წელს, ხარაგაულში თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, რომლის საქმიანობა გაზეთის გამოშვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებს აწარმოებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2012 ბიუჯეტში ისევ შეიტანა ამ ა(ა)იპ-ის დაფინანსების ხარჯი, თანაც გაზრდილი რაოდენობით.

ანალოგიურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკრებულოს დადგენილების საფუძველზე ახალი სამსახური, ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური მაცნე“ შეიქმნა. სამსახურის ფუნქცია გამგეობის გაზეთის გამოცემა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევაა. „მაცნე“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარით დაფინანსდა.

აქამდე მოკვლეული მასალებით და გამოთხოვილი დოკუმენტებით, სრულიად გაურკვეველი მედიახარჯების ზრდა სწორედ საარჩევნო წლებში შეინიშნება. ამიტომ, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ ადგილობრივ მედიაში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგს 2012 წლისთვისაც განახორციელებს.

14 დეკემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საქართველოს სარეკლამო ბაზრის კვლევის შედეგები. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ სრულად იზიარებს კვლევაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე, იმ რეკომენდაციებს, რომლითაც ორგანიზაცია მიმართავს მედია-საშუალებებსა და საქართველოს მთავრობას.

მასალა მოამზადეს საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრმა და საქართველოს მედია კლუბმა.

კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ მოპოვებული მასალები რეაგირებისთვის გადაეგზავნება საქართველოს სახალხო დამცველს, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.