გერმანული გამოცემების მტკიცებით, ცნობილმა მომღერალმა C.C. Catch-მა აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა დაასრულა. რამდენიმე დღის წინ 47 წლის ქალბატონმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და ეს განცხადება ოფიციალურად გააკეთა.
კაროლინა კატარინა მიულერმა (C.C. Catch-ის ნამდვილი სახელი) პოპულარობა წინა საუკუნის 80-იან წლებში, დისკოს აღზევების პერიოდში მოიხვეჭა. განსაკუთრებული სიყვარულით აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სარგებლობდა.
მომღერალი მუსიკის მოყვარულების თვალთახედვის არეში 1985 წელს მოექცა, როდესაც იმ დროს ცნობილი ჯგუფი “Modern Talking”-ის წევრთან, დიტერ ბოლანთან ერთად რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. იმავე პერიოდში მისი კომპოზიცია “I Can Lose My Hearth Tonight” მსოფლიო ჰიტად გადაიქცა.
1989 წელს მომღერალმა დიდი სცენა მიატოვა, მაგრამ 1998 წელს მუსიკალური მოღვაწეობა კვლავ გააგრძელა. კარიერის განმავლობაში 14 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.