თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - რას მოგვცემს და რას მოითხოვს ევროკავშირი

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - რას მოგვცემს და რას მოითხოვს ევროკავშირი

გაუმარტივებს თუ არა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართველ მეწარმეებს გზას ევროპული ბაზრისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე უკვე სარგებლობს საკმაოდ სერიოზული პრეფერენსირებით?

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქართულ პროდუქციაზე სანქციები დააწესა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღების თემამ საქართველოსთვის განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე ევროკავშირ-საქართველოს შორის მოლაპარაკებათა დაწყებას  ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულში ვარაუდობდა, თუმცა ეს პროცესი დროში გაიჭიმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებას  ხელმძღვანელობს, ვარაუდობს, რომ პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარს გასტანს.  ეს ვადები კი, არა მხოლოდ ქართულ მხარეზე, არამედ ევროგაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებზეც არის დამოკიდებული.

ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკების წელიწადნახევარში დასრულებას ვარაუდობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ნიკა გიალური ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე შეხვედრებს ევროგაერთიანების მოხელეებთან მართავს.

„დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოლაპარაკება სწრაფად წარიმართოს და წელიწადნახევრის განმავლობაში დასრულდეს. შევეცდებით, 2012 წელი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყველა საკითხი პოზიტიურად გადაწყდეს“,- ამბობს გილაური.

თუმცა ჯერ კიდევ  2010 წლის ნოემბერში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ღიად მიანიშნა, რომ მართალია საქართველომ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს ლიბერალიზაციის კუთხით, მაგრამ ქვეყანას მათ განსახორციელებლად „მეტი ძალისხმევა“ სჭირდება, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმების ვადებს, ბაროზომ ისიც აღნიშნა, რომ „სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის დროის განსაზღვრა საქართველოს ხელშია“.  

საგარეო საქმეთა სამინისტრშო აცხადებენ, რომ ამ ფორმატში პირველი სამუშაო შეხვედრა 2012 წლის იანვარში ექსპერტების დონეზე  გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, ნინო კალანდაძე კი განმარტავს, რომ  ამ საკითხზე „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მოლაპარაკება ოფიციალურად გახსნილად ითვლება“.

რას გვიპრდება და რას მოითხოვს ევროკავშირი

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს ევროპულ ბაზარზე საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი კვოტების, დამატებითი ბარიერებისა და დამატებითი გადასახადების გარეშე გაიტანონ და, შესაბამისად, ახალ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასაც გაუადვილებს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე აღნიშნავს, რომ არსებობს ორმხრივი მისწრაფება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების შემდეგ დაიდო დასკვნა, რასაც მოჰყვა ევროკავშირის მიერ სიტუაციის ადგილზე, დამატებით  შესწავლა. 2009 წლის მარტის ბოლოს ქართულმა მხარემ მიიღო კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

 მიღებული რეკომენდაციები ვაჭრობასთან და ზოგადად ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა ევროკავშირმა ოთხი ძირითადი სფერო გამოჰყო – სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, რაც გულისხმობს ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს და  ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსადმი უცხოელ ინვესტორთა ნდობას აამაღლებს.

ვიდრე ხელშეკრულება გაფორმდება

ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშაკრულება გაფორმდება, ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პრეფერენსირების სისტემით სარგებლობს. 10000 სატარიფო პოზიციიდან, რომელთაც  ევროკავშირის ერთიანი საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს, დღეს 9300 დასახელების პროდუქცია, საქართველოდან ექსპორტის შემთხვევაში, გათავისუფლებულია საბაჟო გადასახადისაგან. მათგან 2100 სასაქონლო კატეგორიაზე ტარიფები, ქვეყნისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ადრე მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის ფარგლებში, გაუქმდა, 7200 დასახელების პროდუქციაზე კი – ევროკავშირის მიერ 2005 წლიდან დაწესებული პრეფერენციების განზოგადებული სისტემის დამატებითი სატარიფო დათმობის ფორმატში (GSP+). მანამდე პრეფერენციების განზოგადებული სისტემა (GSP) 6900 დასახელების პროდუქციაზე ვრცელდებოდა და მათგან ნულოვანი განაკვეთით მხოლოდ 3300 სარგებლობდა.

ამის მიუხედავად, ევროპის ბაზარზე საქართველოდან მხოლოდ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქცია გადის. აქედან GSP+-ის შეღავათების რეჟიმს უშუალოდ 34 დასახელების პროდუქცია ექვემდებარება. GSP+ რეჟიმის ამოქმედებამდე მინერალურ წყლებზე საბაჟო ტარიფი 6,1%–ს შეადგენდა, ამონიუმის სულფატზე – 3%ს, ხოლო თხილზე – 2,1 %ს.

 ევროკავშირის ბაზარზე ასევე დიდია მოთხოვნა მინერალურ და შაქრის დანამატის შემცველ წყლებსა და მინერალურ და აზოტოვან სასუქებზე. სასუქები, ძირითადად, საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში გადის.

არასატარიფო ბარიერი

გაცილებით დიდი ჩამონათვალი იმ ქართული საექსპორტო საქონლისა, რომელიც გაერთიანებული ევროპის ბაზარზე ჯერ კიდევ არ შედის. ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოს აგროსამრეწველო სექტორს ევროპის ბაზრის ათვისების დიდი პერსპექტივა აქვს. სავაჭრო რეჟიმების გამარტივება ხელსაყრელ პირობებს ქმნის ისეთი პროდუქციის ექსპორტისთვის, როგორიცაა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილფაფები, ჯემები, ხილის კონცენტრატები, დაკონსერვებული ნაყოფი და ღვინო.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველომ მეტად ლიბერალური პოლიტიკა გაატარა იმპორტთან დაკავშირებით და ახლა დროა, ევროპამაც გააღოს კარი ქართული პროდუქციისთვის.

ასე რომ, ქართულ ბიზნესს აქვს შანსი ევროპის ბაზარს მაღალი ტექნოლოგიებით დარგში შექმნილი პროდუქციაც მიაწოდოს. თუმცა ირკვევა, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის მიმართულებით, ჯერჯერობით, კვლავ დაბრკოლებებია და ძირითადად, არასატარიფო.

ევროპაში ქართული პროდუქცია რომ შევიდეს, ის ჯერ ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ამისთვის ქართულმა საექსპორტო საქონელმა ევროპის ან მესამე ქვეყნების საერთაშორისო აღიარების მქონე სასერტიფიკაციო ცენტრებში სერტიფიცირების პროცესი უნდა გაიაროს, საწარმოებში კი ევროპულთან ჰარმონიზებული სტანდარტები დაინერგოს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი ამ ეტაპზე გადაჭარბებულად მიიჩნევს საუბარს იმაზე, რომ ქართული პროდუქცია ევროკავშირის სავაჭრო ბაზარს აითვისებს. რადგან ევროპული ბაზარი საქართველოს პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით სერიოზულ პირობებს წაუყენებს, რომელთა დაკმაყოფილებას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

ექსპერტთა გათვლებით, საწარმოებში ევროამერიკულთან ჰარმონიზებული სტანდარტების დანერგვას რამდენიმე წელი და სერიოზული ინვესტიციის მოძიება დასჭირდება. გარდა ამისა, სარეკლამო კამპანიის წარმოებისა და ბაზარზე ადგილის მოპოვებისთვის გარკვეული დრო და სოლიდური ფინანსური რესურსებია აუცილებელი. ამისთვის კი, საქართველოს მინიმუმ 5 წელი მაინც სჭირდება.

ექსპერტთა ნაწილის აზრით კი, ეს პროცესი არცთუ რთული იქნება. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების კუთხით სირთულეები შეიქმნას. რადგან „თანამედროვე წარმოება განახლებულ ტექნოლოგიებს მოითხოვს, რაც ჩვენთან ევროპიდან შემოდის და უკვე დანერგილია ბევრ სფეროში. თანამედროვე ტექნოლოგიებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოება ქართველი მეწარმეებისთვის გადაულახავ სირთულეს არ წარმოადგენს“. მეწარმეებს კი, წარმატება თუ უნდათ, ახალი ბაზარი უნდა ეძებონ.