ქართველი მეზღვაურები შესაძლოა სახლებს საახალწლოდ დაუბრუნდნენ

ქართველი მეზღვაურები შესაძლოა სახლებს საახალწლოდ დაუბრუნდნენ

presage.tv-ს ინფორმაციით, ამჟამად სომალელ მეკობრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, სამშობლოსთან 16-თვიანი განშორების შემდეგ ქართველი მეზღვაურები შავი ზღვის ნაპირებს მოადგნენ. დატყვევებული მეზღვაურების მშობლები მოლოდინით შეჰყურებენ მოლაპარაკების პროცესს და ამ ეტაპზე ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ.  

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ერთი თვის წინ სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 15 ქართველისა და სამი თურქი მეზღვაურის YouTube-ზე გავრცელებული კადრები. კადრების მიხედვით, მეზღვაურები შველას ითხოვდნენ და ზღვაში თავის დახრჩობითაც იმუქრებოდნენ.

„სომალი რეპორტის“ მიერ გავრცელებული ზემოხსენებული ვიდეო ტანკერ „ოლიბ ჯის“ ბაქანზე გახლდათ გადაღებული. კადრებში მეზღვაურებს გარდა, შეიარაღებული და ნიღბიანი მეკობრეებიც ჩანდნენ.

„ჩვენი გემის მფლობელი კომპანია ფულის გადახდას არ აპირებს. მათ ჩვენ არ ვაინტერესებთ. არც ჩვენი მთავრობა გვეხმარება. წელიწადზე მეტია ასეთ სიტუაციაში ვართ. მეკობრეები ძალიან გაბრაზებულები არიან. გვცემენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ. საჭმელი და წყალი, რაც მათ ჩვენთვის მოაქვთ, არ არის საკმარისი ნორმალური ცხოვრებისთვის. ზოგიერთი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვერ ვეხმარებით, რადგან მედიკამენტები არ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვიძლია. ყველას ვთხოვთ დახმარებას, ვისაც ჩვენი ნახვა და მოსმენა შეუძლია,“ - აცხადებდა დატყვევებული ქართველი მეზღვაური.

ერთ-ერთი მეკობრე კი დატყვევებული ქართველებისთვის გამოსასყიდის სახით 9 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ამ კადრების პარალელურად, ერთ-ერთი დატყვევებული მეზღვაურის მშობელი იმასაც აცხადებდა, რომ ქართველ ბიჭებს, როგორც მონებს, ისე ექცეოდნენ, ამიტომ გამორიცხული არ იყო, მეზღვაურებსა და მეკობრეებს შორის შეხლა-შემოხლა მომხდარიყო.

იყო შემთხვევა, როცა მეკობრეებმა მეზღვაურებს ულტიმატუმი წაუყენეს და დახვრეტითაც დაემუქრნენ, თუმცა განზრახვა სისრულეში არ მოუყვანიათ. ერთ-ერთი მეზღვაურის დედა აცხადებდა, რომ დღის განმავლობაში მეზღვაურებს მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს და მოხარშულ ბრინჯს აძლევდნენ. ზოგჯერ კი მათ ბრინჯიც არ ხვდებოდათ. გემი მთლიანად დაბინძურებული იყო და თვეების მანძილზე იატაკზე წოლა უხდებოდათ. დატყვევებული ქართველები და თურქები მეკობრეებს თურმე ერთ კაიუტაში, ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული.

იმის გამო, რომ ცალკეული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მეკობრეებთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ (რადგან ოფიციალური მოლაპარაკება მათი გამომძალველობის წახალისება იქნება), მოლაპარაკებები ხშირად არაოფიციალურად იმართება. ასეთივე არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მთავრობა განიხილავდა მეკობრეებისთვის გარკვეული თანხის გადახდის შესაძლებლობას, თუმცა ამ ინფორმაციას კარგა ხანს ოფიციალურად არავინ ადასტურებდა. სპეცოპერაციის ჩატარება კი ასეთ შემთხვევებში მძევლებისთვისაც სახიფათო იყო.

ბოლოს მეზღვაურებისთვის თანხის შეგროვება სპეციალური მარათონით პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გადაწყვიტა. იგი ბიზნესმენებისგანაც ელოდა შემოწირულობას. მანამდე კი 15 მეზღვაურის სანაცვლოდ საკუთარ თავს სთავაზობდა მეკობრეებს. მართალია, თანხა შეგროვდა, მაგრამ მოგვიანებით, ირაკლი პეტრიაშვილი თავად დაადანაშაულეს ამ თანხის ადრესატისთვის გაუცემლობაში. თუმცა მეზღვაურების მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ პეტრიაშვილს თანხა მათ სახელზე ბანკში აქვს შეტანილი და საქართველოში დაბრუნებულ მეზღვაურებს გაუნაწილებს. 

Presage. tv-ს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე ესაუბრა. ჩიჯავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სომალელი მეკობრეებისგან ქართველების გამოშვებასთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.   

ამჟამად მეზღვაურები რა მდგომარეობაში არიან? როგორც ვიცი, აქამდე საჭმელს არ აძლევდნენ.

- ეგ პრობლემა მოხსნილია, უბრალოდ, პირობებია ცოტა ცუდი.

ისევ ხომ არ სცემენ?

- არა, როგორ გეკადრებათ, ცემა არ ხდება.

თავიდან რომ სცემდნენ?

- ჯერ დაშინების მცდელობა ჰქონდათ, მერე რომ მიხვდნენ, რომ მოლაპარაკებას ვმართავდით, შეარბილეს პოზიცია.

რა თანხა შეაგროვა ირაკლი პეტრიაშვილმა და გადასცა თუ არა დატყვევებული მეზღვაურების მშობლებს?

- შეგროვილი თანხა დიდი არ არის. 50 ათას ლარზეა საუბარი. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს თანხა გადავცეთ მშობელთა კომიტეტს, მათ, ვინც დავობს ამ საკითხზე და ისინი ერთმანეთში გადაანაწილებენ ამ თანხას. თანხა მეზღვაურების ანგარიშზე უკვე დავდეთ და, როცა დაბრუნდებიან, თავად გაინაწილებენ ერთმანეთში. მეზღვაურებს რეაბილიტაციისთვის დასჭირდებათ ეს თანხა.

მეკობრეები თავიდან განსხვავებული რაოდენობის თანხას ითხოვდნენ. ამჟამად რამდენს თანხმდებიან?   

- მეკობრეები ჯერ მილიონს ითხოვდნენ, შემდეგ 5 მილიონზე ავიდნენ. ახლა თითქოს ჩამოვიდნენ და გამოსასყიდის რაოდენობა დასწიეს. მოლაპარაკებას უცხოელი იურისტი აწარმოწებს და ჩვენ ვერაფერაფერს გეტყვით.

ჩვენი ინფორმაციით, მეზღვაურები ახალი წლისთვის უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.

- ამისთვის მუშაობენ, რომ ახალი წლისთვის ჩამოვიდნენ. რამდენად განხორციელდება, ვერ გეტყვით.

საქმეში ჩვენი ხელისუფლება ჩართულია? მეზღვაურების მშობლები მათ უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

- რა თქმა უნდა, ჩართული იქნება. სამინისტროა ჩართული.

ცნობისთვის, ყველაზე დიდხანს სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ბერძნული გემის „ჯენლილის“ ექვსი ფოთელი მეზღვაური იმყოფებოდა. ფოთელები ტყვედ 2002 წლის ივლისში ჩავარდნენ და სომალურ კოშმარს თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს. ისინი ტყვეობიდან 225 დღის შემდეგ, 2003 წლის 9 თებერვალს გაიქცნენ. 2008 წლის დეკემბერში კი ბერძნული გემის „ექშენის“ მთავარმა მექანიკოსმა ენვერ ვარშანიძემ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თავი მოიკლა.