ნინო ბურჯანაძე:  თუ არ აღვადგინეთ სამართლიანობა, არ იქნება ქვეყნის განვითარება

ნინო ბურჯანაძე: თუ არ აღვადგინეთ სამართლიანობა, არ იქნება ქვეყნის განვითარება

ვპირდებით ჩვენს თანამემამულეებს, გამოვალთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ქვეყანა 20 წელია ტრიალებს და სწორი განვითარების გზით წავალთ, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დედაქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო ბურჯანაძემ დღეს გლდანისა და საბურთალოს მცხოვრებთა პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა.

"მანიპულირებული კვლევების თანახმად, ადამიანებს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ აწუხებთ, თუმცა ყველა შეხვედრაზე დავრწმუნდი, რომ ეს არის ქართველი ერის დაკნინების მცდელობა. მართალია, ადამიანებს შიათ, წამალი არ აქვთ, მაგრამ ძალიან კარგად ესმით, რომ ნორმალური სახელმწიფო ვერ შედგება თუ ჩვენ არ გავმთლიანდით, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთ, თუ არ უზრუნველვყავით ის, რომ საქართველოში არასოდეს მოხდეს ის, რაც ახლა ახალგორის რაიონში ხდება. თუ ჩვენ არ აღვადგინეთ სამართლიანობა, არ იქნება ქვეყნის განვითარება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველგან და ყველასთვის სამართლიანობას აღადგენს.

"ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვუარო ამ ადამიანების პრობლემებს და მათ ვპირდები, ვიმოქმედებ ისე, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ჩვენს თანამემამულეებს, რომელთაც ძალიან ბევრი გაჭირვება ნახეს, ვპირდებით, რომ გამოვალთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ქვეყანა 20 წელია ტრიალებს და სწორი განვითარების გზით წავალთ", - აღნიშნა ბურჯანაძემ.