მარიამ საჯაია აშშ-ში ისწავლის, მაგრამ დეპუტატის ხელფასსაც აიღებს

მარიამ საჯაია აშშ-ში ისწავლის, მაგრამ დეპუტატის ხელფასსაც აიღებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია აშშ-ში იმყოფება, სადაც სწავლას გააგრძელებს, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან დეპუტატისთვის გათვალისწინებულ სარგოს ისევ მიიღებს.

"ჩემი ინფორმაციით, მას აქვს სასწავლო შვებულება და სასწავლებლად არის წასული. მე მგონი, ერთწლიანი ვადით, თუმცა ვადა ზუსტად არ ვიცი. ეს არის საპატიო მიზეზით პარლამენტის წევრის არყოფნის და, შესაბამისად, ხელფასს ჩვეულებრივად აიღებს, რადგან ეს გაცდენა არასაპატიოდ არ ჩაეთვლება", – განმარტავს "ნეტგაზეთთან" საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი.

მისივე თქმით, რეგლამენტი რამდენიმე მიზეზს ითვალისწინებს, რის გამოც დეპუტატებს გაცდენები საპატიოდ ეთვლებათ: პოლიტიკური ბოიკოტი (რასაც წინა მოწვევის პარლამენტში ლეიბორისტები მიმართავდნენ), სასწავლო შვებულება და ავადმყოფობა.

"ვადები მხოლოდ იმ შემთხვევაშია განსაზღვრული, თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით აცდენს, ანუ გადაბმული ოთხი თვე თუ არ დადის არასაპატიო მიზეზით," - განმარტავს იმერლიშვილი.

რამდენი ხნით გაემგზავრა საჯაია აშშ-ში სასწავლებლად, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, მარიამ საჯაია შვებულების მოთხოვნით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ნოემბერში მიმართავს. ნადირაშვილის ინფორმაციით, საჯაიას შვებულების მიზეზი სწავლაა, თუმცა მისთვის უცნობია, რამდენ ხანს აპირებს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი საპარლამენტო საქმიანობისაგან ჩამოშორებას.

პარლამენტის პრესამსახურში აცხადებენ, რომ საჯაიას ამ დროისთვის ოფიციალურად შვებულების აღების შესახებ განცხადება დაწერილი არ აქვს. ირმა ნადირაშვილის თქმით, ჯერჯერობით პარლამენტში რიგგარეშე სხდომები მიმდინარეობს, ხოლო სექტემბერში სესიები გათვალისწინებული არ არის, ამიტომ საჯაია შვებულების თაობაზე პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ნოემბერში მიმართავს.

აშშ-ის რომელ უნივერსიტეტში და რამდენი ხნით ისწავლის მარიამ საჯაია, ამ საკითხების დაზუსტებას "ნეტგაზეთი" შეეცადა. ჩვენ დღეს დილით დავუკავშირდით საჯაიას დედას, ნაზი არონიას, რომელმაც გვითხრა, რომ ნახევარ საათში გვიპასუხებდა ჩვენს შეკითხვებზე, თუმცა მას შემდეგ არონიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ნაზი არონიას კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით "ტელეგრაფი" ავრცელებს. მისი თქმით, მარიამ საჯაია ვაშინგტონში მაგისტრატურის ერთწლიან კურსს გადის და „საერთაშორისო სამართალს“ და „შედარებით სამართალს“ ეუფლება, ხოლო სწავლის გადასახადს ოჯახი ფარავს.