"თელიასონერა": კომპანია საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას უცვლელად აგრძელებს

"თელიასონერას" ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი ერიმ ტაილანლარი აცხადებს, რომ კომპანია "საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას უცვლელად აგრძელებს". კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენლის, ლევან გიორგაძის მიერ პარლამენტში, კონუმიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სპეციალური განცხადება ერიმ ტაილანლარიმ გააკეთა. 

"თელიასონერა კვლავინდებურად აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ბაზარზე და განიხილავს თავის ინვესტირებას ქვეყანაში, როგორც კომპანიის გრძელვადიან საქმიანობას. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "თელიასონერა" განიხილავს საქართველოდან თავისი ინვესტიციების გატანას, არასწორი და სრულიად უსაფუძვლოა. ეს საკითხი დღის წერსიგში არ დგას და თელიასონერა კვლავინდებურად განაგრძობს თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ქართული ბაზარი მზარდია და ამ ეტაპზე ჯეოსელის საქართველოს ბაზარზე არსებობას განვიხილავთ გრძელვადიანი მომავლის პერსპექტივით. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ვაწარმოებთ რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგს მობილური კომუნიკაციების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი. ჯეოსელი საქართველოში მსხვილი ინვესტორი და დამსაქმებელია, რომელიც მუდმივად ნერგავს სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. გვჯერა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა კვლავაც შევინარჩუნოთ მათი ჩვენდამი ნდობა" - აცხადებს "თელიასონერას" ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი.

ცნობისთვის, "თელიასონერას" საქართველოდან შესაძლო გასვლისა და ინვესტიციების გატანის თაობაზე პარლამენტში თავად "ჯეოსელის" წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ ისაუბრა. გიორგაძემ პარლამენტის საგარემოძიებო კომისიის სხდომაზე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ლიცენზიის გაგრძელებისას საფასურის გამოთვლის წესზე და ამ მიმართულებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება.

კერძოდ, როგორც კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენელმა განმარტა, კონუმიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილება შეიტანა და იმგვარი ფორმულა მიიღო, რომ თუკი "ჯეოსელს" მთელი წლების განმავლობაში, თავდაპირველი ფორმულის გამოყენებით, ერთი კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად 34 მილიონი გადახდა უწევდა, ახალი ფორმულით 48 მილიონი გადაიხადა.

"როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტება და როგორი დაზუსტებაა, როცა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14-მილიონიან სხვაობას იძლევა?! ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვცდილობდი ამ ხალხისთვის მარტივი ლოგიკა ამეხსნა, რომ დავუშვათ ჩვენ ვართ სუბიექტურები, არ გვინდა ზედმეტი თანხის გადახდა, არ ვზრუნავთ სახელმწიფოზე და ასე შემდეგ, რაც მათი მხრიდან ერთ-ერთ მოტივაციად იყო გაჟღერებული, ვეუბნები, რომ თუ თქვენ მართლები ხართ, გამოდის რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ყველა წევრი კანონს არღვევდა და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანს აყენებდა. მე მათი ლოგიკა ვერ ავხსენი, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ცალსახად უკანონოდ 48 მილიონს ვიხდით, რომელიც მძიმე ტვირთია და ოთხი ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც დაახლოებით ორი წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ და დამფუძნებლების მხრიდან - როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დამფუძნებელი "თელიასონერაა", უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს" - განაცხადა ლევან გიორგაძემ კომისიის დღევანდერლ სხდომაზე.