ახალი თვითგამორკვევა

ახალი თვითგამორკვევა

„ხალხი დაიბნევა, უთუოდ დაიბნევა. დაბნეული ხალხი ბრბოა.

ეყო ბრბოობა ჩვენს ხალხსა. ეყო. საკმარისია.

ან გამოსავალს ვეღარ მივაგნებთ. ერი ხალხია.

 ბრბო– აღარც ხალხია და აღარც ერი“.

(ოთარ ჩხეიძე. “პარლამენტური სამეფო ხელისუფლებისათვის“)

 

„აჭრილი“ ისტორიული მემკვიდრეობა

წინა წერილში (იხ. Presage.tv 19.10.2011 “საქართველოს დამოუკიდებლობა. ისტორიული მემკვიდრეობა თუ შემთხვევითობა”) საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ანალიზით მივედით იმ მძიმე დასკვნამდე, რომ ეროვნული საბჭოს მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი, როგორც ისტორიულად არსებული, უდავო, თავისთავადი და წარუვალი უფლებები, დასაბუთებული არ ყოფილა.

დამოუკიდებლობის აქტმა გვერდი აუარა და საერთოდ დღის წესრიგიდან მოხსნა საქართველოს სუვერენიტეტის მატარებელ ისტორიულად არსებულ კონკრეტულ სუბიექტთა – ქართლ–კახეთის, იმერეთის მეფეთა და ქართველ მთავართა (რომლებიც აღიარებდნენ ბაგრატიონების სუზერენობას) უფლებრივი მემკვიდრეობის საკითხი.

1918 წელს დაფუძნებულმა ახალმა ქართულმა სახელმწიფომ ისტორიულ წარსულთან კავშირი ფაქტიურად გაწყვიტა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საქართველოს მიმართ ვითომცდა კანონიერ უფლებათა მატარებელი სუბიექტის – რუსეთის მიერ საგარეო მტერთაგან დაცვის ვალდებულებათა შუსრულებლობით („რუსის ჯარმა დაუტევა კავკასია“) დაასაბუთა. გასაკვირი არ არის, რომ ისტორიის ულმობელმა მსვლელობამ ასეთ ეფემერულ თვითგამორკვევას საბედისწერო განაჩენი გამოუტანა: რუსეთის გაწითლებული იმპერიის მსხვერპლად აქცია ისტორიული მემკვიდრეობის უარმყოფი  დემოკრატიული რესპუბლიკა და მასთან ერთად – საქართველოს ხალხი.

აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ: მიუხედავად არაკმარი იურიდიული დასაბუთებისა,  დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნამ ისტორიის ასპარეზზე გამოიყვანა ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელი ახალი სუბიექტი – „საქართველოს ხალხი“, რომელიც პირველი წერილობითი ქართული კონსტიტუციის ძალით აწესრიგებდა ქვეყნის სახელმწიფო ცხოვრებას.

მე–20 საუკუნის ბოლოს არსებითად იგივე შეკითხვები, რაც 1918 წელს დაისვა ქართველი ხალხის წინაშე, პასუხგაცემული იქნა 1991 წლის 9 აპრილის „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში“. ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი ამ ფუძემდებლურ აქტში ასეა გადაწყვეტილი:

1) დამოუკიდბლობის აღდგენი აქტი 1918 წლის 26 მაისის აქტისაგან განსხვავებით ნათლად ამბობს, რომ: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.“ ამრიგად, 9 აპრილის აქტში ცხადად ჩანს ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით სრულიად განსხვავებული პოზიცია – საქართველოს დამოუკიდებლობა საბუთდება არა გარეშე გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ეს 1918 წლის 26 მაისის აქტშია წარმოდგენილი, არამედ საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართული სახელმწიფოებრიობით. სწორედ ამიტომ, 9 აპრილის აქტი მიიჩნევს, რომ 1918 წლის 26 მაისს ახალი სახელმწიფო კი არ იშვა, არამედ „აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა“.

2) მიუხედავად მე–19 საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის ხაზგასმისა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ისტორიული მემკვიდრეობის შეცნობა მაინც არაკმარია: იგი, ისევე, როგორც 1918 წლის 26 მაისის აქტი, საერთოდ არც ასახელებს რუსეთის ცარისტული იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში საქართველოს ანექსიამდე არსებულ, ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელ ისტორიული სამართალ–სუბიექტებს – ქართლ–კახეთისა და იმერეთის მეფეებს, აგრეთვე ქართველ მთავარებს (რომლებიც აღიარებდნენ ბაგრატიონთა სუზერენობას). ამით, ისევე როგორც 1918 წლის 26 მაისს მოხდა, დღის წესრიგიდან საერთოდ იხსნება ისტორიულ სამართალ–სუბიექტთა სუვერენული უფლებების მემკვიდრეობის საკითხი;

3) დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიდან იკითხება, რომ ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტია საქართველოს ხალხი, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს დააფუძნა დემოკრატიული რესპუბლიკა. 9 აპრილის აქტი თვითგამორკვევას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ახდენს: „ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.“

4) დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ამტკიცებს, რომ მიუხედავად საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიის და სსრკ–ს შემადგენლობაში ძალადობრივი ინკორპორაციისა, „დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა“

ამრიგად, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, მიუხედავად იმისა, რომ ხაზგასმულია მე–19 საუკუნეში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის უდავო ფაქტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობაზე ხდება. ეს პრობლემას არ შექმნიდა, რომ თავის დროზე, 26 მაისის აქტს ფაქტობრივად არ გაეწყვიტა ისტორიულ კავშირი წარსულთან. როგორც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ,  26 მაისის აქტი არ ასაბუთებს სუვერენიტეტის მატარებელი ახალი სუბიექტის – „საქართველოს ხალხის“ სამართალ–მემკვიდრეობას და მასში იგნორირებულია ისტორიულ სამართალ–სუბიექტთა უფლებრივი საკითხი. ამიტომ, ეს პრობლემა მემკვიდრეობით ერგო 1991 წლის 9 აპრილის აქტით მკვდრეთით აღდგენილ ქართულ სახელმწიფოსაც და იგი დღემდე გადაუწყვეტელია. ხაზგასასმელია, რომ ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობას. 

მეორე არსებითი და მწვავე პრობლემა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში აშკარად იკვეთება, კონსტიტუციურ მემკვიდრეობას უკავშირდება. როგორც ვხედავთ, დამოუკიდებლობის აღდენის აქტი აღიარებს 1921 წლის 21 თებერვლის ქართული კონსტიტუციის იურიდიულ ძალას. ამით, მყისიერად იქმნება გადაუჭრელი სამართლებრივი წინააღმდეგობა: საფუძველი ეცლება 9 აპრილს რეალურად მოქმედ პოსტ–საბჭოურ კონსტიტუციას და შესაბამისად, მთლიანად იმ დროინდელი საკანონმდებლო სისტემის ლეგიტიმურობას.

საქმე იმაშია, რომ მართალია, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტმა აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის იურიდიული ძალა, მაგრამ, ამ საკანონმდებლო ორგანოს სხვა გადაწყვეტილებებით მოქმედება განაგრძო და რეალურად „მუშაობდა“ 1977 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია (ბუნებრივია, ამ კონსტიტუციაში არსებითი შესწორებები და დამატებები იქნა შეტანილი). უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის მანდატის მქონე დამფუძნებელი კრება, ერთდროულად აღმოჩნდა როგორც 1918–21 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე საბჭოთა საქართველოს სამართალ–მემკვიდრეც. ამავდროულად, უზენაესმა საბჭომ არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აღიარა რუსეთის ცარისტული იმპერიის ანექსიამდე არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის მემკვიდრეობაც.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სამი (საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ქართული სახელმწიფოებრიობა, 1918 წლის რესპუბლიკა და საბჭოთა საქართველო)  ისტორიული მემკვიდრეობიდან საერთაშორიოდ მხოლოდ ერთია აღიარებული – მოგვიანებით, როცა საქართველო გახდა გაეროს წევრი სახელმწიფო, იგი საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი.

ურთიერთ გამომრიცხავი ეს სამი მემკვიდრეობა არა მხოლოდ ფორმალურ იურიდიულ, არამედ არსებით, შეიძლება ითქვას, ეგზისტენციურ კრიზისში გამოიხატება: საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროში მდგომარეობა არასტაბილური, წინააღმდეგობრივი და გაურკვეველი გახდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამუდმებით ინგრეოდა საზოგადო ურთიერთობათა უვარგისი საბჭოთა სისტემა, მაგრამ სანაცვლოდ ჭირდა და არ გამოდიოდა ახლის შექმნა.

იქნებ ასეთი „აჭრილი“ ისტორიული მემკვიდრეობაცაა ქართველი ხალხის იგვარად დაბნევის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც ამ ოცი წლის წინათ ოთარ ჩხეიძე მიგვითითებდა?

ეროვნული თავისუფლების სუბლიმაცია. კონსტიტუციურობის გზა

მდგომარეობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენამ შექმნა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ასევე მთლიანობაში, ზოგადადაც, შეიძლება ეროვნული თავისუფლების სუბლიმაციის წინააღმდეგობრივ და მტკივნეული პროცესის დასაწყისად დახასიათდეს.  ეს პროცესი, რომელმაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობით დამხობის შემდგომ სახელმწიფოებრიობის ღრმა კრიზისის სახე მიიღო, უკვე 20 წელია გრძელდება.

ამ პროცესის გასააზრებლად არსებითია თავისუფლების ნეგატიური და პოზიტიური შინაარსის გაცნობიერება. პიროვნული თავისუფლების ანლოგიურად, ეროვნულ თავისუფლებასაც ორი ასპექტი აქვს – ნეგატიური და პოზიტიური. ნეგატიური თავისუფლება, ანუ „თავისუფლება რაღაცისგან“, უარმყოფი თავისუფლებაა, რომელიც გარეშე ძალისგან დამოკიდებულებას ანგრევს. ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვება ამ ნეგატიური თავისუფლების რეალიზაციას ნიშნავს – დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი (ისევე, როგორც 1918 წლის აქტიც) სწორედ უცხო,  გარეშე სახელმწიფოს იურისდიქციის უარყოფასა და ეროვნული სუვერენიტეტის შეცნობის იურიდიულ გაფორმებას ნიშნავს.

სუვერენიტეტის შეცნობა მის მატარებელ სუბიექტს – ქართველ ხალხს იმწუთასვე აყენებს მუდმივი არჩევანის წინაშე: ან რაიმე ძალას კვლავ დაემორჩილოს და უარყოს ეს თავის–უფლება, ანდა ამაღლდეს პოზიტიურ თავისუფლებამდე. 

პოზიტიური თავისუფლება აღარ არის მარტოოდენ „თავისუფლება რაღაცისაგან“, ის უპირველესად „თავისუფლებაა რაღაცისათვის“. პოზიტიური თავისუფლება ღირებულებითი ორიენტაციისაა და იგი არა უარყოფითა და ნგრევით, არამედ ქმნადობით, შენებით, შემოქმედებით გამოიხატება. ეროვნული თავისუფლების სუბლიმაციის, ანუ ნეგატიური თავისუფლებიდან პოზიტიურ თავისუფლებამდე ამაღლების გზა სახელმწიფოებრიობის შენებასა და უპირველესად, კონსტიტუციორობაზე გადის. კონსტიტუციური ღირებულებანი – მთლიანად სახელმწიფოსა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობით, მოქალაქის და ადამიანის უფლებების გარანტირებით, მოქალაქის ვალდებულებათა აღსრულებით, ხელისუფლებათა შეზღუდვით, მათი კანონის ფარგლებში მოქცევით და საჯარო ინტერესების მსახურებით, თავისუფალი შრომის მეშვეობით თვითრეალიზაციით,  სოციალური სოლიდარობით მიიღწევა.

აქ კონსტიტუციაში არ უნდა ვიგულისხმოთ მარტოოდენ ფორმალური დოკუმენტი, არამედ სრულად და მთლიანობაში ის საფუძველი, რითაც ხდება სახელმწიფოებრივი ცხოვრების აგება და მოწესრიგება. კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და ქართულად „დადგენას“, „გარკვევას“ ნიშნავს. კონსტიტუცია სწორედ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ადგენს და მისი რეალური მოქმედება ეროვნული თავისუფლების პოზიტიურ რეალიზაციას ნიშნავს.

თუ კონსტიტუცია არ არსებობს ან მხოლოდ ფორმალურია და არ მოქმედებს, ეროვნულ თავისუფლებას მხოლოდ ნეგატიური საზრისი აქვს – იგი უცხო სახელმწიფოთაგან დამოუკიდებლობას შესაძლოა გულისხმობდეს, რაც თავისთავად ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქართველი ხალხის სუვერენიტეტის გარანტირებულობას. არაკონსტიტუციურ გარემოში ძალაუფლება ფორმალიზებული, დანაწილებული და ინსტიტუციონალიზებული არ არის, ის ან „ზნედაცემული ქალივით ქუჩაში გდია“, გააფთრებული ბრძოლის ან უსირცხვილო ვაჭრობის საგანია ანდა უარესი – უზურპირებულია, მიტაცებულია და მთელი სისრულით ერთ ჯგუფს, სულაც ერთ სუბიექტს უპყრია ხელთ. ამგვარ ვითარებაში, ქართველი ხალხი სუვერენული სუბიექტი აღარ არის, მარტოოდენ ობიექტია, რომელზედაც სურვილისამებრ ბატონობენ.

დაბნეულობის 20 წელიწადი

დამოუკიდებლობის აღდენისთანავე ქართველ ხალხს უნდა დაეწყო შეცნობილი ეროვნული თავისუფლების პოზიტიური რეალიზაცია – სახელმწიფოებრიობის შენება. ეს მიზანი კონსტიტუციურობის უზრუნველყოფას ნიშნავდა. კონსტიტუციურობისათვის სუვერენიტეტის მატარებელ ქართველ ხალხს დამფუძნებელი საკანონმდებლო  ხელისუფლების მეშვეობით უნდა მიეღწია. დამფუძნებელი კრებას, რომელსაც საყოველთაო და სამართლიანი არჩევნების შედეგად ექნებოდა ქართველი ხალხის მანდატი, ისტორიული მემკვიდრეობის საფუძველზე ფაქტიურად თავიდან უნდა შეექმნა ქართული სახელმწიფო. თავის დროზე „მრგვალი მაგიდის“ წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამაც დამოუკიდებლობის აღდგენასა და ამ დამფუძნებელი ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობდა.  თავისი ფუნქციით 1990 წლის 28 ოქტობერს არჩეული უზენაესი საბჭო სწორედ დამფუძნებელი კრების მისიის მატარებელი ქართველი ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო უნდა ყოფილიყო.

უზენაესი საბჭოს უმთავრესი დამსახურებაა დამოუკიდებლობის აღდგენა, რაც საქართველოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტად სამუდამოდ დარჩება.

ამავდროულად, ისიც ხაზგასასმელია, რომ 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, შემოღებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა და უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს პრეზიდენტი იქნა არჩეული. მოგვიანებით, ეროვნულ დღესასწაულზე – 26 მაისს, ზვიად გამსახურდია უკვე საყოველთაოდ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა, მან მიიღო აღმასრულებელი მანდატიც და ამით, ფაქტიურად, სრული ძალაუფლებაც. ფორმალურად, ზვიად გამსახურდია იყო სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მაგრამ ფაქტობრივად – მის ხელში აღმოჩნდა უზენაესი საბჭოს – დამფუძნებელი საკანონმდებლო ხელისუფლების მანდატიც.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით უზენაესმა საბჭომ დამფუძნებელი კრების ფუნქციის შესრულებაზე რეალურად უარი თქვა და პრაქტიკულად სრული ძალაუფლება ერთი სუბიექტის – პლებისციტირებული პრეზიდენტის ხელში აღმოჩნდა. ფორმალურად ეს ძალაუფლება თითქოს პოსტ–საბჭოთა კონსტიტუციის ძალით იზღუდებოდა. სინამდვილეში, არსებული პოლიტიკური ურთიერთობების გამო, როცა დევალვირებულ პოსტ–საბჭოთა კონსტიტუციას მხლოდ ფარატინა ქაღალდის როლიღა გააჩნდა და მისი დაუბრკოლებლად, ყოველ მომენტში და ნებისმიერად ცვლილება პლებისციტირებული პრეზიდენტისათვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა, მისი ძალაუფლება მართლაც სრული და შეუზღუდავი იყო.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზვიად გამსახურდია მხოლოდ არჩეულ პრეზიდენტს კი არა, არამედ, უპირველესად, ეროვნული მოძრაობის ქარიზმატიულ, ერთპიროვნულ ლიდერს წარმოადგენდა. მისი ქარიზმატიული ძალაუფლების თვითშეზღუდვა, ლეგალურ–რაციონალურ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა, როგორც საერთაშორისო, ისე კრიტიკული შიდა პოლიტიკური ზეწოლის პირობებში, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ქარიზმატიული ძალაუფლების შემდგომი მითოლოგიზებაც – მისი „საკრალიზაცია“ (ე.წ. „ზვიადაურების“ ანდა „ზვიადისტების“ მიერ)   ან დემონიზირება (პოსტ–საბჭოური ინტელექტუალური ელიტის, შვარდანაძისტების, მხედრიონელების და სხვა ნახევრადკრიმინალური დაჯგუფებების მიერ) რეალურად მიუთითებდა სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტის – ქართველი ხალხის დაბნეულობასა და ამავდროულად, დამფუძნებელი ხელისუფლების უუნარობაზეც.

რეალურად უზენაესი საბჭო არ იყო დამოუკიდებელი ორგანო, იგი მთლიანად პრეზიდენტის ქარიზმას ემორჩილებოდა. უზენაესი საბჭოს სხდომებს კვლავაც პრეზიდენტი წარმართავდა, იგი განსაზღვრავდა დღის წესრიგსაც და მისაღები გადაწყვეტილებების შინაარსსაც. ეს იმიტომ მოხდა, რომ უზენაეს საბჭოში მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი – გაკოტრებულმა კომუნისტებმა ძალაუფლება მთლიანად დათმეს, ხოლო სხვა პოლიტიკურმა ძალებმა უბრალოდ არ ისურვეს ან ვერ შეძლეს დამფუძნებელი ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა. ცხადია, ეს არა მხოლოდ უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალის, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის, პირველ ყოვლისა, მისი გონიერი ნაწილის – ე.წ. ელიტის, უპასუხისმგებლობისა და დაბნეულობის შედეგს წარმოადგენდა.

ამდენად, დამფუძნებელი კრების ძირითადი ფუნქცია – სახელმწიფო ძალაუფლების ინსტიტუციონალიზაცია – მისი დანაწევრება, დაბალანსება, ურთიერთშეკავება და კონსტიტუციური შეზღუდვა, საჯარო ინსტიტუტებისა და მმართველობის ახალი სისტემის შექმნა, ვერ განხორციელდა. ხოლო არაფორმალიზებული ძალაუფლების რეალურმა კონცენტრაციამ ერთი სუბიექტის ხელში, ამ ძალაუფლების აუტანელმა სიმძიმემ და მისი გადანაწილების ინსტრუმენტების არ არსებობამ, წელში გატეხა ეს სუბიექტიც და მისი სახით  ახლად დაფუძნებული ქართული სახელმწიფოც. ეს იყო უდიდესი ეროვნული ტრაგედია, რომლის დამანგრეველი შედეგები დღესაც სახეზეა.

არაკონსტიტუციურობით გამოწვეულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რაც საბოლოო ჯამში კანონიერად არჩეული ხელისუფლების შეიარაღებული ძალით, დანაშაულებრივი დამხობით დამთავრდა, შექმნა მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს – „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“. დაუნაწევრებელ, არაინსტიტუცინალიზებულ, „ქუჩაში მიგდებულ“ ძალაუფლებას ურთიერთს ეცილებოდნენ სხვადასხვა ნახევრადკრიმინალური პოლიტიკური ჯგუფები, ხოლო დაბნეული ქართველი ხალხი ამ პროცესში სუვერენიტეტის მატარებელი სუბიექტიდან ძალადობის ობიექტად და იმავდროულად, საზარბაზნე ხორცად იქცა.

სწორედ ამ ქაოტურ და ლეგიტიმურობის მწვავე დეფიციტის პირობებში 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა 1995 წლის 24 ოქტომბერს მიიღო საქართველოს ახალი კონსტიტუცია. ეს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ახალი კონსტიტუცია უმეტესწილად მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად დარჩა, იგი რეალურად არ ამოქმედებულა – პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობები ამ კონსტიტუციით  არასრულად და ნაწილობრივ წესრიგდებოდა. ეს კონსტიტუცია მაშინდელ პოლიტიკურ რეალობაზე – შევარდნაძის პრეზიდენტობაზე იყო „გამოჭრილი“. კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებული კონსტიტუციაც კი რეალური ძალაუფლების მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი აღმოჩნდა. სინამდვილეში, რეალურად – სახელმწიფოებრივი და საზოგადო ცხოვრება კანონგარეშედ, არაფორმალური შეთანხმებების, კორუფციული გარიგებების მეშვეობით წარიმართებოდა, ნახევრად ლეგალური და დიდწილად კრიმინალური, საკუთარ ხალხზე მოძალადე მმართველობის სისტემის პირობებში.

შევარდნაძე ნახევრად ლეგალურ, კორუფციულ რეჟიმს განასახიერებდა. ის დიქტატორი არ ყოფილა, მის ხელში კონცენტრირებული არ იყო სრული ძალაუფლება. თუმცა, კონსტიტუციის შესაბამისად სახელმწიფო ძალაუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად დანაწევრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმალურად შემოღების მიუხედვად, არც შევარდნაძეს და არც მის პარლამენტს მმართველობის სისტემის ინსტიტუციონალიზება არ მოუხდენია –  სახელმწიფო მმართველობა საჯარო ინტერესების ნაცვლად პრივატულ, კორუფციულ ინტერესებს ემსახურებოდა და ხორციელდებოდა არა კანონის ფარგლებში, არამედ კერძო, უმეტესწილად დანაშაულებრივ გარიგებათა შესაბამისად. ცხადია, ამ პირობებშიც ქართველი ხალხი არა სუვერენულ სუბიექტს, არამედ კვლავაც მასზე გაბატონებული პოლიტიკური კლასის (რომლის სახეც იყო შევარდნაძე) ობიექტს წარმოადგენდა.

შევარდნაძის ნახევრად ლეგალური, კორუფციული რეჟიმის კრიზისი ყველაზე მწვავედ გაყალბებული არჩევნების „დაკანონებით“ გამოიხატებოდა. საბოლოოდ ეს ვითარება კონსტიტუციური სივრციდან სრული გასვლით, სრული უკანონობით – ფორმალური  კონსტიტუციის უარყოფითაც დასრულდა. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ხალხის სახელით განხორციელდა, სინამდვილეში სახელმწიფო ძალაუფლების ერთი სუბიექტის ხელში კონცენტრაციით, კონსტიტუციურობის განდევნით – ხალხის სუვერენიტეტის სრული მიტაცებით დასრულდა.

დღევანდელი ე.წ. კონსტიტუცია, როგორც სამართლებრივი დოკუმენტი, მთლიანად გაკოტრებულია. იგი გადაიქცა ერთი სუბიექტის  – სააკაშვილის (მისი პრეზიდენტად არჩევის ლეგიტიმურობა, სულ ცოტა, საეჭვოა) ჯიბის დოკუმენტად, რომელსაც დროდადრო პალიკოს მიუგდებენ ხოლმე საჯღაბნად და საჯიჯგნად. კონსტიტუციის მოვალეობას დღეს ფაქტიურად სააკაშვილის პირადი ნება ასრულებს.

არაკონსტიტუციურობის გამო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წლის შემდეგაც, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩვენსავე უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას არამც თუ ვერ უზუნველყოფს, არამედ სახელმწიფო ძალაუფლების უზურპირება ნებისმიერი რიგითი მოქალაქისათვის საშიშროებას ქმნის და თუკი მას კიდევ რაღაც შერჩენია, მისი დაკარგვითაც ემუქრება.

************

ამ დაბნეული მდგომარეობიდან გამოსავალი ერთადერთია: ქართველმა ხალხმა წართმეული სუვერენიტეტი უნდა დაიბრუნოს, შედეგად –  თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი კვლავაც ქართული სახელმწიფო უნდა გახდეს.

ქართული სახელმწიფო ჯერ მხოლოდ ქართული ოცნებაა. ეს ოცნება რეალობად ქართულმა საქმემ უნდა აქციოს. კონსტიტუციურობის დაბრუნება – აი, დღეს ჭეშმარიტად ქართული საქმე.

ეს ნიშნავს, რომ კვლავაც აქტუალურია ქართველი ხალხის თვითგამორკვევისა და გამომდინარე, 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს, როგორც დამფუძნებელი საკანონმდებლო ხელისუფლების იდეა: ამჯერად ქართველი ხალხი, ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ახალი თვითგამორკევევის შედეგად, პოზიტიურ ეროვნულ თავისუფლებამდე – ჭეშმარიტ კონსტიტუციურობამდე უნდა ამაღლდეს.

მომავალ არჩევნებში არა მხოლოდ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს – ახალი პარლამენტი უნდა გახდეს ქარველი ხალხის მანდატის მქონე დამფუძნებელი კრების ფუნქციის მატარებელი, ახალი ქართული კონსტიტუციის მიმღები ორგანო.

ეს რომ მოხდეს, ჯერ ქართულ ოცნებაში უნდა „მოიხარშოს“ ქართული კონსტიტუცია. ახალ არჩევნებში კენჭი უნდა ვუყაროთ არა მხოლოდ ახალ ხელისუფლებას, არამედ ახალი კონსტიტუციის პროექტსაც, რომელსაც არჩევნებამდე, იმედია, „ქართული ოცნება“ გამოიმუშავებს.