ხელისუფლების ზეწოლის ასაცილებლად მედიაგაერთიანება დაფუძნდა

ხელისუფლების ზეწოლის ასაცილებლად მედიაგაერთიანება დაფუძნდა

დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ახალი მედიაგაერთიანება ჩამოაყალიბეს. ხელისუფლებისგან მომდინარე უკანონობისა და ზეწოლისგან დასაცავად მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატორი „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტია. მას თანადგომა თბილისში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთის წარმომადგენელმა გამოუცხადა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. მათ შორის, „კვირის პალიტრა“, „Presage.tv“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „რეზონანსი“, „ვერსია“, მედიაკავშირი „ობიექტივი“. და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მედიაგაერთიანების შექმნის აუცილებლობა ხელისუფლებისგან მედიის მიმართ შექმნილმა ბოლოდროინდელმა პრობლემებმა განაპირობა: ჯიხურების თემა, მედიაგავრცელების შეზღუდვა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ოკუპაცია და ა.შ. დღესაც, „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა მედიასაშუალებების მხრიდან თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი მიმართვის სიტყვები: „პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!“

როგორც „Presage.tv“-სთან საუბარში მამუკა ღლონტი იმედოვნებს, აღნიშნული მედიაგაერთიანება ფიქტიური არ აღმოჩნდება და კონკრეტული ზეწოლის შემთხვევაში, ჟურნალისტები ერთმანეთს რეალურად დაეხმარებიან. მედიაგაერთიანების ინიციატორებმა სამუშაო ჯგუფის წევრებიც დაასახელეს: ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი), როზი ჯღამაია (Presage.tv), ლაშა ტუღუში (რეზონანსი) ხატია ქვათაძე (რადიო „მაესტრო”). გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფი იურისტებთან ერთად,  დახლოებით ერთ კვირის განმავლობაში, დადებს წესდებას, შემდეგ კი  შეიკრიბებიან და აირჩევენ დიდი გაერთიანების მაკოორდინირებელ ორგანოს. 

„ახლადშექმნილ მედიაგაერთიანებას იდეური გაერთიანებისა და  პროფკავშირების მსგავსი ორგანიზაციის სტატუსი არ ექნება. მედიაგაერთიანებაში კვალიფიციური ჟურნალისტები და იურისტები მოიყრიან თავს, რომლებსაც ნდობის მანდატი ექნებათ და მედიამფლობელებისგანაც დაფინანსდებიან“, - აცხადებს  მამუკა ღლონტი.

ისინი ბევრად უფრო ორგანიზებულნი იქნებიან, გაავრცელებენ განცხადებებს, გაგზავნიან საპროტესტო წერილებს და დაგეგმავენ საპროტესტო აქციებს. გარდა ამისა, მედიაგაერთიანების წევრები ახალგაზრდა იურისტებთან ერთად შეუმუშვებენ წესდებას.

მართალია, მედიაგაერთიანებას არ შეუერთდნენ ნაციონალური არხებისა და გამოცემების ჟურნალისტები, მაგრამ მედიაგაერთიანების კარი არავისთვის არ  დაიხშობა.    

„საუბარი არაა, რომ მხოლოდ მედიაგაერთიანებაში შემავალი წევრები დავიცვათ. ჩვენ დავიცავთ ასევე იმ მედიასაშუალების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ამ მედიაგაერთიანების წევრები არ იქნებიან. გარდა ამისა, მედიაგაერთიანების შექმნის აუცილებლობას მარტო ამ ხელისუფლების პირობებში არ ვხედავ, რადგან არა მგონია, უახლოეს მომავალში მთავრობა ლოიალური იყოს მედიის მიმართ“, - აღნიშნა ღლონტმა.

„რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, ბოლო დროს პრესის გავრცელების თვალსაზრით, პრობლემები შეიქმნა. „საფრთხეები საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს სიტყვის თავისუფლებას, როგორც ჟურნალისტების უფლებებს, ასევე, მედიასაშუალებების უფლებებს, მათ საკუთრების უფლებასაც. კანონით დაშვებულ ყველა აქტივობას გამოვიყენებთ, რდგან სიტყვის თავისუფლებისთვის უნდა ვიზრუნოთ,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

Presage.tv-ს რედაქტორის, როზი ჯღამაიას თქმით, ის, რაც ქართულ მედიასთან მიმართებით ხდება, სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის რომ დაცულობა იყოს, ჩვენ მაქსიმალურად ვაპირებთ თავისუფლების დაცვას, ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის ეს და  ჟურნალისტებისთვის საბაზისო, მთავარი გზავნილი უნდა იყოს თავისუფალი სიტყვის დაცვა”.

Presage.tv ესაუბრა მედიაგაერთიანების წევრებს.

მამუკა ღლონტის თქმით, ამ გაერთიანების შექმნის მთავარი მიზეზი ის არის, რომ   მრავლი წლის მანძილზე მედია იმყოფება ძალიან ცუდ დღეში, მუდმივი თავდაცვის პირობებში.

- ჩვენი მდგომარეობა არ გამოსწორდება მანამ, სანამ მედია არ გაერთიანდება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მედიაგაერთიანების შექმნა, დარწმუნებული ვარ, ასეთი გაერთიანება შეიქმნება და ხელისუფლებისგან ღირსეულადაც დაიცავს თავს.

დღეს წარმოდგენილი მედიასაშუალებების სპექტრი საკმარისად ასახავს მედიაში შექმნილ ვითარებას?

- არ ველოდი, რომ ამდენი მედიასაშუალება გამოეხმაურებოდა. ფაქტობრივად, წარმოდგენილი იყო დედაქალაქში არსებული ყველა წამყვანი მედიასაშუალება, გარდა ნაციონალური არხებისა: რამდენიმე რადიო, ტელეკომპანია „მაესტრო“, „პალიტრა“, რადიო „უცნობი“, „ალია“, „ასავალ-დასავალი“, მედიაკავშირი „ობიექტივი“. მაპატიონ, ვინც ვერ ჩამოვთვალე.

რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მედიაგაერთიანება ფიქტიურად არ დარჩეს?

- ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც შექმნა და მერე არ იმუშავა, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რადგან ზეწოლის რიგში ყველა წერია, ყველასთან მივლენ. ამიტომ თუ არ ვუშველეთ ჩვენს თავს, არავინ გვიშველის.

ნაციონალურ მედიაშიც თუ არის პრობლემები, რომლის გამოაშკარავებასაც არ აპირებენ?

- ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას. თუ ეს უკანონობა ნაციონალური არხების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ამასაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რომელ მედიასაშუალებას ემუქრება საფრთხე. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას, სააკაშვილის ხელისუფლება იქნება თუ სხვისი.

თქვენ თავის დროზეც ითხოვდით ამ მედიაგაერთიანების შექნას, მაგრამ ახლა მაინცდამაინც „მაესტროს“ ამბებს დაემთხვა.

- მე დიდი ხანია, ვითხოვდი ამას და ვამბობდი, რომ ხელისუფლება უფრო და უფრო ვერაგულ ნაბიჯებს გადადგამდა. ეროსი კიწმარიშვილის შემოგზავნა „მაესტროში“ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის შემოძვრა ღობიდან, ამან მიმახვედრა, რომ ხელისუფლება უკვე ძალიან კონკრეტულ გეგმებს დებდა. ამას დაემატა მედიაჯიხურებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები, ამიტომაც ჩავთვალე, თუ არ დავნიშნავდი ამ თარიღს, ეს თარიღი არ მოვიდოდა არასდროს. ამიტომაც დავთქვი კონკრეტული თარიღი.

თქვენი ბრძოლის პირველი ეტაპი რა იქნება? ალბათ, „მაესტროს“ დაბრუნება?

- პირველი და ყველაზე მთავარი, სისტემატურად გავაგებინოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქ მომხდარი უკანონობა. მეორე, ერთად დგომა, ერთიანი საპროტესტი აქციები, ერთიანი მიმართვები.

„ასავალ-დასავალის“ ჟურმალისტი ჯაბა ხუბუა მიიჩნევს, რომ თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა მიმდინარეობს.

„უკანასკნელი კუნძულებიც, რაც საქართველოშია დარჩენილი, პრესის სახით, „მაესტროს“ სახით, მათ წინააღმდეგ მიდის გააფთრებული ბრძოლა. ისღა დაგვრჩენია, ამ ყველაფრის წინააღმდეგ გავერთიანდეთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. მჯერა, მარტო ერთად დგომით არის ეს შესაძლებელი.

კონკრეტულად „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ ბრძოლა რაში გამოიხატება?

- აბსოლუტურად ყველა გაზეთს შეექმნა პრობლემები, შეგიძლიათ დაიაროთ და მთელ თბილისში სანთლით რომ ეძებოთ, ჯიხურს ვერ იპოვით, ყველა ჯიხური აღებულია. ეს არის არა მარტო „ასავალ-დასავალის“, არამედ ყველა გაზეთის პრობლემა. დამერწმუნეთ, ეს ორგანიზაცია ფიქტიური არ იქნება, რადგან მასში გაერთიანებული არიან საქართველოს ყველა წამყვანი მედიასაშუალებები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იურისტებთან ერთად შეიმუშავებს ამ ორგანიზაციის წესდებას და გარწმუნებთ, ყველა თავისუფალი მედიასაშუალება გაერთიანდება და ამას დიდი რეზონანსი ექნება.

მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი ერთიანი სტრატეგიით მოქმედების მომხრეა.   

„მოგეხსებებათ, ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან რთულია, თავი დამოუკიდებლად დაიცვა. მისასალმებელია, როცა გაერთიანებული ძალებით მედია  საკუთარი უფლებების დაცვას დაიწყებს. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, ჩვენ ვიმოქმედებთ შეთანხმებული სტრატეგიით, შევიმუშავებთ თამაშის ერთიან წესებს. ჩვენ შევძლებთ რომ არ მოხდეს ისე, დაიხუროს სხვადასხვა ტელევიზია, ჩაერიოს გაზეთების თუ მაუწყებლების საქმიანობაში ხელისუფლება თუ ოპოზიცია. სხვათაშორის, მე ოპოზიციასაც ვგულისხმობ, რადგან იყო მათი ჩარევისა და ზეწოლის ფაქტები მედიის საქმიანობაში. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი პრეცენდენტები მომავალშიც შეიქმნას.

თქვენთვის ეს გაერთიანება მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ასაცილებლად არ არის  მიმართული?

- ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ ამ გაერთიანებას, რომ ნებისმიერი ძალის მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევისას რეაგირება უნდა მოხდეს. აქ მარტო ხელისუფლება არ იგულისხმება.

კონკრეტულად თქვენ რა პრობლემებს აწყდებით?

- „ობიექტივის“ ჟურნალისტები რვა წლის მანძილზე ვლაპარაკობთ, რომ დაიხურა 40-ზე მეტი ტელეარხი, მათ შორის, ჩვენც წაგვართვეს ტელევიზია და ამ სიხშირეზე ახლა „ალანია“, „რეგიონ-ტვ“ მაუწყებლობს. იყო დუმილი და არანაირი სოლიდარობა ჩვენი კოლეგების მხრიდან. მე მივესალმები, რომ  რვა წლის შემდეგ  ჩვენი კოლეგები უკვე საუბრობენ  იმაზე, რომ აუცილებელია სოლიდარობა.