დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

დავით უსუფაშვილი - ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია

ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შეუძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს "პოლიციის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის ხერხემალი იქნება მოქალაქე, თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანი და დაბალანსებული ხელისუფლება.
"არ მგონია, ჩვენი მხრიდან სწორი საქციელი იყოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობდეს, როგორ იყო მოწყობილი პოლიცია და ჩვენ დრო დავხარჯოთ ოპონირებაში. სიამოვნებით მოვუსმენთ საერთაშორისო ექსპერტებს, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც პოლიცია ქვეყნის მექანიზმია და არა ქვეყნისა და ხალხის მთავარი საფრთხე. "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ ამ კანონით პოლიციის გაუარესება გვინდა. ვანო მერაბიშვილის პოლიციის გაუარესება თეორიულად შესაძლებელია?! რა თქმა უნდა, გაუარესება შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, პოლიცია იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის ხერხემალი იქნება მოქალაქე, თავისუფლება, პოლიტიკური არჩევანი და დაბალანსებული ხელისუფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" "პოლიციის შესახებ" კანონში შესატან რამდენიმე ცვლილებას შემაშფოთებლად მიიჩნევს.

როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, "პოლიციის შესახებ" ახალი კანონის მე-2 და მე-3 მოსმენით მიღებას პარლამენტი მიმდინარე კვირაში გეგმავს. მისი განმარტებით, არ შემდგარა კანონპროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და პოლიციელები მიიღებდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, კანონის დაჩქარებული წესით განხილვა შეაჩეროს, ჩაატაროს განხილვები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და უარი თქვას "ქართული პოლიციის შევარდნაძისეული რეიდების ეპოქაში დაბრუნებაზე".