11 დეკემბერს საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბანკებს მიმართა, ლმობიერად მოექცნენ დავალიანების მქონე მოქალაქეებს. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ერთ-ერთი მოვლენა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, ეს არის ბანკის კრედიტები. არის მრავალი შემთხვევა, როდესაც ბანკი აძლევს კრედიტს მოსახლეობას, რომელიც ბანკში დებს სახლს. დროთა განმავლობაში კი პროცენტი მატულობს და ფულის გადაუხდელობის გამო ის კარგავს სახლს და რჩება ქუჩაში.
“მე მინდა მივმართო ბანკის მმართველებს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ მათ ჩვენი მოსახლეობის მიმართ. არ კმარა მხოლოდ კანონი, არის სხვა - გულის კანონი”, - აღნიშნა უწმინდესმა და დასძინა, რომ ბანკს უნდა ჰქონდეს სპეციალური ფონდი, რათა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს დაეხმაროს.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია კი ამტკიცებს, რომ საუბარი არის ფონდის მიერ იმ ადამიანების საბანკო კრედიტები დაფარვის შესახებ, ვინც დავალიანებას ვერ იხდის.
“კრედიტი ვისაც აქვს ბანკში აღებული, იმან სესხი უნდა დაფაროს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას კრედიტი აქვს და მოდი, ეს კრედიტი ჩამოვაწეროთ. აღებული კრედიტების გადაუხდელობა უფრო მეტად იმის გამო ხდება, რომ ეს ფული კლიენტებმა არამიზნობრივად მოიხმარეს. ამის მიზეზი ის არ არის, რომ ადამიანები კრიზისში ჩავარდნენ და ა.შ. ის, რომ შენ ვიღაცას სესხი მიეცი და ახლა ის გაჭირვებულ მდგომარეობაშია და მოდი ჩამოვაწეროთ... იცით რა, გაჭირვებული ადამიანი ბანკში სესხის ასაღებად და ბიზნესის დასაწყებად არ მივიდოდა.
პატრიარქის მოწოდებაში სულ სხვა კატეგორიაზე იყო ლაპარაკი, მართლაც არის ძალიანი ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა, რომელსაც მუშაობა სურს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობს. ზოგიერთი მათგანი გეოგრაფიულადაც ვერ მოდის თბილისში. ის, რომ ვიღაცეებმა სესხი აიღეს და მოდი, ახლა ჩვენ ფონდი შევქმნათ, ფული ჩავდოთ და ვალი ჩამოვაწეროთ, ეს არის წარმოუდგენელი რამ. მაგას არც არავინ შემოგვთავაზებდა და არც ყოფილა ასეთი შემოთავაზება”, - განაცხადა გვასალიამ.
თუმცა საბანკო სექტორი მზადაა, პატრიარქის ინიციატივაზე იმსჯელოს. “პატრიარქის ინიციატივის მიზანია რეგიონებში, სოფლებში, სადაც ინფრასტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას, წარმოება გაიხსნას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ დამატებითი შემოსავალი მიიღოს და იქ უმუშევრობა როგორმე შემცირდეს. ამ იდეის განხორციელებაში შეუძლებელი არაფერია, საბანკო სექტორი ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება”, - აღნიშნა გვასალიამ.
მისი თქმით, ბანკირების, როგორც შეძლებული სექტორის ერთგვარი ვალდებილებაც კია მსგავსი იდეების განხორციელებას ხელი შეუწყოს. “ისეთი ტიპის სახელმწიფოს საბანკო სექტორი, როგორიც საქართველოა, ასეთ ინიციატივებზე უნდა ფიქრობდეს. ეს არა მარტო კონკრეტული რეგიონისა და სოფლის დახმარების აქტი იქნება, არამედ ის თავად ქვეყნის ეკონომიკას წაადგება”, - განმარტა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით კი ყველაფერი პირიქითაა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მორიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს. მთავარი, რასაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონპროექტის ახალი პუნქტი ითვალისწინებს, აღმასრულებელთა ფუნციების გაზრდა და მესაკუთრეთა ქონების სწრაფად და იაფად გაყიდვის სისტემაა, რაც ექსპერტთა შეშფოთებას იწვევს. გამორიცხული არ არის, კათალიკოს-პატრიარქმაც ამ სავალალო ინიციატივის გახმაურების შემდეგ იქადაგა სესხების გამოისობით გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისადმი განსაკუთრებული ლმობიერების გამოჩენის შესახებ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღმასრულებლის მიერ მოვალისთვის შეტყობინების გაგზავნის ვადა შემცირდება. ასევე, საგადასახადო საქმეების აღსრულებისას, მოვალეს ნებაყოფლობით შესრულების ვადა აღარ მიეცემა, გადასახადის გადამხდელის ქონებას კი განმეორებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ყადაღა აღარ დაედება.
ამას გარდა, უქმდება კრედიტორის მიერ განცხადების შეტანის და აუქციონზე გასატანი ქონების განსაზღვრის ვალდებულება, აღმასრულებელი თავად განსაზღვრავს, თუ რომელი ქონება და როგორი თანმიმდევრობით გაიტანოს აუქციონზე.
ექსპერტი ავთო სილაგაძე კანონმდებლობის ამ პუნქტს სააღსრულებო საქმეთა წარმოების უკიდურეს გამკაცრებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ახალი ინიციატივა მესაკუთრეთა ქონების სწრაფად და იაფად გაყიდვის იძულებისკენაა მიმართული, რაც ამ ადამიანების მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს.
“ბევრ ადამიანს აქვს ქონება გირაოში ჩადებული, ამდენად პროცესი ყველა მათგანს შეეხება. ისედაც მძიმე სიტუაცია იყო და მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. ასეთი კანონპროექტის მიღება არც ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება სასარგებლო.
ფაქტობრივად, ეს არის აღმასრულებლის ფუნქციების გაზრდა. ხელოვნურად ცდილობენ პროცესი კიდევ უფრო გაამკაცრონ. ამიტომ ამ ინიციატივაში დადებით ფაქტორს ვერ ვხედავ. მოვალეები თანხას განსაზღვრულ ვადებშიც ვერ იხდიდნენ. შედეგი იქნება ის, რომ უამრავი ადამიანი დარჩება ბინისა და თანხის გარეშე.
პერსპექტივაში კი გირავნობის სისტემა თავისთავად შენელდება. ეს, თავის მხრივ, საკრედიტო მომსახურებაზე მოთხოვნასაც შეამცირებს. ყველაზე სავალალო ისაა, რომ ადამიანების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდება”, - აცხადებს სილაგაძე.
ექსპერტის შენიშვნას განსაკუთრებით კანონპროექტის ის ვარიანტი იწვევს, რის შესაბამისადაც, იგეგმება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირველი აუქციონის საწყისი ფასი ღირებულების 50% იქნება, ხოლო განმეორებითის - ნული. თუ სარეალიზაციო ქონების ღირებულება 5000 ლარს არ აღემატება, მხოლოდ ერთი ნულოვანი აუქციონი გაიმართება.
898
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85