მოლი კორსო, Eurasianet.org
საქართველოში ზოგიერთებს კითხვა გაუჩნდათ, ხომ არ ღირს ციხიდან გამოსვლა 73 მილიონი დოლარი. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გაათავისუფლა, რომლებიც ციხეში სასჯელს იხდიდნენ. სააკაშვილმა შესაბამის განკარგულებას ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც კომპანია Tramex-ი, რომელთანაც ფუქსი და ფრენკელი არიან დაკავშირებულნი, დათანხმდა იმაზე, რომ საქართველოს მთავრობისთვის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ კომპენსაციის სახით დაკისრებული 98 მილიონი დოლარიდან 73 მილიონ დოლარზე უარს იტყოდა.
გასული წლის აპრილში, 61 წლის რონ ფუქსი და 64 წლის ზეევ ფრენკელი დამნაშავეებად ცნეს იმაSი, რომ ისინი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეს ქრთამის სახით 7 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ – თითქოს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის დაჩქარების მიზნით. კომპანია Tramex-ის საქმე იმ ნავთობ- და გაზსადენების ირგვლივ წარმოქმნილი დავის გამო გაჩნდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთისკენ მიდის.
საქართველოს მთავრობამ შეწყალების აქტი ჰუმანურ ჟესტად წარმოაჩინა, რაც ბიზნესმენების ფუქსის და ფრენკელის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ განაპირობა. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, რომელიც ისრაელური მედიის მტკიცებით, რონი ფუქსის მეგობარია, თითქოს ასევე ლობირებდა ბიზნესმენების გათავისუფლების საკითხს. Jerusalem Post-ის მტკიცებით, დღეს ორივე ბიზნესმენი ისრაელშია.
მაგრამ ამ ისტორიას ქვეტექსტიც აქვს, რომელიც ასევე შეიძლება გამოდგეს მომხდარის ასახსნელად. სწორედ იმ დღეს, როდესაც ბიზნესმენები გაათავისუფლეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თბილისს, კომპანია Tramex-ს და ფუქსის საქმიან პარტნიორ იოანისს კარდასოპულოსს შორის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა აცნობა, შეთანხმების შედეგად, მთავრობას და კომპანია Tramex-ს შორის, კომპენსაციის თანხა (რომელიც ამ მომენტისთვის პროცენტების გათვალისწინებით 110 მილიონი დოლარია) 73 მილიონი დოლარით შემცირდა. ვაშინგტონში ბაზირებული მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების დარეგულირების საერთაშორისო ცენტრმა 2010 წლის მარტში გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ არ გამოიტანა.
საქართველოს მთავრობა დიდი ხანია უარყოფს ყოველგვარ კავშირს ამ სისხლის სამართლის საქმესთან და დავასთან, რომელსაც საარბიტრაჟო სასამართლო არჩევდა, თუმცა კომპენსაციის თანხის გადაუხდელობა, შავ ლაქად აჩნდა ქრთამთან დაკავშირებულ ფუქსის და ფრენკელის საქმეს. კერძოდ, პროცესმა გააცოცხლა ძველი ბრალდებები საქართველოს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების მსახური ინსტიტუტის მიმართ. პასუხად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „რეგიონში კორუფციის აღმოფხვრის საქმეში ლიდერია“. მან აღნიშნულ სასამართლო დავაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, განაცხადა რა თებერვალში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელერხის „პიკ“-ის ეთერში, რომ „ეს ჩემი საქმე არ არის, ეს სასამართლოს საქმეა“.
სააკაშვილის მხრიდან, შეწყალების აქტზე ხელმოწერის მომენტის შერჩევა აძლიერებს ძველ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს სასამართლო სისტემის კონტროლის ქვეშ იმყოფება, აღნიშნავს ახალგაზრდა ოიურისტთა ასოციაციის ხელმძრვანელი თამარ ჩუგოშვილი. მას მიაჩნია, რომ სამინისტროს განცხადებამ „ნათლად ცხადყო“ ის, რომ ფუქსის და ფრენკელის წინააღმდეგ წარმოებული საქმე იყო მანევრი, რათა თბილისს არ გადაეხადა სრულად საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა. „ამ დაპატიმრებამ ბიუჯეტს 70 მილიონი დოლარის ეკონომიის შესაძლებლობა მისცა“, – ამტკიცებს იურისტი.
მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების რეგულირების ცენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ შეწყალების აქტს ხელი მხარეებს შორის სამთვიანი დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მოეწერა.
პრეზიდენტ სააკაშვილის აპარატში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეწყალების აქტს არანაირი კავშირი არ აქვს საქმესთან, რომელსაც საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილავენ. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აცნობა, პრეზიდენტმა ბიზნესმენები „ჰუმანური მოსაზრებებიდან“ გამომდინარე და მათი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო შეიწყალა.
სექტემბერში ზეევ ფრენკელს გულის შეტევა დაემართა, როდესაც ის თბილისის იზოლატორიდან (სადაც ის ფუქსთან ერთად იყო დაკავებული) 200 კილომეტრით დაშორებულ ციხეში გადაჰყავდათ. ფუქსის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის თქმით, ორივე ბიზნესმენი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და უძილობას უჩიოდა, მას შემდეგ რაც მათ გაურკვეველი ნიღბიანი ადამიანები აშინებდნენ, ფრენკელს და ფუქსს არც სხვა პატიმრებთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდათ. კბილაშვილის თქმით, დაკავების პირობები ისრაელის საელჩოს ჩარევის შემდეგ გაუმჯობესდა (პატიმრებს, ინტერნეტით, ტელეფონებით და სკანერით სარგებლობის უფლებაც კი მისცეს).
ადვოკატს მიაჩნია, რომ შეწყალების ფაქტი მოულოდნელი იყო. აპელაციაზე უარის მიუხედავად, ბიზნესმენები „შეწყალებას ელოდნენ… პირველი დღიდან“, თუმცა „ჩვენ არ ვიცოდით ეს ზუსტად როდის მოხდებოდა“, – აღნიშნავს იგი. მომხდარი, როგორც ჩანს ფუქსის საქართველოსადმი ინტერესზე არ აისახა. კბილაშვილის თქმით, ბიზნესმენი მისი დაკავების ფაქტზე და პატიმრობაზე წიგნს წერს და საქართველოში ვიზიტსაც კი გეგმავს – თუკი „ოფიციალურ“ მოწვევას მიიღებს.
foreignpress.ge
775
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85