საზმაუწყებლის თანამშრომელთა პროფესიული კავშირის გამგეობა სამეურვეო საბჭოს კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

საზმაუწყებლის თანამშრომელთა პროფესიული კავშირის გამგეობა სამეურვეო საბჭოს კანონის ჩარჩოებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

როგორც მაუწყებლის პროფესიული კავშირის გამგეობის განცხადებაშია ნათქვამი, სამეურვეო საბჭო ყოველგვარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის საზღვრებს გაცდა და მაუწყებლის თანამშრომელთა სადამსჯელო სამსახურად ჩამოყალიბდა.

მისივე ცნობით, მაუწყებელში 20 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს ღია სხდომა დასრულების შემდეგ, გვიან ღამით, საბჭოს წევრებმა მაუწყებლის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვეს, ვინც სხდომის მიმდინარეობით დაინტერესებულ პირებზე საშვები გასცა.

"კანონში მაუწყებლის შესახებ გარკვევით წერია, რომ "სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს". მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საბჭოსთვის მიუღებელმა, დაინტერესებულმა პირებმა სურვილი გამოთქვეს დასწრებოდნენ საბჭოს ღია სხდომას. მართალია სხდომა ექსცესებით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, მაუწყებლის მენეჯმენტისა და საბჭოს მიერ პროგრამული პრიორიტეტების დაფინანსების საკითხების განხილვით გაგრძელდა. ბიუჯეტის განხილვის შემდეგ, გვიან ღამით, საბჭოს წევრებმა მოითხოვეს მაუწყებლის იმ თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, ვინც დაინტერესებულ პირებზე, ანუ, როგორც ბატონმა გოგუაძემ ბრძანა "შლეგურად შემოჭრილებზე" საშვები გასცა. იქვე გაჩნდა აზრი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას შემოჭრილთა მიმართ. საბოლოოდ გაირკვა, რომ შენობაში არავინ შემოჭრილა და ყველა სტუმარზე საშვი იყო გაცემული. შუაღამისას, საბჭომ დაიბარა მაუწყებლის თანამშრომლები: დაცვის უფროსი, კანცელარიის უფროსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და საშვთა ბიუროს თანამშრომელი. სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დაკითხვის ვიდეოჩანაწერი საიტზეა განთავსებული და ყველას შეუძლია, ნახოს ეს ჩანაწერი, რომელიც უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

მაუწყებელში კიდევ უფრო საშიში პროცესები ვითარდება იმ მხრივ, რომ სამეურვეო საბჭოს სურს, იმაზე მეტი უფლებებით აღიჭურვოს, ვიდრე მის ფუნქციებშია გაწერილი. კანონის დარღვევა ნორმად რომ იქცა ამ საბჭოსთვის, დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. კიდევ ერთხელ მივმართავთ სამეურვეო საბჭოს - შეწყვიტოს თანამშრომელთა უფლებების შემლახავი მოქმედებები და დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. უფლებამოსილების გადამეტება კანონით ისჯება", - ნათქვამია განცხადებაში.