გამოსაშვები გამოცდები 12 ოქტომბრიდან დაიწყება

გამოსაშვები გამოცდები 12 ოქტომბრიდან დაიწყება

საქართველოს მასშტაბით გამოსაშვები გამოცდები 12 ოქტომბრიდან დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ყველა რაიონის 1600-ზე მეტ სკოლაში მოსწავლეები გეოგრაფიის დავალებებზე მუშაობას 09:00 საათზე დაიწყებენ. საგამოცდო პროცესში ჩართულია 2000-ზე მეტი მეთვალყურე. 

2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება - ოქტომბრის პირველ ნახევარში მეთორმეტე კლასელები გამოცდებს 4 საგანში ჩააბარებენ - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში რომელიმე გამოცდაზე ზღვარს ვერ გადალახავენ ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

ცვლილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში გაიმართება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს ჩააბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ახალი სქემა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.

მოსწავლემ გამოცდაზე უნდა იქონიოს მხოლოდ საგამოცდო ბარათი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ. ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.