ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ჯგუფი “Radiohead” 19 დეკემბერს ახალ საკონცერტო კრებულს გამოუშვებს. მისი სახელწოდებაა “The King Of Limbs: Live From The Basement”. ეს გახლავთ ჩანაწერი კონცერტისა, რომელიც ჯგუფმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, BBC-ის პროგრამაში “From The Basement” შეასრულა.
ამ გადაცემაში “Radiohead” სტუმრად იყო მიწვეული. ჯგუფის წევრებმა ბოლო სტუდიურ ჩანაწერში “The King Of Limbs” შესული ყველა კომპოზიცია ცოცხლად შეასრულეს.
ამ ახალ დისკზე სწორედ ეს კონცერტი განთავსდება. დამატებითი ბონუსის სახით წარმოდგენილი იქნება კომპოზიცია “Supercollider”, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოიცა, მაგრამ სტუდიურ ჩანაწერში არ შევიდა.
გადაცემების სერია “From The Basement” პროდიუსერ ნეიჯელ გოდრიჩს ეკუთვნის. BBC-ის სტუდიაში პროგრამის დებიუტი 2006 წელს გაიმართა. საინტერესოა, რომ გოდრიჩი “Radiohead”-თან წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.
ალბომი ორი ფორმატით გამოიცემა. DVD-ის ფასი 16 ფუნტი სტერლინგი იქნება, BluRay-ის კი 20 ფუნტი სტერლინგი. ამ ჩანაწერში აგრეთვე განთავსდება ჯგუფის ორი ახალი სინგლიც. მათი სახელწეოდებებია “The Daily Mail” და “Staircase”.