უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მავთულხლართების გავლება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება

უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მავთულხლართების გავლება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ყოველი არჩევნების წინ სამწუხაროდ, ასე ხდება.

ამასთან, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დიდი პრობლემის - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გაგრძელებაა და ყველაფერს ერთად მოევლება.

"საქართველო ოკუპირებულია. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთი წუთით. საქართველოს ერთი კვადრატული მეტრიც რომ იყოს ოკუპირებული ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა. ამიტომ ის, რაც ამ დღეებში ხდება, იმ პრობლემის გაგრძელებაა, რომელსაც ერთიანობაში სჭირდება მოვლა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებუილია, რომ ის მავთულხლართები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები დღეს ავლებენ, შესაძლოა, თავად რუსი ჯარისკაცების მიერვე იქნას აღებული.

"ეს იქნება ხვალ დილით, თუ ამას რამდენიმე დღე, ან რამდენიმე წელი დასჭირდება, ამაზე დღევანდელი სპეკულაციები უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, ის რაც ხდება, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდება. სამწუხაროდ, ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება. ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ამხელა ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და რომელმაც ეს პრობლემა თავისთვისაც ბოლომდე ვერ მოაგვარა, რადგან მთელი მსოფლიო ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ხედავს, რომ ამ პრობლემის მოგვარების მისეული მცდელობა ჩიხშია შესული. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალზე ფრთხილად, რომ ყოველ ისეთ დროს, როდესაც არჩევნებია კარს მომდგარი, როდესაც პოლიტიკური ცვლილებებია შესაძლებელი, რუსეთის მხრიდან მსგავსი მაპროვოცირებელი ქმედებები იქნება. ჩვენ კარგად უნდა გავიზაროთ, რისი პროვოცირება შეიძლება, სურდეს მტერს. ის, რომ საზღვარს მტერი ავლებს, ეს ვიცით. ცხადია, ის ამას არასწორი და ცუდი მიზნით აკეთებს. ამიტომ რაც თავში მოგვივა, რაც იქნებოდა ამ დროს სწორი რეაქცია ჩვენი მხრიდან, უნდა კარგად გავიზროთ, სწორედ ეს ხომ არ უნდა მას ახლა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ პრობლემას ერთიანად მოევლება და საქართველო მთლიანი და ერთიანი სახელმწიფო იქნება.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ ყოველ დღე ამ საქმის ახალი რეცეპტი გამოჩნდება. მთავარია, არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკურ-დემოკრატიული დალაგება. ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოვჩნდებით ყველა იმ საჭირო ბერკეტით, როდესაც შემდეგ ეტაპზე გადასვლაა შესაძლებელი", - განაცხადა უსუფაშვილმა.