მონოპოლიზირებული საქართველო

მონოპოლიზირებული საქართველო

საქართველოს სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია, - ასეთი შეფასებაა გაკეთებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 13 დეკემბერს გაიმართა. 

საქართველოში რომ ყველა სფერო მონოპოლიზირებულია, ახალი ამბავი არ არის. მართალია, ხელისუფლება ამას მუდმივად უარყოფს, მაგრამ შარშან თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მონოპოლიები მომრავლდა და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაა საჭიროო.

ანტიმონოპოლიური კი შეიქმნა (რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის თავის მოსაწონებლად, რადგან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა იყო), მაგრამ რეალურად ქვეყანაში მონოპოლიების პრობლემა რომ არსებობს, ფაქტია.

ამ ვითარებას კი ისიც ამძიმებს, რომ ბაზარი ხელისუფლებასთან დაახლოვებულ და ყოფილ ჩინოვნიკებს აქვთ ხელში ჩაგდებული. თუმცა, იმის გამო, რომ კომპანიები ოფშორებშია რეგისტრირებული, ოფიციალურად მათი მფლობელების დადგენა ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ ხელისუფლება მუდმივად იმით აპელირებს, დაამტკიცეთ, რომ ვიღაცა მონოპოლისტიაო.

ამის დამადასტურებული მასალა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, მთელი სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზირებულია.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან რეკლამიდან შემოსული ფული მედიის განვითარებას უწყობს ხელს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, ხშირ შემთხვევაში კი კომპანიების უკან ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები დგანან. 

როგორც ანგარიშშია აღნიშული სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს. 

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სარეკლამო სექტორს შიგნით მოთამაშეების ურთიერთკავშირის დადგენისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ აღმოაჩინა, რომ პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რამდენიმე ოფშორული კომპანია მალავს კომპანიის რეალური მფლობელების სახელებს და ფინანსურ ნაკადებს. 

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ სექტორის გამჭვირვალობას ხელს უშლის კომპანიების ოფიციალური მფლობელების საეჭვოდ ხშირი ცვლა და ცრუ მფლობელის პრაქტიკის ხშირი გამოყენება. ანგარიშში ნათქვამია, რომ სატელევიზიო რეკმლამების გაყიდვების სახლი „ჯენერალ მედია“ ნაციონალური სატელევიზო არხების სარეკლამო დროზე დე ფაქტო მონოპოლიას ფლობს, ხოლო თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში დომინანტის პოზიცია „აუთდორ.ჯი“-ს უკავია. 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კერძო სექტორში თვითცენზურის გარემოა შექმნილი და რეკლამის დამკვეთებს ხშირ შემთხვევაში, მათი ბიზნესისთვის ნეგატიური შედეგების დადგომის შიშით, არ სურთ ისეთ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობა, რომლებიც კრიტიკული შეხედულებებით არიან ცნობილი. 

როგორც „საერთაშორისიო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, აუდიტორიის შესახებ სანდო მონაცემების ნაკლებობა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რეკლამების მიზიდვას კიდევ უფრო ურთულებს, რის შედეგადაც ისინი ფინანსური მდგარდობის მიღწევას ვერ ახერხებენ. 

„კონკურენცია და პროფესიონალიზმი სარეკლამო სექტორში საქართველოში ფინანსურად მდგრადი და, აქედან გამომდინარე, ძლიერი და პლურალისტური მედიასექტორის არსებობს მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 2010 წლის სარეკლამო ბაზრის წმინდა მოცულობა 43 და 46,5 მილიონ დოლარს შორის მერყეობდა, სატელევიზიო რეკლამის წილი 35 მილიონი დოლარი იყო, რადიორეკლამის - 2,2 მილიონი დოლარი, ინტერნეტრეკლამის წილი კი - მილიონ დოლარასაც ვერ აღწევს“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ამისა, როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, საქართველოს მთავრობა საგაზეთო ჯიხურების ქსელის, „ვაიდდისტრიბუშენის“ აქციების 70%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც ასევე გარე რეკლამის განთავსებისთვის გამოიყენება. 

„ახლა ამ ქსელს „საქართველოს ფოსტა“ განაგებს, მთავრობის მიერ კონტროლირებადი კომპანიები რეკლამის განთავსების მეშვეობით მიზნობრივ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში. 

როგორც ეკა გიგაური აცხადებს, „ხშირია შემთხვევა, როცა კომპანიები გამიზნულად უკვეთავენ რეკლმას იმ ტელეარხებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ მთავრობასთან. ის მედიასაშუალებები, რომლებსაც მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, ამგვარ შეკვეთებს ვერ იღებენ, რაც მათ განვითარებას და ფინანსურ მდგრადობას ხელს უშლის და ასევე არ აძლევს მათ საშუალებას, თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“.

საინტრესოა ისიც, რომ ქართულ მედიაში სარეკლამო დანახარჯების უდიდესი ნაწილი - 78% ორ კერძო ნაციონალურ არხზე - „იმედსა“ და „რუსთავი-2“-ზე მოდის, სადაც ისევ ხელისუფლების ინტერესები იკვეთება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ტელევიზია საქართველოში უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, ვიდრე - რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში. ხოლო რეკლამებიდან შემოსავლების მიზიდვის თვალსაზრისით, საქართველოს ბეჭდური სექტორი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. 

„გაზეთებზე რეკლამებისთვის გაწეული დანახარჯების 4.3% მოდის და ეს რიცხვი არ მოიცავს სარეკლამო განცხადებებს. ჟურნალებზე კი, მოდის 3.9%. რადიოსადგურებზე მთლიანი სარეკლამო დანახარჯების დაახლოებით 7.8% მოდის, გარე რეკლამაზე კი - 5.8%. ინტერნეტის რეკლამის წილი საქართველოში რეგიონის საშუალო მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ინტერნეტ მედიასაშუალებებში განთავსებულ რეკლამებზე სარეკლამო დანახარჯები 1%-ზე ნაკლებია, მაშინ როდესაც რეგიონის შესაბამისი საშუალო მონაცემი 6.1%-ს უტოლდება“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, კვლევამ ერთი საინტერესო შედეგიც აჩვენა, - კერძო სექტორის მიერ რეკლამებზე გაწეული დანახარჯების დაახლოებით ნახევარი არაქართულ კომპანიებზე მოდის.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რამდენიმე კომპანია, რომელიც რეკლამებზე ყველაზე დიდი თანხებს ხარჯავს, ყოველდღიური მოხმარების საქონლის საერთაშორისო მწარმოებელია. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი დანახარჯები მოდის ტელეკომუნიკაციების სექტორზე, ბანკებზე, ჯანდაცვის სექტორსა და სამთავრობო უწყებებზე. 

ანგარიშის თანახმად, 2011 წლის ინავრიდან სექტემბრამდე პერიოდში სატელევიზიო სექტორში რეკლამის ყველაზე დიდი დამკვეთები არიან: „პროქტერ ენდ გემბელი“, „ჯეოსელი“, „ტრაფტი“, „მაგთი ჯიესემ“, „საქართველოს ბანკი“, „მობიტელი“, ლუდსახარში „ნატახტარი“, „თიბისი ბანკი“, „სილქნეტი“, „მარსი“, „ავერსი“, „ქოლგეითი“, „პალმოლივი“, „პე-ეს-პე“ ‘რეკიტ ბენკისერი“, „საქართველოს ლატარია“, „გლაკსოს მითკლაინი“, „ბერტა“, „ნესტლე“, „შვარცკოფი“, „ჰენკელი“, „ჯიპისი“, „ალდაგი ბისიაი“, „ვრიგლი“, „კოკა-კოლა“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „კასტელი“, „უნილევერი“, საქართველოს კინოთეატრები, თბილისის ივენთ-ჰოლი, „ელიტ-ელექტრონიქსი“, „პენთაჰაუს კლუბი“, „ფიკოსოტა სინთეზი“, ბანკი „რესპუბლიკა“, „ლიბერთი ბანკი“, „ბარამბო“, „ვიმბილდან ჯორჯია“, „პროკრედიტ ბანკი“, „ბეკო“, „იტალფუდი“, „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია“. 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობისა და სარეკლამო ბაზრის ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. 

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევალება საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგი და რეგულირება, რაც სატელევიზიო რეკლამის წესების დაცვის უზრუნველყოფასაც მოიცავს.  ანგარიშში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი 2009 წლის ზაფხულში, ვიდრე ის ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, „რუსთავი-2“-ის დირექტორი და თანამფლობელი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მარეგულირებლის თავმჯდომარე გახდა, ერთი წლის განმავლობაში რჩებოდა „მედიაჰაუსის“ თანამფლობელად. 

„მედიაჰაუსი“ ერთ-ერთი იყო ქვეყნის ორი ძირითადი რეკლამების გაყიდვების სახლიდან და ის სარეკლამო დროს „რუსთავი 2“-ზე, „მზეზე“ და კიდევ რამდენიმე არხზე ყიდდა. „მედიაჰაუსიდან“ ჩიქოვანმა თითქმის მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო იმ სექტორში, რომლის ზედამხედველობასაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგში თავად ახორციელებდა. 2010 წელს ჩიქოვანმა „მედიაჰაუსი“ გაყიდა, მისი კლიენტი კომპანიები კი ახლა „ჯენერალ მედიასთან“ თანამშრომლობენ, რომელიც რეკლამების გაყიდვის სფეროს ახალი მონოპოლისტი გახდა“, - ნათქვამია ანგარიშში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ეცნობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თუმცა კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ჩიქოვანის საქმიანობა ინტერესთა კონფლიქტის წესებს არანაირად არ არღვევდა.  ანგარიშის თანახმად, ირაკლი ჩიქოვანი სამშენებლო კომპანია „ბედეგის“ აქციონერად რჩება, რომელშიც ის აქციების 10%-ს ფლობს და მის ბიზნესპარტნიორებს შორის არის „რუსთავი 2“-ის დირექტორი გიორგი გეგეშიძე. 

„გეგეშიძესთან ერთად ჩიქოვანი სამშენებლო კომპანია „მაგისტილსაც“ ფლობს, რომელიც მონაწილეობს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაში. პარლამენტი უფლებამოსილია ჩიქოვანი ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ჩიქოვანი ასევე ფლობს სარეკლამო სააგენტო „მაგისტილი მედიას“, რომელიც კლიენტებს სხვა სერვისებთან ერთად გარე რეკლამის, სამაუწყებლო დიზაინისა და სატელევიზიო რეკლამის შექმნას და განთავსებასაც სთავაზობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ჩიქოვანმა, როგორც საჯარო მოხელემ შეავსო, ამ ბიზნესსაქმიანობით 2009 წელს მან 1.13 მლნ ლარი, 2010 წელს კი 975 ათასი ლარი გამოიმუშავა“, - აღნიშნულია ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, მონოპოლისტი რეკლამების გაყიდვის სახლი ამჟამად არის „ჯენერალ მედია“. საგულისხმო კი ის არის, რომ ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ამ თემაზე საუბარი არ სურს.