ხელისუფლება და მის საკუთრებაში მყოფი სასამართლო რეპრესირებულ ადამიანებს დასცინიან

ხელისუფლება და მის საკუთრებაში მყოფი სასამართლო რეპრესირებულ ადამიანებს დასცინიან

„1943 წელს მამაჩემი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და პოლიტიკური ბრალდებით დახვრიტეს. მისი საფლავიც არ გვღირსებია. ჩვენი ოჯახიც სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და ციმბირში გადასახლება ოჯახის ყველა წევრს მოგვესაჯა. 6 წლის ვიყავი, დედასთან და ჩემს და-ძმასთან ერთად, ციმბირის გზას რომ დავადექი.

სატვირთო ვაგონებში შეგვყარეს და საშინელი გზა გავიარეთ. გზადაგზა მატარებელი ჩერდებოდა, დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ ტომსკის ოლქში აღმოვჩნდით. ჩვენამდე იმ სოფელში 1937 წელს გადასახლებული პატიმრები ცხოვრობდნენ და უამრავი ბარაკი იდგა. მალე იქაურობა საქართველოდან გადასახლებული ხალხით გაივსო. მორებით აშენებული ერთი ოთახი მოგვცეს. ზოგიერთს ესეც არ ჰქონდა. ჩემი და ახალგაზრდა ქართველ გოგონებთან ერთად, ძალიან რთულ სამუშაოზე გაამწესეს. მდინარეს მორები ჩამოჰქონდა და სიფრიფანა გოგონები ვაგონებს ტვირთავდნენ. მორზე აქეთ-იქით თოკები ება, ვაგონზე ერთი ადამიანი იდგა, ორი კი მორს ეზიდებოდა. 40-50 გრადუს ყინვაში, გაუსაძლის პირობებში მუშაობდნენ. ვერასოდეს დავივიწყებ იმ გაუბედურებული ადამიანების სახეებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ იხოცებოდნენ. სიცივისგან და შიმშილისგან ჩონჩხადქცეული ცხედრები ყველგან ეყარა, ვეღარ უძლებდნენ... მათ იქვე მარხავდნენ...

ჩვენთან ერთად, ძირითადად ისეთი ქალები იყვნენ, რომლებსაც ქმრები დაუხვრიტეს. ასეთ ჯოჯოხეთში 5 წელზე მეტი გავატარე. რაც გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია და იმ ტკივილის გადატანა ურთულესი,” - ეს რეპრესირებული ქალბატონის მონათხრობია.

მის მსგავსად, საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი ათასობით ჩვენი თანამემამულე გახდა. მათი ოჯახების უმრავლესობას უდანაშაულოდ დახვრეტილი ადამიანების ცხედრებიც არ ღირსებია.

შარშან, ევროპის სასამართლოში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დავა ძმებმა კილაძეებმა მოიგეს და მთავრობამ თითოეულს 4000 ევრო გადაუხადა. მაშინ ევროსასამართლომ მოითხოვა, რომ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილება განეხორციელებინა და რეპრესირებულები ფულადი კომპენსაციით დაეკმაყოფილებინა. ცხადია, მიყენებულ ტკივილს, ვერანაირი ფულადი კომპენსაცია ვერ აუნაზღაურებს, მაგრამ 2011 წლის 19 აპრილს, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა შესაბამისი კანონი მიეღო. გადაწყდა ფულადი კომპენსაცია მისცეს იმ პირებს, რომლებმაც 1921 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის დამხობამდე და შემდეგ პერიოდშიც პოლიტიკური ნიშნით რეპრესია განიცადა და მერე რეაბილიტირებულ იქნა.

ამ ცვლილების შემდეგ, მრავალმა რეპრესირებულმა ოჯახმა საჭირო დოკუმენტების მომზადება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დიდხანს უწევდათ სირბილი, რათა ცნობები გამოეთხოვათ. კანონის მიხედვით, როცა სარჩელი პირველი რიგის მემკვიდრეს შეაქვს, მან პირის რეაბილიტაციის ცნობას უნდა დაურთოს მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამანაც გააჩინა კითხვები. პრაქტიკოსი იურისტების აზრით, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობაა, რომელსაც ნოტარიუსი გასცემს. კანონით განსაზღვრულია, რომ სამკვიდროს გაცემაზე მემკვიდრემ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართოს ნოტარიუსს, ან მან ფაქტობრივი ფლობით უნდა მიიღოს ქონება. ცხადია, ამ ადამიანების უმრავლესობას მემკვიდრეობის ცნობის აღება გაუჭირდა. 1937 წელს, როცა მათ მამა ან დედა დაუხვრიტეს, ალოგიკურია 6 თვეში ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობა აეღოთ. ზოგიერთი ნოტარიუსი გაგებით მიუდგა ამ საკითხს და ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა გასცა, სადაც წერია, რომ ის არის ამ ადამიანის მემკვიდრე. ზოგიერთმა მსგავსი ცნობაც არ გასცა და ადამიანებს ამ მხრივაც პრობლემები შეექმნათ. საყურადღებოა ისიც, რომ მოსამართლეთა ნაწილი ითხოვდა სამკვიდრო მოწმობას, ნაწილი კი - არა.

რატომღაც კანონით, ასეთი საქმეების განხილვის უფლება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მისცეს. ამიტომაც რაიონებიდან ადამიანებს თბილისში ჩამოსვლა და სარჩელის აქ შეტანა მოუხდათ.

მოსარჩელეთა უმრავლესობა ხანდაზმულია და გადაადგილებაც უჭირს, ზოგს ტრანსპორტისთვის და ნოტარიუსისთვის გადასახდელი თანხებიც კი არ ჰქონდა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ბევრი სირბილისა და წვალების შემდეგ, დოკუმენტები შეაგროვეს და სარჩელით სასამართლოს მიმართეს, იმ იმედით, რომ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებდნენ.

კანონით, სასამართლოში სარჩელი უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, ან მისი პირველი რიგის მემკვიდრემ უნდა შეიტანოს. სარჩელის მომზადებაში მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები ეხმარებოდნენ. მოსარჩელეთა რიცხვში არიან მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და ნიკო სამადაშვილი, მათი საქმეები ჯერჯერობით არ განხილულა.  

ადექვატური კომპენსაციის მოლოდინი დიდი იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კახა კოჭორიძე, ჯერ კიდევ საქმეების განხილვის დაწყებამდე ფიქრობდა, რომ მოქალაქეებისთვის ადვილი არ იქნებოდა ბიუჯეტის წინააღმდეგ დავა და ამ საქმეებს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ ის ასეთ შედეგებს მაინც არ ელოდა.

„სარჩელების შედგენის დროს ევროსასამართლოს სტანდარტსაც მივაქციეთ ყურადღება. საყურადღებოა, როცა მათ 4000 ევრო გადაუხადეს, აქ არ იყო საუბარი იმ მორალურ ზიანზე, რაც ძმებ კილაძეებს უშუალოდ რეპრესიის დროს მიადგათ. ეს თანხა იმის გამო მისცა სახელმწიფომ, რომ 12 წლის განმავლობაში ეფექტური მექანიზმი ვერ შეიმუშავა და ამ ხალხს არ მიეცა საშუალება, მიყენებული მორალური ზიანისთვის სასამართლოში სარჩელი რომ შეეტანა. ვფიქრობდი, 4000 ევროზე ნაკლებს მაინც არ მიიღებდა თითოეული მოსარჩელე“.

ცხადია, რეპრესირებულ ოჯახებს მოსამართლეები უპრეცედენტოდ დაბალ კომპენსაციებს აძლევენ. ბოლშევიკების უსასტიკეს წნეხში გამოვლილი მრავალწლიანი პატიმრობა, გადასახლება და უფრო მეტიც, დახვრეტა, მათ მიერ მაქსიმუმ 400 ლარად შეფასდა. არადა, კანონში მითითებულია, რომ თანხის ოდენობაზე გავლენას მოახდენდა დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე. პირის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი და სხვა ობიექტური გარემოებები. ამ ადამიანებისგან მართლაც ისეთ ამბებს ისმენ, რომ საოცარ ემოციას იწვევს, მათ საშინელი დღეები გამოიარეს. სასამართლომ კი მათ იმედები გაუცრუა და მორალურად ისინი ცუდ დღეში ჩააგდო. თვლიან, რომ ხელისუფლებამ ისინი აბუჩად აიგდო.

73 წლის კარლო ზარნაძე და მისი 76 წლის ძმა ოთარ ზარნაძე ახალციხიდან თბილისში ჩამოვიდნენ და მიყენებული მორალური ზიანისთვის, ფულადი კომპენსაციის სახით 10 000 ევროს ითხოვდნენ. მათი მამა 1937 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სსრ „ნკვდ“-სთან არსებული სამეულის მიერ შორეულ აღმოსავლეთში იქნა გადასახლებული.  მათი მამის გრიგოლ ზარნაძის საქმე წლების შემდეგ, კერძოდ 1957 წელს გადასინჯა საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ და დანაშაულის ნიშნების უქონლობის გამო საქმე შეწყდა. მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის გრიგოლ ზარნაძე უკვე გარდაცვლილი იყო. იგი 2001 წელს იქნა აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ძმებმა სასამართლოში ყველა მტკიცებულება წარადგინეს. მათ მოთხოვნას მოპასუხე - ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასამართლოსგან უარის თქმა მოითხოვა.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ჯორბენაძემ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კარლო და ოთარ ზარნაძეების საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული და ფინანსთა სამინისტროს მათ სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის 260 ლარის გადახდა დააკისრა. ანუ ძმებმა ეს თანხა შუაზე უნდა გაიყონ.

მისი კოლეგის მსგავსად, სამარცხვინო თანხა მიაკუთვნა მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ 83 წლის ნოდარ ჭანკვეტაძეს. ბატონ ნოდარს მამა 1937 წლის 26 აპრილს დაუხვრიტეს.

„არასრულწლოვნები ვიყავით, როცა დედასთან ერთად დავრჩით და უკიდურეს გაჭირვებაში შიშის ქვეშ გავიზარდეთ. სულ გვეშინოდა, რომ დედასაც წაგვართმევდნენ და მარტო დავრჩებოდით. გაუსაძლისმა ბავშვობამ წარუშლელი ფიზიკური და სულიერი ტრავმა დამიტოვა მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრს... მამაჩემი, ნიკოლოზ ჭანკვეტაძე 1989 წელს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარეს“, - განაცხადა პროცესზე ბატონმა ნოდარმა და ყველანაირი მტკიცებულება წარადგინა. იგი კომპენსაციის სახით 100 000 ლარის გადახდას ითხოვდა. არც ამ მოთხოვნას დაეთანხმა მოპასუხე ფინანსთა სამინისტრო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის არის ხანდაზმული. რომ მისმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი მამა, რომელიც უკანონოდ იქნა დახვრეტილი. მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში წუხს იმის გამო, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე გახდა ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნოდარ ჭანკვეტაძეს ფულადი კომპენსაცია 400 ლარის ოდენობით მიაკუთვნა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთჯერადად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიძლება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტების თქმით, გასაჩივრებას აზრი არ აქვს, რამდენიმე გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. ხშირად ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო სასამართლოში ამ სამარცხვინო თანხებსაც ასაჩივრებს და თურმე მის გაუქმებასაც ითხოვს. 

ადვოკატი კახა კოჟორიძე: „ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს არც ერთხელ არ უთქვამთ მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილდესო. გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან, როცა ცნობილია, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ ადამიანებს კომპენსაცია მიეცეთ. მაშინ გაგვაგებინონ რატომ აიღეს პასუხისმგებლობა? რატომ მიიღეს საერთოდ ეს კანონი? იმიტომ, რომ პოლიტიკური ქულები დაეწერათ და ამ ხალხისთვის არაფერი გაეკეთებინათ? ცხადია, სასამართლომ ერთგვაროვანი უკანონო პრაქტიკა შეიმუშავა და გადაწყვეტილების საერთო ფორმა არსებობს, ანუ აქვთ ნიმუში, სადაც მხოლოდ ციფრები და მოსარჩელის მონაცემები იცვლება. არაერთი გადაწყვეტილება ხელთ გვაქვს და რაოდენ გასაკვირადაც უნდა მოგეჩვენოთ, სხვადასხვა მოსამართლის მიერ დაწერილი გადაწყვეტილებები ერთმანეთის იდენტურია. ცალსახად კოპირებულია, მხოლოდ ციფრებია შეცვლილი.

დახვრეტის შემთხვევაშიც ადამიანს 400 ლარს რომ გადაუხდი რაზე უნდა ილაპარაკო? სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენიმე წლით იყავი გადასახლებული თუ მამა, ან დედა დაგიხვრიტეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებებში განსხვავება შეიძლება 10 ან 20 ლარი იყოს. გაუგებარია, როგორ გამოჰყავთ ეს ციფრები, მათ გადაწყვეტილებებში ლოგიკა საერთოდ არ არის.

ჩვენი მონაწილეობით განხილულ საქმეებში ყველაზე დიდი, რაც  მოქალაქეს მიეკუთვნეს 400 ლარია. გვყავს ისეთი პირიც, რომელსაც 215 ლარით დაუკმაყოფილეს მოთხოვნა, მაგრამ საიდან გამოიყვანა ციფრი მოსამართლემ ვერ გეტყვით. ბევრმა ადამიანმა ამ გადაწყვეტილებების შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. იმხელა პროტესტი გაუჩნდათ, რომ ამბობენ დაკისრებული თანხას არ ავიღებთო. თუ ფული არ ჰქონდა, სახელმწიფოს ქონებრივი რესურსის გამოყენება შეეძლო. მიწების 80 პროცენტი დაურეგისტრირებელია. მიწები მაინც გადაეცათ და მათთვის ქონებრივადაც უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა ამას და ადამიანები თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად არ იგრძნობდნენ. ვერ გამიგია, მაშინ საერთოდ რაში სჭირდებოდათ ეს აურზაური?

ჩემი აზრით, ეს 215- 400 ლარი, რასაც რეპრესირებულებზე გასცემენ, ხშირ შემთხვევაში ვერ დაფარავს იმ ხარჯებს, რაც ამ ხალხმა აქეთ იქით სირბილში დახარჯა. ჩვენ უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევდით, მაგრამ ზოგიერთმა კერძო ადვოკატიც აიყვანა, იმ იმედით, რომ სოლიდურ თანხას მიიღებდა. ბევრს ადვოკატის თანხაც თავისი ჯიბიდან ექნება გადასახდელი.